Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება იწყება


საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა საპრივატიზაციოდ გაიტანოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწები. პრივატიზაციის პროცესი პარლამენტის

მიერ ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების შესახებ“ კანონის დამტკიცების შემდეგ დაიწყება. მთავრობა შესაბამის კანონპროექტს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს დღეებში წარუდგენს. შეუწყობს თუ არა ხელს სასოფლო-სამეურნეო მიწების განსახელმწიფოებრიობა საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის გამოცოცხლებას?

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების 55 პროცენტი 1992-98 წლებში სოფლის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადაეცა. მაშინდელი ხელისუფლება თავს იწონებდა, რომ ამით მილიონამდე სამუშაო ადგილი შექმნა. თუმცა მაშინ არავინ დაფიქრებულა ამ ნაბიჯის ეფექტურობაზე. მსოფლიო ბანკის ექსპერტის ნოდარ კაპანაძის განცხადებით, სოფელი სულ უფრო და უფრო ღარიბდება:

[ნოდარ კაპანაძის ხმა] ”სოფლად სრული დასაქმების პირობებში მცხოვრები მოსახლეობა ამ დასაქმებიდან ვერაფერსაც ვერ ღებულობს. ვინაიდან 0,8 ჰექტარი, რომელსაც, საშუალოდ, 1 შინამეურნეობა სოფლად სამეურნეოდ იყენებს, არაეფექტური დასაქმების საშუალებაა და ამ რესურსზე რაიმე სერიოზული ინვესტირების განხორციელება შეუძლებელია.”

მიწის ქონებად ქცევის მიზნით, რაც საქართველოს რეგიონებში ეკონომიკის გამოცოცხლებასაც განაპირობებს, საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 465 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზება გადაწყვიტა. აქედან 300 ათასი ჰექტარი იჯარითაა გაცემული. კანონპროექტის მიხედვით, მიწის განსახელმწიფოებრიობა სამი ფორმით განხორციელდება: იჯარით გაცემული მიწების პირდაპირი მიყიდვის წესით; მოიჯარის მიერ მიწის შესყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიწა ღია აუქციონზე გავა, ხოლო იჯარით გაუცემელი მიწები დახურული აუქციონის წესით გაიყიდება.

ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის განმარტებით, საპრივატიზაციო მიწის ფასი მიწის გადასახადის ათმაგი ოდენობით განისაზღვრება და მყიდველს მისი დაფარვის უფლება 9 წლის განმავლობაში ექნება.

კანონი ფასის ერთბაშად გადახდასაც ითვალისწინებს, რაც, ბენდუქიძის თქმით, მყიდველებს გაცილებით იაფი დაუჯდებათ.

სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ, პრივატიზაციის შედეგად, 9 წლის განმავლობაში ბიუჯეტში 40 მილიონი ლარი შევა. კიდევ რა შედეგს მოიტანს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზება? - ამ შეკითხვით მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორს ჯაბა ებანოიძეს მივმართე.

[ჯაბა ებანოიძის ხმა] ”პირველი, ეკონომიკური ეფექტი, რაც ყველაზე შესამჩნევი იქნება, რასაც დიდი დრო არ დასჭირდება - როგორც კი ეს მიწები გახდება კერძო საკუთრება და ეს მიწები იქნება მსხვილი მიწის სახით, ქვეყანაში გაჩნდება ქონება და კაპიტალი. მეორე, როგორც კი მიწას აქვს საბაზრო ღირებულება, ბანკი უპრობლემოდ გასცემს კრედიტს...”(სტილი დაცულია)

ჯაბა ებანოიძე მიწის პრივატიზების კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია. მას და სხვა ექსპერტებს სჯერათ, რომ პრივატიზებით სოფლად ეკონომიკის გამოცოცხლებას შეუწყობენ ხელს. თუმცა სოფლად მიწების გამსხვილებას აქვს მეორე მხარეც, უარყოფი: სოციალური სფეროს ექსპერტების აზრით, მიწების გამსხვილება და კოოპერაციული მეურნეობების ჩამოყალიბება სოფლად დასაქმებულთა რაოდენობას შეამცირებს, რაც, ჯაჭვური რეაქციით, ქალაქად უმუშევართა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG