Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ოცნებობენ ქართველი იუნკრების შთამომავლები


25 თებერვალი საქართველოს ისტორიის კალენდარში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია.

84 წლის წინ ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის ნაწილებმა თბილისი დაიკავეს და ხიშტებით შეუდგნენ კომუნისტური წესწყობილების დამყარებას. თბილისის დაცვისას განსაკუთრებით ისახელეს თავი თბილისის ოფიცერთა სკოლის მსმენელებმა, ქართველმა იუნკრებმა, რომლებიც კოჯრისა და ტაბახმელის მიდამოებში დედაქალაქიდან რეგულარული ნაწილების გასვლის შემდეგაც ებრძოდნენ ბოლშევიკურ მე-11 არმიას. ქართული სამხედრო სკოლის კურსანტების მოგონებას მივუძღვენით ჩვენი დღევანდელი პროგრამა “ჯარისკაცი და სახელმწიფო” და რადიო “თავისუფლების” თბილისის სტუდიაში იუნკერთა შთამომავლები მოვიწვიეთ,რათა მათი მონათხრობით რამდენადმე მაინც შეგვევსო იმ პერიოდის ქართული ისტორიოგრაფიის ცარიელი ფურცლები.

ნანა იაშვილი, იუნკერთა სკოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, არჯევან ანანიაშვილის, შვილთა შვილი, მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში “ბავშვი და გარემო”. მისი პაპა, პოლკოვნიკი არჯევან ანანიაშვილი, 84 წლის წინ ქართველ იუნკერთა კორპუსში აღმზრდელობით მუშაობას უძღვებოდა და თავისი აღსაზრდელების მხარდამხარ დახვდა მე-11 წითელ არმიას.

[ნანა იაშვილის ხმა]

პაპის გმირული სიკვდილის ისტორია ნანამ ბებიის მონაყოლით იცის, რომელიც შვილიშვილს ჩუმად, შიშით უამბობდა თავისი მამის ტრაგიკულ თავგადასავალს. შიშის საფუძველი კი არჯევან ანანიაშვილის ოჯახის მიმართ ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ განხორციელებული ტერორი გახლდათ.

[ნანა იაშვილის ხმა]

იუნკრების შთამომავალია საქართველოს არმიის პოლკოვნიკი თეიმურაზ თუმანიშვილი, რომელიც ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული აღზრდით არის დაკავებული და არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ლეგიონს” უდგას სათავეში. ტაბახმელისა და კოჯრის ბრძოლებში თეიმურაზის პაპა და პაპის ორი ძმა ღებულობდნენ მონაწილეობას.

[თეიმურაზ თუმანიშვილის ხმა]

თუმანიშვილების საგვარეულო განსაკუთრებული პატივით ინახავს შავნაბადას საარტილერიო ბატარეის მეთაურის მიხეილ თუმანიშვილს ჯვარს, რაც, შესაძლოა, ბევრმა არც კი იცოდეს, რომ საქართველოს გამოჩენილი რეჟისორის, ქართული თეატრის რეფორმატორის, მიხეილ თუმანიშვილის ოჯახშია დაცული.

[თეიმურაზ თუმანიშვილის ხმა]

საბჭოთა ისტორიოგრაფია დიდხანს უმალავდა იუნკრების გმირობას ქართველ ხალხს, უფრო სწორად, ცდილობდა გარდაექმნა იგი საბჭოთა ხალხად. ამისთვის კი საჭირო იყო სულ სხვა - ზოგჯერ ყალბი - გმირების გამოგონება. თუმცა იუნკრების ნათესავებისა და ოჯახის წევრების მიერ ზეპირი გზით შთამომავლობისთვის გადაცემულ მოგონებებში საოცარი გმირობის მაგალითები ცოცხლდება. პოლკოვნიკი მიხეილ თუმანიშვილი მოკლეს მაშინ, როდესაც ცდილობდა საარტილერიო ქვემეხებისათვის ჩამკეტი მოწყობილობა მოეხსნა და მტრისათვის უსარგებლო გაეხადა. შალვა ერისთავმა კი საკუთარი მკერდით მტრის ტყვიამფრქვევი დაფარა.

[თეიმურაზ თუმანიშვილის ხმა]

ქართველი იუნკრების შესახებ ისტორიული მასალები, სტატიები, მოგონებები და ფოტოები გაბნეულია საქართველოში მცხოვრებ და ემიგრაციაში მყოფ შთამომავალთა საოჯახო არქივებში, მაგრამ მათი თავმოყრა, ალბათ, შესაძლებელია.

[ნანა იაშვილის ხმა]

გაბნეულია და ჭირისუფალს ეძებს 84 წლის წინ
ტაბახმელასა და კოჯორთან დაღუპული თბილისის ოფიცერთა სკოლის მსმენელებისა და ოფიცრების ცხედრები, რომლებიც, გადმოცემის თანახმად, სამხედრო ეკლესიის ეზოში ესვენა, იმ ადგილას, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

[თეიმურაზ თუმანიშვილის ხმა]

სწორედ პარლამენტის შენობის წინ ყოველი წლის 22 თებერვალს იკრიბებიან ქართველი იუნკრების შთამომავლები და ერთადერთი ქართული სამხედრო სასწავლებლის, თავდაცვის ეროვნული აკადემიის, კურსანტები, რათა პატივი მიაგონ საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის ბრძოლაში 84 წლის წინ დაღუპულ ქართველ მებრძოლებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG