Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალხმრავალ ადგილებში კვლავ თავს იჩენს ასაფეთქებელი ნივთიერებები


ერთი კვირის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას გორში მომხდარი ტერაქტის გამოძიების მასალებს გააცნობს.

პარალელურად საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ, კანონში ცვლილებით, გაამკაცრა სასჯელი ტერორიზმის დაფინანსების პასუხისმგებლობისათვის. ბოლო დროის კრიმინალურ ქრონიკებში კი ხშირად ჩნდება ცნობები საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტად არის დაცული ტერორისტული საფრთხისგან.


ერთი კვირის შემდეგ შეერთებული შტატებიდან დაბრუნებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოსახლეობას მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის გორის მილიციის განყოფილებასთან მომხდარი ტერორისტული აქტის დეტალებზე. თებერვლის დასაწყისში, ტროტილით დანაღმული ავტომანქანის დისტანციური მართვის მოწყობილობით აფეთქების შედეგად, ადგილზე ხუთი ადამიანი დაიღუპა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, რის გამოც იმხანად გამოითქმებოდა მოსაზრება, რომ ტერაქტის საქმე გაუხსნელი დარჩებოდა. თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის პრეს-მდივანმა გურამ დონაძემ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, გორის ინციდენტი ნაწილობრივ უკვე გახსნილია.
[გურამ დონაძის ხმა] “ალბათ, იქითა კვირის დასაწყისში ყველაფერს იტყვიან, რა. ნაწილობრივ გახსნილსავით არის.”(სტილი დაცულია)

მანამდე კი ყოფილი უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ამიერიდან უკვე შინაგან საქმეთა გაერთიანებულ სამინისტროში აგრძელებენ მუშაობას, ყოველდღე ღებულობენ სიგნალებს ხალხმრავალ ადგილებში უპატრონოდ მიტოვებული საეჭვო ნივთების შესახებ. 22 თებერვალს საღამოს ასეთი შეტყობინება რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან მოვიდა, თუმცა ალყაშემორტყმული შენობიდან ამოღებული ფხვნილი ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, 23 თებერვალს ფოთთან ახლოს, ყულევის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ბომბი, რომელიც 50 კილოგრამამდე ასაფეთქებელ ნივთიერება ტროტილს შეიცავს. ამ ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში საზღვაო ავიაციის საწვრთნელი პოლიგონი არსებობდა, სადაც დიდი რაოდენობით აუფეთქებელი საავიაციო ბომბია მიმოფანტული. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ ტერიტორიის განაღმვა საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით გადაწყდება.

[გივი თარგამაძის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ, ზოგადად, არსებობს ძალიან სერიოზული გრანტები ნატოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განაღმვაზე. ასე რომ, შესაძლებელია, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლოს ამ გრანტის მოპოვება და ამ პროცესის რეალურად დაწყება. იმიტომ რომ, ყულევის გარდა, საქართველოში კიდევ არის სხვა ტერიტორიები, სადაც ამ ჭირისაგან გათავისუფლება რეალურ შვებას მოუტანს მოსახლეობას.”(სტილი დაცულია)

ჩვენთან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე შეეხო საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც კომიტეტმა ეუთოს ოქმის მოთხოვნის თნახმად მოამზადა. კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსში შევა დამატება, რომელიც ტერორიზმის დაფინანსებისათვის ბრალდებული პირის 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იმავე დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მონაწილეობით კი - 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG