Accessibility links

logo-print

“განბაჟუიტე, განბაჟუიტე ...”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასული კვირის საქართველოს პრესისთვის თვალის ერთი გადავლებაც კმარა, რათა დარწმუნდე, რომ ახალი ხელისუფლების მოღვაწეობა და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები

თუ სიახლეების დანერგვა საზოგადოების მოწონებას ყოველთვის არ იმსახურებს. ნათქვამი ეხება როგორც საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვას, ისე ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებას და სხვა საკითხებს.

22 თებერვლის გაზეთ “რეზონანსის” ცნობით, “საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კანცელარიაში ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობა იზღუდება. კანცელარიის პირველი სართული, სადაც მედიის წარმომადგენლები მთავრობის წევრებზე “ნადირობდნენ”, მათთვის ჩაიკეტება”.

გაზეთი წერს: “სწორედ პირველი სართულის ლიფტით სარგებლობდნენ მინისტრები თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირები, როცა პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიდიოდნენ.”

“აღნიშნული შეზღუდვის მიზეზად პრეზიდენტი ცივილიზებულ ფორმებზე გადასვლას ასახელებს და, მაგალითად, ამერიკა, გერმანია და სხვა განვითარებული ქვეყნები მოჰყავს. კანცელარიაში აკრედიტებული ჟურნალისტების აზრით კი, უკეთესი იქნებოდა ცივილიზებულ ფორმებზე გადასვლა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, საკითხებით დაეწყოთ. პრეზიდენტის აკრძალვას კორესპონდენტები უარყოფითად აფასებენ. ისინი აცხადებენ, რომ მედია იზღუდება და სახელმწიფო კანცელარია ინფორმაციის თვალსაზრისით ჩაიკეტა.”

გაზეთ “რეზონანსის” 24 თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულია ჟურნალისტების შეზღუდვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ “რევოლუციური ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოსვლიდან დღემდე ცენზურა ტელევიზიაში სულ უფრო დიდ მასშტაბებს იღებს.”

გაზეთის თქმით, “იმას, რომ ტელეკომპანიების ჟურნალისტებს ფაქტებისა და მოვლენების სრულფასოვანი გაშუქების საშუალება არა აქვთ, დეპუტატებიც ადასტურებენ. პარლამენტარებთან საუბრისას ტელეკორესპონდენტები ხშირად წუწუნებენ იმის გამო, რომ ყოველდღიურად სხვადასხვა დირექტივის შესრულება უწევთ. გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კერძო თუ სახელმწიფო ტელევიზიებში მათი მოსაზრებების დაბლოკვა ხდება. ხშირ შემთხვევაში არ შუქდება ოპოზიციის პრესკონფერენციები და სხვადასხვა ინიციატივები.”

“ცენზურის ერთ-ერთი იარაღი “სახელმწიფოებრივი ინტერესის” ცნების მოშველიებაცაა.”

რაც შეეხება საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებულ წერილებს, 22-23 თებერვლის გაზეთ “ალიას” თქმით, “ახალი საგადასახადო კოდექსი მცირე მეწარმეებმა მის მიღებამდე ამაოდ აპროტესტეს. ძველი კოდექსით, საწარმოს, რომელსაც 100 ათას ლარამდე ბრუნვა ჰქონდა წლიურად, შეეძლო შემოსავლიდან 5%-იანი ფიქსირებული გადასახადი ეხადა, მაგრამ “ვარდოსნებმა” ეს გადასახადი გააუქმეს და ახლა მცირე საწარმოც იმავე განაკვეთს იხდის, როგორც მცირე ბიზნესი."

"რა დღეშია ამ ფონზე მცირე ბიზნესი?”

გაზეთმა ამ კითხვით მიმართა საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარეს ანზორ საკანდელიძეს, რომელმაც განაცხადა: “რაც ახალი საგადასახადო კოდექსი ძალაში შევიდა, ის მცირე საწარმოები, რომლებსაც მანამდე 100 ათას ლარამდე ბრუნვა ჰქონდათ, გაჩერდნენ და იატაკქვეშეთში გადავიდნენ. ასევე ამოღებულია ახალი საგადასახადო კოდექსიდან პურის მცხობელი მცირე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადი...

ამ გადასახადის მეშვეობით ისინი ახერხებდნენ, რომ მცირე ბიზნესი ეწარმოებინათ. ახლა მათთვის გადახდა შეუძლებელი გახდა, ასეთი მცირე საცხობები გაურკვევლობაში არიან, იხურებიან. პურის მცხობლები ორი-სამი წელი იბრძოდნენ ფიქსირებული გადასახადისთვის, ზურაბ ნოღაიდელმა კი ერთი ხელის მოსმით გააუქმა.”

21-22 თებერვლის გაზეთ “ახალი ვერსიის” თქმით, “ახალი საგადასახადო კოდექსი რომ სრულყოფილი ვერ გამოდგა, ამაში, სავარაუდოდ, აღარც მის შემქმნელებს ეპარებათ ეჭვი.”

გაზეთი წერს: “როგორი იდეალურიც უნდა ყოფილიყო ახალი კოდექსი, მისი მიღებიდან თვე-ნახევრის შემდეგ რაიმე განსაკუთრებული შედეგის მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელი იქნებოდა. აქვე არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თუ დროულად არ გამოსწორდა კოდექსში “დაფიქსირებული ნაკლოვანებები”, კიდევ უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდება როგორც საქართველოს ისედაც გაღატაკებული მოსახლეობა, ისე ქვეყნის ბიუჯეტი.”

23 თებერვლის გაზეთი “ხვალინდელი დღე” გვთავაზობს წერილს, რომელიც უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შერწყმას ეძღვნება. გაზეთის თქმით, “პარლამენტართა უმრავლესობისთვის ეს ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა კანონმდებლებს ორი უწყების შერწყმის შესახებ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარუდგინა.”

გაზეთი წერს: “...ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სამინისტროების გაერთიანების ინიციატივა განაპირობა იმ სტრუქტურულმა ცვლილებებმა, რომლებიც პარლამენტმა დაამტკიცა.

“ფორთოხლისა და პომიდვრის შერწყმის მცდელობა”, - ასე შეაფასა რესპუბლიკელმა ივლიანე ხაინდრავამ ხელისუფლების ახალი ინიციატივა. მისთვის, ისევე როგორც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისთვის, უცნობია, რატომ შეიცვალა ორი გაერთიანებული უწყების სახელწოდების თავდაპირველი ვარიანტი.

ჯერჯერობით უცნობია ისიც, რა პრინციპით გაემიჯნება ერთმანეთს პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები. არც ის, მოხდება თუ არა მუნიციპალური პოლიციის, შერიფის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და იქნება თუ არა ის არჩევითი.”

გაზეთის ცნობით, “წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებისას ყველაზე რადიკალური რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა გახლდათ.” მან, კერძოდ, განაცხადა: “პროცესს, რაც დღეს ამ სამინისტროში მიმდინარეობს, შემიძლია პირობითად სუკიზაციის ან კაგებეზაციის პროცესი ვუწოდო. თავის დროზე, როცა ხელისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხი წამოჭრა, არგუმენტად ამ მონსტრისგან უფრო მოქნილი და მობილური სტრუქტურის შექმნის აუცილებლობა მოიყვანა. წარმოდგენილი კანონპროექტი არ იძლევა ამის თქმის შესაძლებლობას.”

24 თებერვლის გაზეთი “24 საათი” წერს, რომ “საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვისთვის ამზადებს. პრივატიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მთავრობა რუსეთის კომპანია “გაზპრომთან” აწარმოებს. ოპოზიცია ამას საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსის შეცვლად აფასებს და მიიჩნევს, რომ გაზსადენის რუსეთისთვის გადაცემა დაასამარებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რომლის ერთ-ერთი ქვაკუთხედი სამხრეთ კავკასიის მილსადენი უნდა გახდეს.”
საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო გასხვისების თაობაზე გაზეთი “24 საათი” შეერთებულ შტატებში დაუკავშირდა და ესაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ მრჩეველს კასპიისპირეთის ენერგორესურსების საკითხებში სტივენ მანს.

ამერიკელმა მრჩეველმა გაზეთს უთხრა: “მე მიმაჩნია, რომ თუ საქართველო გაზსადენს გაყიდის, ის ამით ასევე გაყიდის შესაძლებლობას, უზრუნველყოს ენერგეტიკული რესურსების დამოუკიდებელი, ალტერნატიული კონკურენცია. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების ხედვა.”

“ჩვენი დამოკიდებულებით და ხედვით, თუ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენი გაიყიდება, ეს ხელს შეუშლის “შაჰდენიზის” პროექტით გაზის რეალიზებას. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუშლის საქართველოს, გააკეთოს კარგი არჩევანი, რისთვისაც ასე დიდ ხანს ვმუშაობდით საქართველოში.”

“ქარელი და კონტრაბანდა”. ამ სათაურით ბეჭდავს 25-27 თებერვლის გაზეთი “ახალი ვერსია” გორელი კორესპონდენტის წერილს, სადაც ნათქვამია: “ყველას ახსოვს, როგორ უყვიროდა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი ჩიქორთული რუსულით რუსეთის სამშვიდობო ძალების მაშინდელ სარდალს, ნაბზოროვოს: “განბაჟუიტე! განბაჟუიტე!” ე.ი. რუსეთიდან ტვირთი რომ შემოგაქვთ, განაბაჟეთო. ახლა კი ოპოზიცია თავად ქარელს ადანაშაულებს კონტრაბანდული ტვირთის შემოტანასა და მფარველობაში.”

“ახალი მემარჯვენეების” გორის ორგანიზაციის ლიდერმა მამუკა ფანიაშვილმა მიხეილ ქარელს კონტრაბანდული ტვირთების ცხინვალის რეგიონიდან შემოტანის მფარველობა დასდო ბრალად. მისი განცხადებით, კონტრაბანდულ ტვირთებს მიხეილ ქარელის სიძეები და ბიძაშვილები აცილებენ, ხოლო ქარელის მამა, რომელსაც საკუთარი მაღაზია აქვს, რუსეთის წარმოების კონტრაბანდული სიგარეტით ვაჭრობს.”
XS
SM
MD
LG