Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალმა სტუდენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, შესაძლებელია თუ არა ნინი ჟირაფი იყოს


საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველი აბიტურიენტები ზაფხულში ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ. შესაბამისი მოდელი შეფასებისა და

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა და წლევანდელი მისაღები გამოცდების ჩატარების პასუხისმგებელიც სწორედ ეს ცენტრია. გამოცდების ახალი მოდელის კიდევ ერთ პრეზენტაციას ამჯერად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. მინდა განათლების მინისტრისთვის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ შეხვედრაზე მოგითხროთ.

ეროვნულის სტატუსი უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებელმა გამოცდებმაც მიიღო. ამ ეგიდით აბიტურიენტებს სამი და, ცალკეულ შემთხვევებში, ოთხი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. სავალდებულოა ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და ზოგად უნარებად წოდებული გამოცდის ჩაბარება. მათემატიკის გამოცდის დანიშვნა კი განათლების სამინისტრომ თავად უმაღლეს სასწავლებლებს ანდო. ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის დამკვიდრება, რასაც წინ უძღოდა უმაღლესი განათლების კანონის დამტკიცება და სასწავლებლების აკრედიტაცია, საქართველოს განათლების სისტემას ევროპული საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად აქცევს - ამბობს განათლების მინისტრი კახა ლომაია:

[კახა ლომაიას ხმა] ,, ყველა აბიტურიენტის ცოდნა შეფასდება ერთიანი მიდგომებითა და ერთიანი კრიტერიუმებით. სისტემა იძლევა შესაძლებლობას მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასოთ ყველა აბიტურიენტის ნაშრომი და მესამე არის ის, რომ ეს სისტემა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პრაქტიკულად ნულამდე დავიყვანოთ კორუფცია.” (სტილი დაცულია)

კახა ლომაიასთვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული პრეზენტაცია ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი აღმოჩნდა, რადგან მინისტრი არც გაუკრიტიკებიათ და მისთვის არც ტესტების შევსება მოუთხოვიათ. მათ კი, ვისაც ზაფხულში ტესტების ჩაბარება მოუწევთ, ნაშრომებს შეუმოწმებს მინიმუმ ორი გამსწორებელი და თუკი მათი შეფასება ერთმანეთს არ დაემთხვევა, საქმეში მესამე ჩაერთვება. თუმცა კახა ლომაია აბიტურიენტებს ჰპირდება, რომ მათ ნაშრომებს ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტები შეამოწმებენ. ამასთან, დაცული იქნება ანონიმურობა და არც ერთ გამსწორებელს არ ეცოდინება, თუ კონკრეტულად ვის ნააზრევს ამოწმებს. არაქართველი აბიტურიენტები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ: ქართული ენის გამოცდას გამარტივებული სასკოლო პროგრამით ჩააბარებენ, უნარების ტესტს კი - რუსულად. რამდენად ეფექტური იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა, ამას ვერც წელს დავადგენთ და ვერც მომავალ წელს:

[გიგი თევზაძის ხმა] ,,თავისთავად რამდენად ეფექტური იყო ეს სისტემა საბოლოო ჯამში, ალბათ, ამას გავიგებთ 5 წლის მერე, 6 წლის მერე, 7 წლის მერე, აი, ნამდვილ ეფექტურობას. თავისთავად ჩვენ შეიძლება მოვთხოვოთ უმაღლეს სასწავლებლებს, დავუშვათ, ერთი წლის მერე შეადარონ იმ სტუდენტების წარმატება, რომლებმაც ჩააბარეს და წარმატებულად ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, წინა წლების სტუდენტების წარმატებას.” (სტილი დაცულია)

თუმცა გიგი თევზაძეს, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების იდეის ერთ-ერთი ავტორია, უარყოფით შედეგში ეჭვი ეპარება. მიუხედავად ამისა, თუკი წარმატების მოლოდინი არ გამართლდება, განათლების სამინისტრო გარკვეულ ცვლილებებზე იფიქრებს. მანამდე კი აბიტურიენტები, რომელთა რეგისტრაცია 1 მარტიდან საქართველოში გახსნილ 73 პუნქტში დაიწყება, უკვე დაბეჭდილი საგამოცდო ტესტების შინაარსზე ფიქრობენ. ყველაზე მეტად მათ ზოგადი უნარების გამოცდის ეშინიათ.
,,მხოლოდ ჟირაფებს აქვთ ფრთები. ნინის აქვს ფრთები. დავუშვათ, ეს ორი დებულება ჭეშმარიტია. რომელი დასკვნა გამომდინარეობს აქედან:
ა. ზოგიერთი ფრთიანი არსება არაა ჟირაფი;
ბ. ნინი ჟირაფია;
გ. ყველა ჟირაფს აქვს ფრთები;
დ.შეუძლებელია ნინი ჟირაფი იყოს”
ეს ზოგადი უნარების ტესტის ერთ-ერთი შეკითხვაა და მიზნად აბიტურიენტის ლოგიკის შემოწმებას ისახავს. მომავალი სტუდენტების მიერ ამ და სხვა გამოცდების პატიოსნად ჩაბარების პროცესს დამკვირვებლები და ვიდეოკამერები გააკონტროლებენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG