Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ერაყში სამხედრო მისიას აორმაგებს, მშვიდობისდამცველთა ხელფასებს კი - ამცირებს


ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხარჯზე, შეერთებული შტატების მეთაურობით ერაყში მოქმედი კოალიციური ჯარების რიგები 500 კაცით გაიზარდა. ამერიკულ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ახალი

ქართული ქვედანაყოფი 1 მარტს თბილისიდან ერაყში ამერიკული ბოინგით გაემგზავრა. ამგვარად, ერაყში ქართული სამხედრო მისია უკვე თითქმის 900 კაცს აღწევს. გაცილების საზეიმო ცერემონიალზე ქართველი მშვიდობისდამცველების მისამართით ბევრი ამაღლებული სიტყვა და დაპირება ისმოდა, თუმცა ერაყში მყოფ ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეს, ბოლო ხანს შემუშავებული სახელფასო პოლიტიკის წყალობით, უკან დაბრუნების შემდეგ არცთუ დალხინებული ცხოვრება ელოდება.

“შავნაბადას” ბატალიონი, რომელსაც პირვანდელი სახელი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს შერქმეული, დღემდე შემორჩა, ერაყში მთელი პირადი შემადგენლობით გაემგზავრა. 550 ჯარისკაცი და ოფიცერი სისხამ დილით ვაზიანის ბაზაზე იყო მოწყობილი, რათა ექვსი თვით დამშვიდობებოდნენ სამხედრო ნაწილს და ახლობლებს.

[გამომშვიდობების ხმები] “უცებ, ორიოდე სიტყვით დავემშვიდობოთ, ბიჭებო, გასაგებია? მერე ხუთ წუთში მოწყობას ვაკეთებთ, ვალაგებთ იარაღს და მერე გეტყვით, თუ რა გავაკეთოთ.” (სტილი დაცულია)
საქართველომ პირველი ქვედანაყოფი ერაყში 2003 წლის აგვისტოს გაგზავნა. მაშინ ქართული მისია მხოლოდ 70 კაცს ითვლიდა. მაგრამ ამ რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით განაგრძო ზრდა. 8 ნოემბერს ერაყში საქართველომ 300 კაციანი ქვედანაყოფი გაგზავნა, 1 მარტიდან კი მათ რიცხვს შეემატა 550 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც გენერალური შტაბის ახალი უფროსის, პოლკოვნიკ ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, გაეროს მისიის დაცვის ფუნქციას უშუალოდ ბაღდადში განახორციელებენ.

[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა] “ეს არ არის ისეთი მისია,რომელსაც ბატალიონი ვერ შეასრულებს. პირიქით, ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს მისია იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული.”

ერაყში სამშვიდობო მისიას ქართველი სამხედროები, ძირითადად, ბაქუბაში, თიქრითსა და ბალადში ასრულებდნენ. უამრავი სახიფათო რეიდის მიუხედავად, ქართულ კონტინგენტს დანაკარგი არ ჰქონია. ქართველი ჯარისკაცები, რომლებმაც ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით “წვრთნისა და აღჭურვის” 7 კვირიანი კურსები გაიარეს, ერაყში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მომზადებულნი მიდიან.

[ჯარისკაცის ხმა] “კარგი განწყობილება გვაქვს ყველანაირად ყველას. მზად ვართ, ყველანაირად მომზადებული ვართ.”

მოტივაციის ძლიერი ელემენტია მაღალი ანაზღაურება. რიგითი ჯარისკაცი ერაყში, სამივლინებო თანხის სახით, ყოვეთვიურად 600 დოლარს იღებს, დაახლოებით 350 ლარის ოდენობის ხელფასი კიდევ ადგილზე ენახება. ოფიცრის შემთხვევაში კი თანხა ორმაგდება. თუმცა, როგორც ერაყში მყოფი ერთ-ერთი ოფიცრის მშობელმა ლილი დავითაიამ გვითხრა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ბოლო თვეში განახევრდა მისი შვილის ძირითადი ხელფასი.

[ლილი დავითაიას ხმა] “კონტრაქტი შეწყდა 28 დეკემბერს და იანვრის ხელფასი ავიღე 245 ლარი. ზუსტად ნახევარი. არადა, იანვარში დაპირებულები იყვნენ ხელფასის მომატებას.”

ამასთან, ბოლო ხანს გახშირდა ერაყიდან დაბრუნებული და ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ მომზადებული პროფესიონალი ჯარისკაცების მიერ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევები. სამხედრო უწყებას ოფიციალურად წარმოებაში 50-მდე ასეთი საქმე აქვს მიღებული, თუმცა იმ პროფესიონალ სამხედროთა რიცხვი, რომლებიც სამხედრო სამსახურის შემდგომ შესრულებას თავს არიდებენ, ორჯერ უფრო მაღალია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG