Accessibility links

logo-print

მოქალაქეთა მიერ პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივით მიმართვის წესს რეგლამენტი დაადგენს

  • ნინო როდონაია

საქართველოს მოქალაქეებს საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის უფლებას ქვეყნის კონსტიტუცია ანიჭებს. თუმცა დღემდე რეგლამენტით დადგენილია მხოლოდ ის პროცედურა, რომელიც კონსტიტუციური

კანონპროექტის წარდგენას სჭირდება.
უახლოეს ხანში საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს იმ წესსაც, რომლის დაცვა აუცილებელი იქნება არასაკონსტიტუციო საკანონმდებლო იდეების რეალიზაციისთვის. რა პროცედურის შესრულება მოუწევთ ქვეყნის ინიციატივიან მოქალაქეებს?

საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, პრეზიდენტის, პარლამენტისა და ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების გარდა, არანაკლებ 30 ათას ამომრჩეველსაც აქვს. მოქმედი კანონით, ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებული ინიციატივის წარდგენას 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერა სჭირდება, არასაკონსტიტუციო კანონპროექტების განხილვის მოთხოვნა კი 30 ათასი ხელმოწერით უნდა იყოს დადასტურებული. პარლამენტის რეგლამენტით დღემდე არ არის დადგენილი ის პროცედურა, რომელიც არასაკონსტიტუციო საკანონმდებლო წინადადებების ავტორებმა უნდა დაიცვან:

[ირინა ქურდაძის ხმა] ,,რეგლამენტი იყო მიღებული შარშან თებერვლის თვეში და, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა ამ რეგლამენტმა ეს შემთხვევა. ამიტომ საჭირო გახდა ამ ცვლილებების რეგლამენტში შეტანა.” (სტილი დაცულია)

საპროცედურო საკითხებისა და წესების საპარლამენტო კომიტეტის წევრის ირინა ქურდაძის განმარტებით, ამ პუნქტის დაუზუსტებლობას, ძირითადად, ტექნიკური მიზეზი ჰქონდა. ხარვეზის გამოსწორებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე რეგლამენტის შეცვლით გეგმავს. მომზადებული პროექტის მიხედვით, ამომრჩევლის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე მსჯელობის დაწყებას სჭირდება მინიმუმ ხუთწევრიანი საინიციატივო ჯგუფის შექმნა. ამ ჯგუფის რეგისტრირების საკითხს გადაწყვეტს პარლამენტი, რომლის ნებართვის მიღების დღიდან საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია დაიწყოს თავის მიერ ინიცირებული კანონპროექტის არანაკლებ 30 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერათა შეგროვება. საპარლამენტო ოპოზიცია რეგლამენტის ამ ცვლილებებს მხარს უჭერს, თუმცა არ ეთანხმება პროექტის იმ პუნქტს, რომლის თანახმად, ხელმოწერები 45 დღის ვადაში უნდა შეგროვდეს:

[კახა კუკავას ხმა] ,,არ შეიძლება რეგლამენტში ჩაიდოს შემზღუდავი ნორმა. რეგლამენტით არ შეიძლება ჩაიდოს კონსტიტუციით დადგენილი უფლების შეზღუდვა.” (სტილი დაცულია)

საპროცედურო საკითხებისა და წესების საპარლამენტო კომიტეტის წევრი, კონსერვატორი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად 45 დღის დაწესება ამომრჩეველთა კონსტიტუციურ უფლებას შეზღუდავს:

[კახა კუკავას ხმა] ,,საპროცედურო კომიტეტი ანგარიშობს, რომელიმე პარტია თუ შეაგროვებს, მისთვის ორი თვე მართლაც საკმარისი არის, მაგრამ ეს რეგლამენტი ხომ პარტიებისთვის არ იწერება. იდეაში ეს იწერება, როცა მართლა ამომრჩეველს უნდა. მისთვის ორი თვე ძალიან ცოტაა.” (სტილი დაცულია)

დღემდე საქართველოში არ ყოფილა ამომრჩეველთა მიერ არასაკონსტიტუციო საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შემთხვევები. ამგვარი სურვილის შესრულებასთან დაკავშირებულ საწყის კონკრეტულ პროცედურას მოქალაქეები მას შემდეგ შეიტყობენ, რაც პარლამენტი რეგლამენტის ცვლილებებს დაამტკიცებს. ოპოზიციის გარდა, მომზადებული პროექტისადმი შენიშვნები აქვთ დამოუკიდებელ ექსპერტებსაც. ერთ-ერთი შენიშვნა უკავშირდება იმ პუნქტს, რომლის თანახმად, მოქალაქეთა მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაზე უარის მიღების შემთხვევაში, სასამართლოში გასაჩივრების ხუთდღიანი ვადა არსებობს. ამასთან, პროექტში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რა შედეგი მოჰყვება სასამართლოს მიერ პარლამენტის წინააღმდეგ მოქალაქეთა სარჩელის დაკმაყოფილებას.
XS
SM
MD
LG