Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოლარი და საერთაშორისო სავალუტო რეზერვები


აშშ-ის ვალუტას გასავალი რომ არა მარტო თვით აშშ-ში აქვს, კარგად არის ცნობილი. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის, მათს შორის საქართველოს მოსახლეობაში ამერიკული დოლარის ხმარებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ,

სახელმწიფოთა ცენტრალურ ბანკებში საერთაშორისო სავალუტო რეზერვი უმეტესწილად სწორედ ამერიკული დოლარებისაგან შედგება. მაგრამ დოლარი, როგორც ირკვევა, თანდათან თმობს პოზიციებს: არაერთი ქვეყნის ეროვნული ბანკი მზარდ ინტერესს იჩენს ევროპული ვალუტის - ევროს მიმართ.

ყველაფერი რუსეთში დაიწყო. იქ ცენტრალურმა ბანკმა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე შეამცირა დოლარის წილი ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში. შემდეგ ინდონეზიამ გამოაცხადა, რომ იგივეს გააკეთებს. ამ კვირაში კი ორ ქვეყანაში გაკეთდა საყურადღებო განცხადებები: ბაჰრეინის ცენტრალური ბანკის მეთაურმა ევრო დაასახელა ვალუტად, რომელიც სულ უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვისთვის. სამხრეთმა კორეამ კი გაავრცელა ცნობა, რომ აპირებს, გაყიდოს დოლარის რეზერვის ნაწილი. მოკლედ, ლაპარაკია “დივერსიფიკაციაზე”, ანუ რეზერვის არა მარტო ერთ ვალუტაში შენახვის ტენდენციაზე, რომელიც ამჟამად, როგორც ნიუ-იორკელი ექსპერტი აშრაფ ლაიდი ამბობს, აქტუალური საკითხია.

[ლაიდის ხმა] “ეს საკითხი იმიტომ წამოიჭრა, რომ ცენტრალური ბანკების შეშფოთებას იწვევს ვალუტა (ლაპარაკია დოლარზე), რომელმაც ბოლო 3 წლის მანძილზე თავისი ღირებულების 30 პროცენტი დაკარგა. მათთვის გონივრულია, შეინახონ ის, რაც ღირებულებას არ კარგავს.”

დანამდვილებით არავინ იცის, რამდენ ქვეყანაში მიმართავენ ამ - ნიუ-იორკელი ექსპერტის შეფასებით - გონივრულ ზომას, მაგრამ ერთ-ერთი გამოკვლევის მიხედვით, მრავალმა ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა ევროს წილი თავის საერთაშორისო სავალუტო რეზერვში.

აშრაფ ლაიდი ამბობს: [ლაიდის ხმა] “რუსეთს 2 წლის წინ ამერიკულ დოლარებში ჰქონდა რეზერვის თითქმის 90 პროცენტი, დღეისთვის კი დოლარის წილი 80-ც პროცენტზე ქვემოთ დაეცა. ზოგი ცენტრალური ბანკი ან განიხილავს ასეთი ზომების შესაძლებლობას, ან უკვე ახორციელებს მათ. ბევრი ცენტრალური ბანკი არ ავრცელებს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, რეზერვის რა წილი მოდის რა ვალუტაზე. მაგრამ ვალუტით მოვაჭრეებს აქვთ საფუძველი ივარაუდონ - რომ სახეზეა დოლარში რეზერვების შემცირების ტენდენცია. თუმცა პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობს”.

არის თუ არა ეს ტენდენცია საქართველოში? ამის განმარტება ეკონომიკის საკითხებში ჩვენს ექსპერტს, ზაზა გაჩეჩილაძეს ვთხოვეთ: [ზაზა გაჩეჩილაძესთან ინტერვიუ - იხ. აუდიოჩანაწერი]

მაგრამ რაც უნდა ძლიერი იყოს დოლარის პოზიცია საქართველოში, ან მის მეზობლად, რის შესახებაც ჩვენმა ექსპერტმა ზაზა გაჩეჩილაძემ ისაუბრა, ან რაც უნდა უერთგულოს დოლარს ეკონომიკურად ძლიერმა იაპონიამ (რომელიც არ აპირებს თავის რეზერვებში ევროს წილის გაზრდას) - დოლარისადმი დამოკიდებულებაში ცვლილება მაინც სახეზეა და, როგორც ექსპერტები ამბობენ, მნიშვნელოვანია. თუნდაც იმიტომ, რომ, როცა ცენტრალური ბანკები დოლარის რეზერვის ნაწილს ჰყიდიან, დოლარი საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე იაფდება.

ამიტომ წინასწარმეტყველებს არაერთი ექსპერტი, რომ გარკვეულ ხანში ევრო სერიოზულ კონკურენციას გაუწევს დოლარს, როგორც მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ვალუტას...

ასე ფიქრობს, მაგალითად, ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორი მალკოლმ სოიერი: [სოიერის ხმა] “წარმომიდგენია პერიოდი, ასე 10-20 წელიწადში, როცა ევროსა და დოლარს თანაბარი სტატუსი ექნებათ, მაგრამ მანამდე დრო ჩაივლის. დღეს ვაჭრობაში მეტწილად დოლარებს იყენებენ, ბევრი საქონლის ფასი დოლარებით განისაზღვრება - მაგალითად ნავთობის. და დოლარს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სცნობენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ დოლარი დომინანტურ როლს კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს”.
XS
SM
MD
LG