Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ ყირგიზეთში...


27 თებერვალს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასაარჩევნო პერიოდში ქვეყანაში რამდენიმე ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა.

ამ პერიოდში პრეზიდენტი ასკარ აყაევი ოპოზიციას ხშირად ადანაშაულებდა ამბოხის მოწყობის მცდელობაში და აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა ქვეყანაში უკრაინის ან საქართველოს მსგავსი რევოლუციების მოწყობას. როგორც სიუჟეტიდან შეიტყობთ, არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში მედიის გამოყენება იყო.

ყირგიზეთში წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პარასკევს დამთავრდა. კამპანიის მიმდინარეობის დროს, დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის 420 კანდიდატი იბრძოდა.

კანდიდატების ასეთმა დიდმა რიცხვმა საეთერო დრო, რომელსაც სახელმწიფო ტელევიზია უფასოდ აძლევდა ნებისმიერ კანდიდატს, საკმაოდ შეზღუდა. წინასაარჩევნო კამპანიის წესების მიხედვით, ყოველი კანდიდატი მხოლოდ 15 წუთის ეთერს იღებდა. 10 წუთი წინასაარჩევნო გამოსვლას ეთმობოდა, დარჩენილი 5 კი მოწინააღმდეგეებთან დებატებს.

ამდენად, კამპანიის წარმოება დიდწილად გახდა დამოკიდებული კომერციულ ტელეკომპანიებზე. ამის შედეგად კი, კომერციული ტელეკომპანიების დირექტორთა თქმით, ინდუსტრიას, რომელიც ხშირად ფინანსურ პრობლემებს განიცდის, სოლიდური შემოსავალი დაუგროვდა.

ჯავლონ მირცაჰოაევი ოშის რეგიონში მეცონის ტელეარხს ხელმძღვანელობს. მისი თქმით: "თუ ფასებს დოლარებში გადავიყვანთ, მაშინ ძალიან იაფი გამოჩნდება; მაგრამ ჩვენი რეგიონისთვის ეს საკმაოდ მაღალი ფასებია. კომერციული დროის ერთი წამისთვის ჩვენ, როგორც წესი, 6,5 სომს ვიღებთ. ახლა კი ფასი გავზარდეთ და წამი 10 სომი ღირს. და მადლობა ღმერთს, ბევრი კლიენტი გვყავს’.

იმ ფაქტორმა, რომ ზოგიერთ კანდიდატს შეუძლია კომერციული ტელეარხების საეთერო დროის ყიდვა, ხოლო დანარჩენებს ამის ფინანსური საშუალება არ გააჩნიათ, ქვეყანაში ინტენსიური დისკუსია გამოიწვია. ისმის შეკითხვა, ამის შედეგად პარლამენტში მოხვედრა მხოლოდ მდიდარი პირების პრეროგატივა ხომ არ ხდება?

ყირგიზეთის საარჩევნო კანონის მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, კამპანიაში 500 000 სომი - ანუ 12 500 დოლარი -დახარჯოს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა იმ ქვეყნისთვის, სადაც მასწავლებლები და ექიმები თვეში მხოლოდ 25 დოლარს იღებენ.

მაგრამ, ამის მიუხედავად, ზოგიერთი კანდიდატი მაინც მიიჩნევს, რომ კამპანიის მსვლელობის დროს დახარჯული თანხის დადგენილი ზღვარი მცირეა, და რომ მათ ამით საშუალება არ ეძლევათ ხმა მიაწვდინონ ბევრ ამომრჩეველს.

ქუბათბეკ ბაიღულოვი ყირგიზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერია და არჩევნებში ბიშკეკის იალის უბანს წარმოადგენს. საარჩევნო თანხის ლიმიტს იგი ასე აღწერს:

[ბაიღულოვის ხმა]: არა, ეს თანხა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კამპანია, ვთქვათ, ევროპულ დონეზე ჩატარდეს. ადრე ორი მილიონი სომი [50 ათასი დოლარი] იყო - მაგრამ დეპუტატების დაწყვეტილებით, ეს თანხა 500 ათასამდე ჩამოვიდა. ცხადია, კამპანიის მაღალ დონეზე საწარმოებლად ეს თანხა არ არის საკმარისი. მაგრამ მაინც ახერხებენ ამ თანხაში ჩატევას."

ტელევიზიის გარდა, კანდიდატები კამპანიის წარმოების პროცესში ბეჭდვითი ფორმების გამოყენებასაც ცდილობენ.

ოპოზიციური გაზეთის, "რეს პუბლიკას" მთავარი რედაქტორი ზამირა სიდიკოვა, ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში მრავალი ბეჭდვითი ფორმა გამოიყენება - იქნება ეს ბროშურების გამოცემა თუ რეკლამის გაზეთებში განთავსება.

[სიდიკოვას ხმა]: "ჩემი აზრით, ისინი ყველაზე მეტს ბროშურებზე და პლაკატებზე ხარჯავენ. თუმცა ჩემი გამოცდილებით - მე დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატის შტაბში ვმუშაობდი - გაზეთები უფრო ეფექტიანია; მაგრამ ამავდროულად უფრო ძვირიც. ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე, მაგალიტად, პლაკატი ან ბუკლეტი."

თუმცა ქუბათბეკ ბაიღულოვს საპირისპირო აზრი აქვს - მას მიაჩნია, რომ გაზეთებში განთავსებული რეკლამა არ არის ძალიან ეფექტიანი.

[ბაიღულოვის ხმა]: "მე რაც შემეხება, ნაკლებად ვიყენებ ბეჭდვით რეკლამას, ვინაიდან ეს არ არის ძალიან ეფექტიანი. მე ჩემი მასალები თითოეულ სახლში მიმაქვს, და ადამიანებს საშუალებას ვაძლევ მშვიდად, სითბოში დასხდნენ და წაიკითხონ. ჩემი გამოცდილებით, პრესაში გამოქვეყნებული რეკლამა არ არის ეფექტიანი. და ამას, ალბათ, სხვებიც მიხვდნენ."

ზოგიერთი დამკვირვებლის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიაში მედიის გამოყენებასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო კანდიდატების ერთი ნაწილი ამომრჩევლებთან უფრო პირდაპირ, მაგრამ უკანონო ურთიერთობას ამყარებს - მხარდაჭერის მოპოვებას ფულის გადახდის გზით ცდილობს.

ყირგიზეთში ხმების მოსყიდვის და ქრთამის მიცემის ბრალდებები არჩევნების დღის მოახლოვების პარალელურად გამძაფრდა. თუმცა სასამართლოს შედგომამდე თითქმის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ეს ბრალდებები რეალურია თუ უბრალოდ კიდევ ერთ საარჩევნო ტაქტიკას წარმოადგენს, და ოპონენტების დისკვალიფიკაციას ემსახურება.

ორშაბათს კოჩკორის რეგიონში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის კანდიდატების - აკილბეკ ჯაფაროვის და ბეიშენბეკ ბოლოთბეკოვის - რეგისტრაცია გააუქმა. ოფიციალური მონაცემებით, ჯაფაროვის წინააღმდეგ სარჩელი ერთმა, ხოლო ბოლოთბეკოვის წინააღმდეგ ორმა ქალმა შეიტანა, ამომრჩევლების მოქრთამვის ბრალდებით.

ბრალდებას ორივე კანდიდატი უარყოფს.

სტრატეგის შემსწავლელი სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორმა, ვალენტინა ბოგატირიოვამ, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გაზეთს განუცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ყველაზე ბედნიერი ამომრჩევლები არიან.

მისი თქმით, "სამხრეთში თითო ხმა 200 სომად ფასობს. ფულს ყველა კანდიდატი იხდის. ამომრჩევლებიც ყველასგან იღებენ - და ხმას მაინც იმას აძლევენ, ვინც მოსწონთ."
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG