Accessibility links

logo-print

მთავრობა ენერგოკრიზისს გაფართოებულ სხდომაზე ებრძვის, თუმცა შვებას მხოლოდ ორი წლის შემდეგ გვპირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის ბოლოს მთავრობა, გაფართოებული შემადგენლობით და პრეზიდენტის თავმჯდომარეობით, ენერგოკრიზისს ებრძოდა,

უკეთ, იმაზე მსჯელობდა, თუ როდის იქნება „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“. მთავრობის გაფართოებულ სხდომას ენერგეტიკის მინისტრის გადაყენების შესახებ კულუარული ინფორმაციები მეტ ინტრიგას სძენდა, თუმცა ეს ხმები საბოლოოდ არ დადასტურდა, უფრო მეტიც, ნიკა გილაურმა მთავრობასა და პრეზიდენტს ორწლიანი პროგრამა წარუდგინა, რომელიც 2006 წლის ზამთრის სეზონისათვის საქართველოში ენერგოკრიზისის დაძლევას ისახავს მიზნად.

პროგრამა თეზისებად არის წარმოდგენილი და იგი თავისი დეკლარაციული ხასიათით დიდად არ განსხვავდება გილაურის წინამორბედების მიერ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში წამოჭრილი პრობლემებისაგან. კერძოდ, საუბარია ახალი სიმძლავრეების შექმნასა და მოქმედის რეაბილიტაციაზე; ასევე, მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწესრიგებაზე. პროგრამის ზოგადი ხასიათის გამო მთავრობის სხდომაზე პრეტენზია მხოლოდ ერთმა მინისტრმა, გილაურის ტრადიციულმა ოპონენტმა, კახა ბენდუქიძემ გამოთქვა.

მთავრობის სხდომამ, ბუნებრივია, ენერგოკრიზისი ვერ დაძლია, მაგრამ, სამაგიეროდ, მოსახლეობას ის მაინც გააგებინა, რომ მარტის ბოლოს ან აპრილიდან ქართული ენერგეტიკის ძირითადი საბაზისო ჰიდროელექტროსადგური ”ენგურჰესი” სამთვიან რემონტზე დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონების ”ჩაბნელებული და გაყინული” მოსახლეობა, რომელიც დროდადრო საპროტესტო აქციებით შეახსენებს ხოლმე თავს ხელისუფლებას, გაზაფხულთან ერთად ”ენერგოსიკეთეს” მაინცდამაინც არ უნდა ელოდეს; სამაგიეროდ, 2006 წლის ბოლოსათვის, ენერგეტიკის მინისტრისა და ზურაბ ნოღაიდელის დაპირებით, ჩვენ ყველანი შვებით ამოვისუნთქავთ და ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ბოლოს დაწყებული ენერგოწყვდიადი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ”დასამარდება”.

მანამდე, ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში, ენერგეტიკა, საგზაო ინფრასტრუქტურასა და უმუშევრობის დაძლევასთან ერთად, ახლად დამტკიცებულმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აღმასრულებელი ხელისუფლების პრიორიტეტად გამოაცხადა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაზე, დასაქმების შესაძლებლობების შექმნაზე, ენერგოსექტორსა და საავტომობილო გზებში ინვესტიციებზე - იმისათვის, რომ ეს ორი მთავარი ინფრასტრუქტურული წინაღობა მოვაშოროთ ბიზნესს.”

მთავრობა ”სინათლეს გვირაბის ბოლოს” იმ რესურსებით გვპირდება, რომელიც სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად გაუჩნდა ქვეყანას; ამასთან, ჩვენკენ იმ დონორებმაც იბრუნეს პირი, რომელთაც აქამდე, ენერგომაფიის წყალობით, საქართველოზე ჩაქნეული ჰქონდათ ხელი.

გილაურის თქმით, მიმდინარე წელს ენერგოსექტორზე მიმართული იქნება 190 მილიონი ლარი, აქედან 40 მილიონი - ენგურჰესის რეაბილიტაციაზე. მაისში გარდაბნის რაიონში უნდა დაიწყოს 260 მგვტ სიმძლავრის გაზის ტურბინების სამონტაჟო სამუშაოები, რომელიც, დაახლოებით, 2 წელი გაგრძელდება. მიმდინარეობს ძიება ინვესტორისა, რომელიც პროექტის რეალიზაციაში 54 მილიონ აშშ დოლარს ჩადებს.

მინისტრი იმედოვნებს, რომ 2006 წლის ოქტომბრისათვის ენერგოსისტემა შეძლებს ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფას საკუთარი რესურსებით, იმპორტის გარეშე, რომელიც ამჟამად, დაახლოებით, 500 მეგავატს შეადგენს. იმპორტი კი ქვეყანას მხოლოდ დამატებითი რეზერვის სახით დასჭირდება.

მთავრობის სხდომაზე ასევე ცნობილი ხდება, რომ РАО ЕЭС მომავალი კვირიდან დაიწყებს მოლაპარაკებას ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან 50 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, რაც მოხმარდება საბაზო თბოელექტროსადგურის მე-10 ენერგობლოკის აღდგენას.

საბოლოოდ, ბევრისათვის გაუგებარი დარჩა, რას ემსახურებოდა ენერგოკრიზისისადმი მიძღვნილი მთავრობის სხდომა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და რომლის წყალობით მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც ელექტროენერგია ჰქონდა, კიდევ ერთხელ მოისმინა ინფორმაცია შევარდნაძის მთავრობის წევრთა კორუმპირებულობისა და ენერგეტიკის კორუფციულ უძირო ქვევრში გამქრალი ნახევარი მილიარდი დოლარის შესახებ, აგრეთვე, ცნობა, რომ ახალი მთავრობა პატიოსანია, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ უახლოეს თვეებში ენერგეტიკული შვება ვიგრძნოთ; სამაგიეროდ, მთავრობა ენერგოდეფიციტთან დაკავშირებით აღარ მოგვატყუებს და წინასწარ გვამცნობს, როდის გაგვეთიშება დენი; და კიდევ ის, რომ გვაქვს პრეზიდენტის მიერ წამოყენებული ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ახალი, თუმცა “კარგად დავიწყებული ძველი”, ფორმულა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად ოცდამეერთე საუკუნის საქართველოშიც ელექტროფიკაცია რჩება.
XS
SM
MD
LG