Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საიმიჯო პროექტი


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 28 თებერვალს, დაიწყო უცხოელ ჟურნალისტთა 30-კაციანი ჯგუფის ვიზიტი საქართველოში. ჯგუფს საგარეო საქმეთა სამინისტრო მასპინძლობს. ჟურნალისტები ეწვევიან პანკისის ხეობასა და აჭარის

ავტონომიურ რესპუბლიკას, მოინახულებენ სასაზღვრო რაიონებს, შეხვდებიან მაღალი თანამდებობის პირებს. უცხოელ ჟურნალისტთა საგრძნობ ნაწილს ეროვნებით რუსი ჟურნალისტები შეადგენენ, რომლებიც სხვადასხვა უცხოური მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები არიან რუსეთში და საქართველოს შესახებაც უწევთ წერა. თქვენს ყურადღებას მათი ვიზიტის მიზნებსა და რამდენიმე სხვა გარემოებაზე შევაჩერებ.

საქართველოზე სწორი, ადეკვატური და, ვთქვათ პირდაპირ, ისეთი შთაბეჭდილების შესაქმნელად, როგორიც საქართველოს ხელისუფლებას სასურველად და პოზიტიურად ესახებოდა, ჩვენში ადრეც მიუმართავთ: გასულ შემოდგომაზე სწორედ საქართველოს ხელისუფლება მასპინძლობდა რუსული მედიასაშუალებების ჟურნალისტთა ჯგუფს. წაიყვანეს ისინი წინანდალში, დაასწრეს ვაზის ფესტივალსაც, შედეგად კი მიიღეს რუსი ჟურნალისტების ირონიული რეპორტაჟები საქართველოში მათი კარგად გამოკვების შესახებ.

ახლანდელი ვიზიტის დროს საქმე, ჩანს, სხვაგვარად იქნება. ამჟამად არანაირი ფესტივალი საქართველოში არ მიმდინარეობს. ადგილები, უცხოელ ჟურნალისტებს რომ უნდა აჩვენონ, საზეიმოდ ნაკლებად განგაწყობთ. მიზანიც და მისი მისაღწევი საშუალებებიც უფრო გამოკვეთილი და მოტივირებულია. ჟურნალისტებს მასპინძლობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი გომიაშვილი. ჩვენს რადიოსთან საუბარში ის განმარტავს, რომ მიიწვიეს მოსკოვში ბაზირებული ცნობილი საინფორმაციო სააგენტოების, რადიო- და ტელეკომპანიების ჟურნალისტები:

[გომიაშვილის ხმა] “სამწუხაროდ, საქართველოზე არცთუ იშვიათად ინფორმაცია ვრცელდება მოსკოვიდან და მოსკოვში დასავლეთის სააგენტოთა ჟურნლისტებიც კი ძირითად წყაროდ იღებენ რუსული მასმედიის გავრცელებულ ინფორმაციას. ამდენად, ჩვენი მიზანია, ვანახოთ ამ ხალხს, რა არის საქართველო, რამდენად აქტუალურია ჩვენი პრობლემები და რამდენად გამოგონილია ის პრობლემები, რუსული მხარე, სამწუხაროდ, თავს რომ გვახვევს.”

28 თებერვალს გიორგი გომიაშვილი სტუმრებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის იმ მონაკვეთზე ახლდა, სადაც ეუთოს მონიტორინგის მისია მოქმედებდა. ჟურნალისტების საქმიანობაში, ბუნებრივია, არ ვერევით, თქვა გიორგი გომიაშვილმა. მასპინძელი მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ მათ გადაადგილებას და უსაფრთხოებას და იმედოვნებს, რომ საკუთარი თვალით ნანახს ჟურნალისტები ობიექტურ ინფორმაციად აქცევენ.

თავად ჟურნალისტები ვიზიტსა და სანახავს ფრთხილად და ცოტა სკეპტიკურად ეკიდებიან. ასე მაგალითად, უკრაინელმა ანატოლი გრიგორიევმა პანკისში წასვლის წინ განაცხადა:

“ბევრი პრეტენზია გამოითქვა, რომ პანკისში, ლტოლვილებთან ერთად, ტერორისტებიც შეიძლება იყვნენ. ალბათ, ამიტომაც, ჩვენ გვანახვებენ, რომ იქ მსგავსი არაფერი ხდება და ხალხი ნორმალურად ცხოვრობს.”

გერმანული “რაინიშე პოსტის” კორესპონდენტი მოსკოვში ანდრეი მაკარცევი კი დასძენს:

“პირადად მე მგონია, რომ იქ სიმშვიდეა. არაფრის შიში არ მაქვს. ვფიქრობ, თუ იქ იყვნენ ტერორისტები, როგორც რუსეთში ამტკიცებენ, ისინი, უბრალოდ, წავიდნენ იქიდან უფრო კომფორტულ ადგილებში.”

სახელმწიფოს ძალისხმევა, იზრუნოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებაზე, ჩვეულებრივი ამბავია. ბუნებრივია, ეს ზრუნვა ფინანსურ ეკვივალენტში გამოიხატება. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის წევრი ირაკლი მელაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თანამოაზრეებთან ერთად ცდილობს შეიტყოს, სახელდობრ როგორ ხარჯავს საქართველოს ხელისუფლება ფულს ხსენებული მიზნისთვის:

[მელაშვილის ხმა] “პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო 85 ათასი დოლარი საზღვარგარეთის პრესასთან მუშაობის დასაგეგმად. საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვითხრეს, რომ ეს ფული გადაერიცხა აშშ-ში საქართველოს საელჩოს. ახლა ვცდილობთ შევიტყოთ, რაში დაიხარჯა ეს თანხა და რა შედეგები მივიღეთ. ველით პასუხს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.”

ირაკლი მელაშვილმა ჯერ არ იცის, მოხმარდა თუ არა ამ 85 ათასი დოლარის ნაწილი უცხოელი ჟურნალისტების მასპინძლობას საქართველოში. როგორც კი გაიგებს, იძლევა პირობას, რომ საზოგადოებასაც აცნობებს.
XS
SM
MD
LG