Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანული პრესა ირანზე თავდასხმის ამერიკულ გეგმას აქვეყნებს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ირანზე თავდასხმის შემთხვევაში ამერიკული არმიის ძირითადი ბაზები აზერბაიჯანში, საქართველოში, საუდის არაბეთსა და ერაყში განლაგდება - ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული გაზეთი “ეხო”

აქვეყნებს. გაზეთი ასახელებს ირანზე თავდასხმის ამერიკული გეგმის სხვა დეტალებსაც. “ეხო”-ს მონაცემებით, ირანზე შეიარაღებული თავდასხმის სამზადისი უკვე მიმდინარეობს. თავის მხრივ, ეს ინფორმაცია ქართველი ექსპერტების შეშფოთებას იწვევს. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველომ, ერაყისაგან განსხვავებით, მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობისაგან.


“ირანი - სტრატეგიული სიურპრიზი” - აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ასე ეწოდება გეგმას, რომელიც ამერიკელმა სპეციალისტებმა ირანზე თავდასხმისათვის შეიმუშავეს. აზერბაიჯანულ გაზეთ “ეხოს” ცნობით, გეგმის მიზანს წარმოადგენს ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბირთვული ობიექტების განადგურება და მმართველი რეჟიმის შეცვლა. ამ მიზნით განხორციელდება მასშტაბური შეიარაღებული ინტერვენცია. ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, სტრატეგიული ბაზები იქნება: აზერბაიჯანი, საქართველო, საუდის არაბეთი, ერაყი, კუვეიტი და ავღანეთი. ამ ქვეყნებში დამონტაჟდება მაღალი ზონალური დაცვის სპეციალური დანადგარები, რომლებსაც შეუძლიათ აფრენისთანავე დააფიქსირონ და გაანადგურონ მოწინააღმდეგის რაკეტები. ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე უკვე განლაგებულია სპეციალური სადაზვერვო 10 რადარი, აქვეა განლაგებული 5 შვეულმფრენი, რომელიც ინფორმაციას აგროვებს პენტაგონისათვის, - წერს აზერბაიჯანული გამოცემა. გაზეთს მოჰყავს ევროპაში ამერიკული შეიარაღებული ძალების სარდლის მოადგილის ჩარლზ უოლდის სიტყვები. გენერალი აცხადებს, რომ “პენტაგონს სურს, რუსეთმა პროტესტი არ გამოთქვას აზერბაიჯანსა და საქართველოში ამერიკული სამხედრო მონაწილეობის გამო”. გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი კი ფიქრობს, რომ, ერაყისაგან განსხვავებით, ირანთან შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “მე მიმაჩნია, რომ რაც უფრო ნაკლებად ჩავერთვებით ამ ომში, რომელიც ბევრად სერიოზული იქნება, ვიდრე ერაყთან მიმდინარე პარტიზანული ომი, უკეთესი იქნება. მე მგონი, ჩვენ დიდი ინიციატივები არ უნდა გამოვიჩინოთ, ვინაიდან, ასეა თუ ისე, ირანი ჩვენი მეზობელია და მუდმივად დარჩება. “ (სტილი დაცულია)

გეოგრაფიული მეზობლობის გარდა, არსებობს რამდენიმე სერიოზული ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც საქართველოსთვის აუცილებელია. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის ექსპერტი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ ირანის და, შესაბამისად, ისლამური სამყაროს წინააღმდეგ ღია გამოსვლა საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმის პირდაპირ სამიზნედ გადააქცევს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] “გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ საქმე გვაქვს 21-ე საუკუნის ახალ მოვლენასთან, რასაც ჰქვია საერთაშორისო ტერორიზმი, რომლის ხელშეწყობის, დაფინანსების და ასე შემდეგ წყაროები ულევია და ფორმებიც უამრავია. და ამდაგვარი საფრთხეების წინაშე საქართველო არის მოწყვლადი. ჩვენ ვერავინ ვერ გვიშველის, ვერც შეერთებული შტატები, ვერც გაეროს უშიშროების საბჭო და ვერც ერთად აღებული ყველა ქვეყანა რომ ერთად დადგეს.” (სტილი დაცულია)

აზერბაიჯანულ გაზეთს თუ ვენდობით, თეირანი დაჩქარებული ტემპით ავითარებს ატომურ ტექნოლოგიებს და 2006 წლისათვის მას უკვე ბირთვული შეიარაღება ექნება. მათი გადატანის საშუალებები კი ირანს კარგა ხნის შექმნილი აქვს. თუმცა არჩილ გეგეშიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანულ პრესაში გამოქვეყნებული მონაცემები არ ნიშნავს, რომ ირანზე თავდასხმა მართლაც მოსალოდნელია. ჩვენ კი, დასასრულ, ვიტყვით, რომ სამშაბათს ერაყში კიდევ ერთი ქართული სამშვიდობო შენაერთი, ამჯერად ამერიკული პროგრამით მომზადებული შავნაბადას ბატალიონი, გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG