Accessibility links

ხვალიდან თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვიზიტი იწყება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი თბილისში 25 თებერვლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი იწყება. ვიზიტის ფარგლებში, ფონდის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს,

პრემიერ-მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდებიან. მინდა ფონდის წინასწარი განწყობისა და დაგეგმილი შეხვედრების შესახებ გესაუბროთ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მისი ხელმძღვანელის, ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პაულო ნეუჰაუზის მეთაურობით, 25 თებერვალს თავის სამუშაო ვიზიტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყებს.
სავალუტო ფონდის მისიის ამჟამინდელი სტუმრობის მიზანია: ”სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” პროგრამის მიმდინარეობის განხილვა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებისა და სტრუქტურული რეფორმების საკითხების მიმოხილვა.
ეროვნულ ბანკში იმედოვნებენ, რომ “სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის” პროგრამის მიმოხილვა ამჯერადაც წარმატებით ჩაივლის. ამ პროგრამის ფარგლებში გასულ წელს სავალუტო რეზერვების შესავსებად მიღებული ორი ტრანშის შემდეგ, წელს, ე.წ. მიმოხილვის პოზიტიურად შეფასების შემთხვევაში, დირექტორთა საბჭო მორიგი ტრანშის გამოყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ტრადიციულ თემებთან ერთად, ნეუჰაუზის მისია ცალკეულ კონსულტაციებს გამართავს სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან წელს დაგეგმილ თანხებთან დაკავშირებით. 2005 წელს, სახელმწიფო ქონების განკერძოების შედეგად, საქართველო 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტს ელოდება. ფონდი აუცილებლად დაინტერესდება ამ თანხების მიზნობრივი ხარჯვის საკითხებით და იმით, თუ რა გავლენას მოახდენს ქვეყნის მაკროეკონომიკურ გარემოზე ეს რეკორდული შემოსავალი. საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ფიქრობს, რომ ფონდის მხრიდან ამ თემის წამოწევა სავსებით ლოგიკური იქნება, მთავარია, რა პრიორიტეტებს შესთავაზებს მთავრობა და რას მოხმარდება პრივატიზებიდან მიღებული შემოსავალი:
[გიორგი ცუცქირიძის ხმა] “თუ დააყენებს სავალუტო ფონდი ამ მოთხოვნას, მთავარი პრიორიტეტი რაც აქვს ქვეყანას, სწორედ იქ უნდა გადანაწილდეს ეს თანხები. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ენერგეტიკა, ტრანსპორტი – საგზაო კომუნიკაციები და უნდა იყოს სპეციალური სოციალური პროგრამები. შეიძლება ეს პროგრამები დღეს უფრო ძვირია, ვიდრე ბიუჯეტს აქვს ამის საშუალება, მაგრამ სავალუტო ფონდთან უნდა დადგეს საკითხი, თუ რას ვაპირებთ ჩვენ სამომავლოდ, ანუ რა ტიპის სოციალური პროგრამები უნდა დაფინასდეს. აი, ეს საკითხები უნდა დაისვას.”
საინტერსოა, რომ ნეუჰაუზის მისია პირველად შეხვდება ზურაბ ნოღაიდელს პრემიერ-მინისტრის რანგში, რომელთანაც ფონდს ფინანსთა მინისტრობის პერიოდში საკმაოდ კონსტრუქციული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი 25 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით შედგება.
თავად “სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამა“ სამწლიანია და დაახლოებით 150 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ფონდის კრედიტები, ტრადიციულად, მხოლოდ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას ხმარდება, რომლის მოცულობა, დღეის მდგომარეობით, 400 მლნ აშშ დოლარზე მეტია.
XS
SM
MD
LG