Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის პილნიაკი – ქართველთა უცნობი “სიძე”


საბჭოთა უშიშროების გასაიდუმლოებულ არქივში დიდი ხნის

განმავლობაში ინახებოდა ზუსტად 70 წლის წინ დაწერილი წერილი, რომელიც მწერალმა ბორის პილნიაკმა კრემლში გაგზავნა: “ჩემი ცოლი, კირა გიორგი ასული ანდრონიკაშვილი, საზღვარგარეთ არასდროს ყოფილა. მომავალმა საბჭოთა რეჟისორმა უნდა იცოდეს, რა ხდება დასავლეთში”... ბორის პილნიაკი ხელისუფლებას უცხოურ პასპორტებს სთხოვდა... მაგრამ იგი საზღვარგარეთ არ გაუშვეს. კრემლი მისი დაპატიმრებისთვის ემზადებოდა. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე” დღეს გიამბობთ ქართველი მკითხველისთვის ნაკლებად ცნობილ მწერალზე, მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის მეუღლეზე, ნატო ვაჩნაძის სიძეზე, რომელიც 1938 წლის აპრილში დახვრიტეს.

ბორის პილნიაკს მოგზაურობა ძალიან უყვარდა: თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა, ჩინეთშიც კი იყო. მეგობრობდა დრაიზერთან, თომას მანთან. 1931 წელს ჰოლივუდიდან მიიღო მოწვევა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამერიკიდან დაბრუნებისთანავე გამოსცა ანტიამერიკული რომანი “ოკეი”, მაიკოვსკის, ილფისა და პეტროვის სტილში. მაგრამ ამან აღარ უშველა: პილნიაკს უკვე დევნიდნენ. მწერალი, ეტყობა, არაფერს იმჩნევდა. 1935 წელს მან წერილით მიმართა კრემლს, გაეცათ მისთვის საზღვარგარეთული პასპორტები, თანაც გულუბყვილო არგუმენტით: “შვეციასა და ნორვეგიაში არასდროს ვყოფილვარ - მაინტერესებს, რა ხდება”, ”ჩემი ცოლი, კირა ანდრონიკაშვილი, არასდროს ყოფილა საზღვარგარეთ” და ა.შ.

არადა, პილნიაკი – გულუბრყვილო კაცი სულაც არ იყო; უთუოდ კარგად ახსოვდა მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, რომელიც 1926 წელს დაიწყო, როცა მისი ნაწარმოები “დაუფარავი მთვარის მოთხრობა” ჟურნალ “ნოვი მირში” დაიბეჭდა. ხელისუფლებამ პილნიაკის ნაწარმოების კონფისკაციას მიმართა. კრემლის ასეთმა რეაქციამ, გარკვეული თვალსაზრისით, დაადასტურა ყველაფერი ის, რასაც პილნიაკი “დაფარული მთვარის მოთხრობაში” ამტკიცებდა - მან, შეიძლება ითქვას, იწინასწარმეტყველა სტალინური რეპრესიები: ამ ნაწარმოებში დესტრუქციული მექანიზმები ხომ პარტიულ დისციპლინაში გამოიხატება. ფრუნზე და სტალინი დასახელებულები არ არიან, მაგრამ მათ სახეებს მკითხველი ადვილად იცნობს. დისციპლინა, მწყობრი, რომელშიც ყველა ერთნაირად დადის, პილნიაკს, სხვათა შორის, ეთნიკურად გერმანელს, ყოველთვის სძულდა, მაშინაც კი, როცა ბოლშევიკურ რევოლუციას სიხარულით შეხვდა. ახლომხედველი იყო, ამიტომ ჯარში გაწვევას გადაურჩა. სამაგიეროდ, რევოლუციასა და სამოქალაქო ომს მიუძღვნა თავისი ნამდვილი ბესტსელერი, რომანი “შიშველი წელი”, რომელშიც წერდა:

“რევოლუციაში მინდა ისტორიკოსი ვიყო, მსურს ვიყო გულგრილი მაყურებელი და აღარ ვიფიქრო პოლიტიკაზე, მსურს, ყველა მიყვარდეს.”

“ყველას სიყვარულის” ეს ვნება საკმაოდ დამახასიათებელია პილნიაკის შემოქმედებისთვის. იგი დარწმუნებული იყო, რომ ბოლშევიკური რევოლუციის იდეებს აუცილებლად აიტაცებენ მსოფლიოში; განუწყვეტლივ ხაზს უსვამდა, რომ “გერმანელი რუსია” (პილნიაკის ნამდვილი გვარია ვოგაუ) და რომ მთელი სამყარო უყვარს... სხვათა შორის, მოგვიანებით მისი არარუსული წარმოშობა გაიხსენა სოლჟენიცინმა თავის რეცენზიაში, რომელიც პილნიაკის შემოქმედებას მიუძღვნა. სოლჟენიცინს ბორის პილნიაკის კოსმოპოლიტიზმი აღიზიანებს. იგი იხსენებს ასეთ ფრაზას პილნიაკის ერთი ნაწარმოებიდან:

“რუსეთი დღეს ზღაპარშია. რევოლუციას ხალხი ქმნის, რევოლუცია დაიწყო როგორც ზღაპარი. განა ზღაპრული არ არის შიმშილი? განა ზღაპრულად არ ინგრევა ქალაქები? რევოლუცია – შემოქმედებაა, შემოქმედება კი ყველაფერს ანგრევს.”

რევოლუციის გაკერპება და, ამავე დროს, ქილიკი, ტიპიურია ნეპის ეპოქის რუსული კულტურისათვის. მაგრამ 20-იან წლებში, პილნიაკისა და პლატონოვის გარდა, არც ერთ რუს მწერალს არ გამოუხატავს ბოლშევიკური რევოლუცია როგორც დიდი ქაოსი, როგორც ანარქია, რომელიც აღაგზნებს მწერალს და ენერგიით მუხტავს. პილნიაკის აზრით, რევოლუცია “დათრგუნული გრძნობებისგან” განთავისუფლებაა და ამიტომ საოცარ ნეტარებას ანიჭებს ადამიანს. ერთი ფრაზაც კი საკმარისია პილნიაკის ნაწარმოებიდან, რათა ნათელი გახდეს, თუ როგორი სტილის და მსოფლხედველობის მწერალთან გვაქვს საქმე:

“ეცი პირველსავე შემხვედრ ქალს და აქვე, ხალხის თვალწინ, ნუ შეგეშინდება მისი გაუპატიურების.”

1923 წელს ჟურნალმა “საგუშაგოზე” მიწასთან გაასწორა პილნიაკის დამოკიდებულება ბოლშევიკური რევოლუციისადმი. რეცენზენტი ამტკიცებდა, რომ პილნიაკი რევოლუციას განიხილავს როგორც “გადარევას სექსუალური ენერგიის გამო”. მაგრამ ჟურნალი “საგუშაგო” ჯერ კიდევ არ იყო ხელისუფლების პოზიცია. თანაც “ტროცკიზმი” ჯერ კიდევ არ მიაჩნდათ დანაშაულად – პილნიაკის “პერმანენტული რევოლუციის” იდეა კი ახლოსაა ტროცკის მსოფლხედველობასთან. პილნიაკი ოხუნჯობდა, მოგზაურობდა, მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა, მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მიუხედავად ასეთი ხულიგნური გამოხტომებისა, მწერალმა მყარი ოჯახი შექმნა – ცოლად შეირთო ნატო ვაჩნაძის და, კირა ანდრონიკაშვილი, რომელიც 20-იან წლებში მოსკოვში, ზავადსკის სახელობის თეატრალურ სტუდიაში სწავლობდა. კირა ანდრონიკაშვილს პოპულარობა ელისოს როლმა მოუტანა ნიკოლოზ შენგელაიას ამავე სახელწოდების ფილმში, თუმცა მანამდე იგი ივანე პერესტიანმა გადაიღო “სამ სიცოცხლეში”, ამო ბეკ-ნაზაროვმა - “ნათელაში”. პილნიაკისა და კირა ანდრონიკაშვილის ქორწილში ხელისმომკიდე ტიციან ტაბიძე იყო... ტაბიძესთან მეგობრობას ბორის პილნიაკს მოგვიანებით გაახსენებენ. გაახსენებენ, თუ როგორ აფასებდა საბჭოთა სინამდვილეს მწერალი 1924 წელს:

“კომუნისტურ ლიტერატურას ხელოვნურად ვერ შექმნი. ვკითხულობ გაზეთებს, წიგნებს და პირველი, რაც გაოცებს – საოცარი სიცრუეა ყველაფერში – შრომაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ოჯახურ ურთიერთობაში.”

სიცრუე – ყველაფერში... სწორედ ესაა “დაფარული მთვარის მოთხრობის” საიდუმლო. ამ ნაწარმოების გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლება მწერლებს სთხოვდა საჯაროდ დაეგმოთ პილნიაკი. ვლადიმერ მაიაკოვსკიმ “დაფარულ მთვარეს” “ღალატი” უწოდა, თუმცა დაუმატა, რომ “ვერ მოასწრო “დაფარული მთვარის მოთხრობის” წაკითხვა. ეს ის მაიაკოვსკია, რომელიც ნატო ვაჩნაძესა და კირა ანდრონიკაშვილთან მეგობრობდა, რომელსაც ბორის პილნიაკი თავისი ოჯახის წევრად მიიჩნევდა. პილნიაკის მიმართ ხელისუფლების უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ უფრო აშკარა გახდა 1929 წელს, როცა ბერლინში გამოიცა საბჭოთა კავშირში აკრძალული მისი მოთხრობა “წითელი ხე”. და სწორედ ასეთი დევნისა და თვალთვალის ფონზე პილნიაკი კრემლს მიმართავს, საზღვარგარეთის პასპორტები მომეცითო. შესაძლებელია, ეს იყო არა ექსცენტრიული ტრიუკი, არამედ იმის გარკვევის სურვილი, თუ რას უპირებს კრემლი მწერალს... არც ისაა გამორიცხული, რომ პილნიაკი საბჭოთა კავშირის დატოვებას და საზღვარგარეთ ცხოვრებას აპირებდა. მაგრამ ვერ მოასწრო. 1937 წლის 2 ოქტომბერს, მას დაბადების დღე აღარავინ მიულოცა. მეგობრები უკვე დაუხვრიტეს, დანარჩენებს კი ეშინოდათ მასთან მისვლა. მიიღო მხოლოდ დეპეშები საქართველოდან. თბილისში პილნიაკსა და ანდრონიკაშვილს უამრავი მეგობარი ჰყავდათ. 1937 წლის 27 ოქტომბერს, ბორის პილნიაკის ვაჟის დაბადების დღეზე, მოვიდა ერთი ზრდილობიანი კაცი და უთხრა: “უნდა წამოგვყვეთ, ცალკეული დეტალები გვაქვს დასაზუსტებელი. ერთ საათში სახლში იქნებით.” ბორის პილნიაკი აღარ დაბრუნებულა. ერთი თვის შემდეგ კინოსტუდიაში კირა ანდრონიკაშვილი დააპატიმრეს და გადაასახლეს. მაგრამ ჯერ კიდევ არავინ იცოდა, სად იყო ამ დროს ბორის პილნიაკი. 1938 წელს ანა ახმატოვამ გაბედა და ლექსიც კი მიუძღვნა მწერალს. 40-იანი წლების დასაწყისში კირა ანდრონიკაშვილი ყველასათვის მოულოდნელად გაათავისუფლეს. მსახიობი თბილისში დაბრუნდა და ისევ დაიწყო კინოში გადაღება: ითამაშა ნიკოლოზ შენგელაიას “შავ მთებში”, ომის შემდეგ კი - დავით რონდელის სურათში “მწვერვალთა დამპყრობნი” და 1959 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, - შალვა გედევანიშვილის საბავშვო ფილმში “ზვიგენის კბილი”.

კირა ანდრონიკაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ მაინც ვერ შეიტყო თავისი მეუღლის ამბავი – ოფიციალური ვერსიით, ბორის პილნიაკი 1941 წელს ერთ-ერთ ბანაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. და მხოლოდ 1988 წელს შეიტყვეს პილნიაკის შვილებმა, რომ მამა, საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური წარმომადგენელი, 1938 წლის აპრილში დახვრიტეს დაახლოებით იმ დროს, როცა ანა ახმატოვამ მას ლექსი მიუძღვნა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG