Accessibility links

logo-print

4 მარტს რომში საქართველოს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება


საქართველოს პრეზიდენტის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, 4 მარტს რომში, საერთაშორისო ვაჭრობის იტალიურ ინსტიტუტში, საქართველოს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება.

ფორუმის მიზანი, ერთი მხრივ, ახალგაზრდა ქართული ბიზნესის მიღწევებისა და პოტენციალის აფიშირებაა, მეორე მხრივ კი, უცხოელი ინვესტორებისა და პარტნიორების მოზიდვა. აქედან მომდინარეობს ფორუმის სახელწოდებაც “ინვესტ ინ ჯორჯია”, ანუ ინვესტირება საქართველოში. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, იტალიაში ვიზიტამდე დარჩენილი ათიოდე დღით ადრე, ფორუმში მონაწილეობის მოსურნე ქართველი ბიზნესმენების რეგისტრაცია გრძელდება. შეიძლება უკვე ითქვას, რომ რეგისტრირებული ბიზნესმენების რიცხვი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოთვლილ სავარაუდო ლიმიტს აღემატება.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტოს დირექტორის დავით ნატროშვილის განცხადებით, რომის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეთა საერთო რაოდენობა, დღეის მონაცემებით, დაახლოებით 100 კაცს შეადგენს. ამ რიცხვში შედიან მთავრობის წარმომადგენლებიც - დაახლოებით 30-40 კაცი.

[დავით ნატროშვილის ხმა] “დანარჩენი 60-70 ბიზნესმენია. გრძელდება რეგისტრაცია. ჩვენ რაღაც დონეზე ამას შევწყვიტავთ, იმიტომ რომ, საერთოდ, ჩვენ ვცდილობთ 40-დან 50 ბიზნესმენის წაყვანას, რო ამ შეხვედრას ეფექტური ის ჰქონდეს.” (სტილი დაცულია)

ფორუმის ორგანიზატორი მხარე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ქართველ ბიზნესმენებს ამ ვითარებისთვის სრულიად ადეკვატურ სერვისს სთავაზობს:

[დავით ნატროშვილის ხმა]” ჩვენ წინასწარ ბიზნესმენებს ვეკითხებით, თუ აქვთ რაიმე ბიზნესპროექტი. სფეროების მიხედვით ვგზავნით, ამ შემთხვევაში, იტალიაში, რომ მოვუძებნოთ მათი კონტერპარტები. თუ აინტერესებთ ვინმეს მოწვევა ან თუ აინტერესებთ რაიმე კონკრეტულ ფირმასთან შეხვედრა, მაგ შეხვედრებსაც ჩვენ ვუწყობთ.”

კონფერენციის დღის წესრიგის ოფიციალური განრიგი პრაქტიკულად უკვე საათების მიხედვითაა გაწერილი. მომხსენებლებს შორის არიან, ძირითადად, საქართველოს მთავრობის წევრები, მინისტრები, წარმატებული ბიზნესმენები. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბიზნესმენთა ფედერაციაში დანიშნულ საგანგებო შეხვედრაზე ბიზნესმენთა ერთ ნაწილს “ინვესტ ინ ჯორჯიას” თაობაზე მხოლოდ 24 თებერვალს აცნობეს, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ფორუმის ორგანიზებაში ხარვეზებიც შეინიშნება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ხარვეზები დაბრკოლება არ არის მათთვის, ვინც საკუთარი საქმის რეკლამირებითა და გაფართოებითაა დაინტერესებული. მოუსმინეთ საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ისაკაძეს:

[გიორგი ისაკაძის ხმა]”ძირითადად, აქ არის საუბარი ყველა იმ საწარმოზე, რომელსაც მეტ-ნაკლებად ექსპორტზე აქვს ორიენტირებული თავისი პროდუქცია. თუმცა არის გარკვეული სერვისებიც - მაგალითად, კომერციულმა ბანკებმა, საკონსულტაციო ცენტრებმაც გამოხატეს ეს ინტერესი. ასე რომ, თვითონ ეს თემატიკა ძალიან მახარებს, რომ ინტერესი არის და, რაც მთავარია, საშუალებაც აქვთ, რომ იტალიაში წავიდნენ, იმიტომ რომ ბიზნესი ამას თვითონ აფინანსებს.”(სტილი დაცულია)


საქართველოს პირველი საინვესტიციო კონფერენცია გასული წლის ბოლოს, 11 ნოემბერს, ლონდონში მოეწყო. რომის შემდეგ ანალოგიური ფორუმები გაიმართება ბერლინში, ნიუ-იორკში, ტოკიოში, დელიში და ა.შ. ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოს გათვლებით, კონფერენციათა გამართვის ოპტიმალური პერიოდულობა წელიწადში ორი კონფერენცია უნდა ყოფილიყო, თუმცა, არსებული რეალობით, ტემპი აშკარად დაჩქარებულია.

[ვახტანგ ბუცხრიკიძის ხმა]”აუცილებლად. ჩვენ ლონდონშიც მივიღეთ მონაწილეობა და ამაშიც მივიღებთ, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია იმავე უცხოელი ინვესტორების მოზიდვის კუთხით ასეთი ღონისძიებების ჩატარება.”

ეს “თიბისი” ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე იყო.
ახლა კი რაც შეეხება მთავარს, ანუ ეკონომიკური ფორუმების ეფექტურობასა და საქვეყნო სარგებელს: თუ ეკონომიკის სამინისტროს საინვესტიციო სააგენტოს პროგნოზით ვიხელმძღვანელებთ, საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმების პირველადი მიზანი ქვეყნის წარმოჩენაა, მეორადი მიზანი კი -ინვესტიციების მოზიდვა. პირველადი მიზანი, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, მიღწევადია. უფრო რთულია ეგრეთ წოდებულ მეორად მიზანში წარმატება. ყოველ შემთხვევაში, ასეთია რეალობა ლონდონის კონფერენციის შემდეგ.
XS
SM
MD
LG