Accessibility links

logo-print

ახალ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა ჯერჯერობით არ დასრულებულა

  • ნინო როდონაია

გასული ათი წლის განმავლობაში საქართველოში საარჩევნო კოდექსი რამდენჯერმე შეიცვალა. როგორც წესი, ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობა რომელიმე მოახლოებული არჩევნების წინ

პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად იცვლებოდა. წინა ხელისუფლების ამგვარი პრაქტიკის საბოლოოდ დაძლევის სურვილი ჯერჯერობით არ შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული განსხვავებული მოსაზრებების განხილვაზე დათანხმდა. უახლოეს ხანში საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტზე მსჯელობა უნდა განაგრძოს. შესაბამისად, გაირკვევა, თუ რამდენად გაითვალისწინა ხელისუფლებამ ალტერნატიული აზრი.

საქართველოს პარლამენტმა, უფრო კონკრეტულად კი, მისმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსის შეცვლა ბოლოს გასული წლის ნოემბერში დაიწყო. დღემდე მხოლოდ პირველი მოსმენითაა დამტკიცებული ის ცვლილება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. პროექტის განხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას მიმართეს და ალტერნატიული მოსაზრებების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს.

ამ ეტაპზე რამდენიმე ალტერნატიული წინადადება არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთი ნაწილის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ვარიანტი გამორიცხავს პროფესიული წესით შექმნილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა კანდიდატურების წარდგენას პოლიტიკური პარტიების მიერ. სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა დოლიძის განმარტებით, კანდიდატურები საზოგადოების სანდო წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ უნდა დაასახელოს:

[ანა დოლიძის ხმა] "ამ ადამიანების შერჩევას მოახდენს საკონკურსო კომისია, შემდეგ ისინი წარდგენილნი იქნებიან პრეზიდენტისათვის და პრეზიდენტი თითო ადგილზე სამი კანდიდატურიდან აარჩევს თითო ადგილზე ორ კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტს. ანუ, ჩვენი წინადადებით, საბოლოო სიტყვა მაინც ამ ადამიანების შერჩევაზე პარლამენტს ეკუთვნის." (სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციათა სამუშაო ჯგუფის წევრი იყო სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, რომელმაც აზრთა გარკვეული სხვადასხვაობის გამო საკუთარი მოდელი მოამზადა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თამარ ჟვანიას განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს უშუალოდ არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ინტერესები და პარიტეტის პრინციპი:

[თამარ ჟვანიას ხმა] "რა თქმა უნდა, პარიტეტი არის ერთ-ერთი იდეალური მოდელი, რომელიც ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა ინტერესების დამბალანსებელი იქნება." (სტილი დაცულია)

თამარ ჟვანია არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა შერჩევის პრინციპს, რომელსაც ოპოზიციური პარტიებიც ეწინააღმდეგებიან. პრეზიდენტის ამგვარ უფლებამოსილებაში საფრთხეს ხედავს ანა დოლიძეც, თუმცა, მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებები გარკვეულ შემზღუდავ მექანიზმებს ითვალისწინებს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო კალანდაძე ალტერნატიული წინადადებებიდან საარჩევნო პროცესში საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართვას ემხრობა:

[ნინო კალანდაძის ხმა] "ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის და ჩემთვის ძალიან მისაღები იქნება და, რამდენადაც მახსოვს, ამას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ითხოვდნენ, ეს იყო ის, რომ საზოგადოებას ჰქონოდა უფრო მეტი თანამონაწილეობის შესაძლებლობა. ანუ, იქმნებოდეს მრჩეველთა ჯგუფი, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას და, შესაბამისად, შეირჩეოდა კანდიდატურები. ეს ჩემთვის ძალიან მისაღები იქნება და მივესალმები, თუ ამას ასეთი ფორმით მივიღებთ. თუმცა უმრავლესობის შიგნით ამას ჰყავს მოწინააღმდეგეები." (სტილი დაცულია)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი თამარ ჟვანია მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვარიანტში მხოლოდ ცალკეული ალტერნატიული წინადადებების გათვალისწინებით ეფექტს ვერ მივიღებთ:

[თამარ ჟვანიას ხმა] "იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი კონცეფცია იქნება გათვალისწინებული, უნდა იყოს სრულყოფილად. თუ იქნება არასამთავრობოების განსხვავებული ერთობლივი კონცეფცია, ისიც სრულყოფილად, იმიტომ რომ ცალკეული ნაწილებით შეკოწიწებული კანონპროექტები მაინც არის შედეგობრივად სულ სხვა." (სტილი დაცულია)

პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე წელს ორი შეხვედრისას იმსჯელეს და მხოლოდ გარკვეული ტექნიკური საკითხების დახვეწა შეძლეს. 1-2 მარტს თბილისში დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა, რომლის შედეგად საბოლოოდ უნდა გაირკვეს, თუ რამდენად აპირებს ხელისუფლება ალტერნატიული მოსაზრებების გათვალისწინებას. საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი, სავარაუდოდ, ერთ თვეში განაგრძობს.
XS
SM
MD
LG