Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური უმცირესობები ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ


საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ საზოგადოების პოლიეთნიკურობა საქართველოს სიმდიდრეა,

თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარება იძლევა იმის საბაბს ვიფიქროთ, რომ მოქმედი ხელისუფლება, ისევე როგორც წინამორბედი, ქვეყნის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს. აქედან გამომდინარე, იქმნება უამრავი პრობლემა, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო მწვავედ იჩენს ხოლმე თავს. რა აწუხებთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს და რას ურჩევენ ისინი ხელისუფლებას?

“საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური უფლებები უხეშად ირღვევა. მათი აზრით, ამ მხრივ მდგომარეობა არც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შეცვლილა. ქართველ-სომეხთა გაერთიანება “ნორსერუნდის” წარმომადგენელი მარია მიქოიანი ამბობს, რომ ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო სამსახურში შესვლა კვლავინდებურად გადაულახავ წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული:

[მარია მიქოიანის ხმა] “საქმე ისაა, რომ ჩვენი პოლიტიკოსები მუდმივად რაღაც ინტეგრაციაზე საუბრობენ მაღალფარდოვანი სიტყვებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ნებისმიერ სამსახურში ვერ მოეწყობი, ვერ მოეწყობი იმიტომ, რომ მუდმივად მიმდინარეობს ეთნიკური წარმომავლობის ქექვა.”(სტილი დაცულია)

არადა, ეთნიკური უმცირესობები საქრთველოს მოსახლეობის 16 პროცენტს შეადგენენ. თუმცა სულ რაღაც ათი წლის წინ მათი რიცხვი ორჯერ მეტი იყო. საქართველოს რუსულენოვან ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აიდინოვი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შემცირების ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება:

[მიხეილ აიდინოვის ხმა] “მასშტაბური ემიგრაციის პროცესი დღემდე გრძელდება. თავად განსაჯეთ: დუხობორები, რომლებიც ნინოწმინდის რაიონში 180 წლის წინ დასახლდნენ, უახლოეს თვეებში ტულის ოლქში წასვლას აპირებენ, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ ხალხმა ორი საუკუნის მანძილზე არქიტექტურისა და სულიერი კულტურის უნიკალური ძეგლები შექმნეს. ყველაფერი ეს, ალბათ, განადგურდება. არადა, პოლიეთნიკურობა, მართლაც რომ, საქართველოს სიმდიდრეა. ხოლო ის მრავალფეროვნება, რაც ჩვენს ქვეყანაშია, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობას.”

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ხელისუფლებას უყურადღებობის გამოც აკრიტიკებენ. “ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, სხვა სამშობლო ჩვენ არ გაგვაჩნია,” - ამბობს ალი ბაბაევი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა “საქართველო ჩემი სამშობლოა”.

[ალი ბაბაევის ხმა] “თუ ვართ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, თუ ვართ ამ საზოგადოების შვილები, - 1,5 მლნ ეთნიკური უმცირესობაა საქართველოში, - თუ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, პატივი უნდა გვცეთ და ჩვენც უნდა გაგვიგოთ, ჩვენი პრობლემები გულთან ახლოს უნდა მიიტანოთ და გაიზიაროთ ეს ყველაფერი.”

ბაბაევის თქმით, სამთავრობო სტრუქტურებში გაგზავნილი ყველა წერილი თუ შეტყობინება, როგორც წესი, უპასუხოდ რჩება, ხოლო ეროვნული უმცირესობებით ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების წინ ინტერესდება. არადა, პრობლემები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობის გაუცხოებას უწყობს ხელს, ისედაც ყველასათვისაა ცნობილი. სწორედ ამ პრობლემების გასანეიტრალებლად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ეროვნულ უმცირესობათა საინტეგრაციო პოლიტიკის კონცეფციაზე მუშაობს.

[ელენე თევდორაძის ხმა] “ყველაფერი მიმართულია იქით, რომ მათ მიეცეთ საშუალება აქტიურად ჩაერთონ თავიანთი ქვეყნის აღმშენებლობაში. იმის გამო, რომ არ იციან ქართული ენა, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა არ გვივარგა, იმიტომ რომ არ გვაქვს გზები, იმიტომ რომ იქ არ ჩადის დროზე ინფორმაცია, - აი, ეს არის ჩვენი კონცეფციის ძირითადი მიმართულებები.”

კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, კონცეფცია საფუძვლად დაედება სამოქალაქო ინტეგრაციის კანონთა პაკეტს, რომლის მიღებას საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე აპირებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG