Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი სირიასა და პალესტინაზე დიპლომატიურ ზეწოლას ზრდის


გასულ პარასკევს თელ ავივში მომხდარი აფეთქება ისრაელისთვის სირიასა და პალესტინაზე ზეწოლის საბაბად

იქცა. შეგახსენებთ, აფეთქებამ 5 ადამიანი შეიწირა და ისრაელთა და პალესტინელთა მიერ ცეცხლის შეწყვეტის პირველ სერიოზულ გამოცდად შეიძლება მივიჩნიოთ. კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა თელ ავივის ღამის კლუბთან განხორციელებულ აფეთქებაში რადიკალური დაჯგუფება ისლამური ჯიჰადი დაადანაშაულა და გამოთქვა რწმენა, რომ ეს ჯგუფი სირიიდან იმართებოდა: [შარონის ხმა] "ტერორისტული თავდასხმა ისლამური ჯიჰადის წევრებმა განახორციელეს. მითითებები ამ ჯგუფის სირიაში მყოფი წევრებისგან მოდიოდა. ჩვენ ეს დაზუსტებით ვიცით. ამ ფაქტზე დაყრდნობით, არ შეგვიძლია პასუხისმგებლობისგან გავათავისუფლოთ პალესტინელთა ხელისუფლება, ტერორიზმის ასეთი სახით გამოვლინების გამო. პალესტინელთაA ხელისუფლების გამოცდა ისლამური ჯიჰადის წინააღმდეგ ინტენსიური ოპერაციის განხორციელება იქნება". სირიის ხელისუფლებამ სასწრაფოდ უარყო ბრალდება თელ ავივის აფეთქებაში წვლილის თაობაზე და განაცხადა, რომ ისლამური ჯიჰადის დამასკოს ოფისი დაიხურა. შაბათს კი სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ხელს უწყობენ პალესტინასა და ისრაელს შორის მშვიდობის დამყარებას. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფარუქ ალ-შარამ პარასკევის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თავად ისრაელს დააკისრა. [ალ-შარას ხმა] "ისრაელის თავდაცვის მინისტრ მოფაზის მიერ სირიის დადანაშაულება ნათელყოფს, რომ მან იცოდა ვინ იდგა თელ ავივის თავდასხმის უკან. ვფიქრობ, თავდასხმა ისრაელისავე მიერ განხორციელდა. თუმცა, არ მინდა ვინმე დავადანაშაულო". ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა სილვან შალომი დღეს ევროკავშირის ქვეყნებისა და გაეროს წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა და მათთვის წარედგინა თელ ავივის აფეთქებაში სირიის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამ შეხვედრას ისრაელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელიც უნდა დასწრებოდა. არ არის ცნობილი რა იქნა წარმოდგენილი ამ შეხვედრაზე. ის დახურული იყო. ეგვიპტის სამიტზე შარონისა და აბასის მიერ შერიგების გამოცხადების შემდეგ თელ ავივის აფეთქება იყო პირველი მნიშვნელოვანი დარტყმა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა სამშვიდობო პროცესს. არიელ შარონმა პალესტინის ხელისუფლებას მეამბოხეთა ქმედებების აღკვეთისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ამის გარეშე დიპლომატიურ პროგრესზე საუბარიც კი ზედმეტია: [შარონის ხმა] "ისრაელის სახელმწიფო დაინტერესებულია პალესტინელებთან შეთანხმების მიღწევაში, მაგრამ არ იქნება არავითარი დიპლომატიური პროგრესი, ვიმეორებ – არავითარი დიპლომატიური პროგრესი მანამდე, სანამ პალესტინელები არ მიმართავენ გადამჭრელ ზომებს პალესტინის ავტონომიიის ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფებისა და მათი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად". პალესტინის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ყურეიმ დღეს კიდევ ერთხელ დაგმო თელ ავივის თავდასხმა: [ყურეის ხმა] "გაოცებული ვართ თელ ავივში მომხდარი თავდასხმით, ჩვენ დავგმეთ ის და მივმართავთ ყველა საჭირო ზომას მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. წინააღმდეგი ვართ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენებისა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომ განვაახლოთ სამშვიდობო პროცესი. თუმცა, ისრაელი ახირებული ბატონივით იქცევა". აჰმედ ყურეიმდე თელ ავივის აფეთქება მაჰმუდ აბასმა დაგმო და განაცხადა, რომ ის სამშვიდობო პროცესის ჩაშლისთვის იყო გამიზნული.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG