Accessibility links

logo-print

აფხაზური მთავრობის პრემიერ-მინისტრზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • ნინო როდონაია

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ანქვაბის დანიშვნიდან ორ კვირაში მის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ორშაბათს ღამით სოხუმის მახლობლად,

გუმისთის ხიდთან, ანქვაბის ავტომანქანას 17 ტყვია ესროლეს. ინციდენტის მომენტში თავად აფხაზური მთავრობის პრემიერი არა საკუთარ, არამედ ვიცე-პრემიერ ლაკერბაიას ავტომობილში იმყოფებოდა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
რას უკავშირებენ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმას?

აფხაზური ძალოვანი სტრუქტურები პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ეძებენ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მომხდარს პოლიტიკას არ უკავშირებს და მიიჩნევს, რომ თავდასხმის ორგანიზატორები კრიმინალური ელემენტები არიან. სოხუმის ტელევიზიასთან ინტერვიუში კრიმინალები ახსენა თავად ალექსანდრე ანქვაბმაც:

[ალექსანდრე ანქვაბის ხმა] ,,ეს არის ზეწოლა პრემიერ-მინისტრზე და ზეწოლა აფხაზეთის ახალ ხელმძღვანელობაზე, რომლის კურსი დისციპლინის განმტკიცება და წესრიგის დამყარებაა. ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლებამ მიაგნეს იმ მტკივნეულ წერტილებს, რომლის მეშვეობით კრიმინალური სტრუქტურები საკმაოდ დიდ ფულს შოულობდნენ. მიმდინარეობს ამ ნაკადების გადაკეტვა, რის გამოც ვფიქრობ, რომ მათ ამგვარი რეაქცია ჰქონდათ.”

,,ისინი ფიქრობდნენ, რომ პრემიერის მკვლელობით ჩვენს სტრატეგიას შეცვლიდნენ,” - განაცხადა სამშაბათს ალექსანდრე ანქვაბმა, რომელმაც შინაგან საქმეთა მინისტრს დამნაშავეებთან ბრძოლის გამკაცრება დაავალა.
ანქვაბზე თავდასხმის ორგანიზატორებად კრიმინალებსა და ყოფილ მმართველ ძალას მიიჩნევენ თბილისშიც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის ლევან კიკნაძის განცხადებით, ბაღაფშისა და ანქვაბის საწინააღმდეგო ტერაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ არსებობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კონკრეტულ ვერსიებზე თბილისშიც მუშაობენ, თუმცა ლევან კიკნაძე ამბობს, რომ ძალა, რომელსაც ბაღაფში-ანქვაბის ტანდემი ხელს არ აძლევს, პრაქტიკულად გამოკვეთილია:

[ლევან კიკნაძის ხმა] ,,ეს არის, პირველ რიგში, კრიმინალური სამყარო, ეს არის იმ კლანური მმართველობის ხელმძღვანელი პირები, ვინც წლების განმავლობაში მართავდნენ აფხაზეთს და, რა თქმა უნდა, არძინბას კლანი, რომელიც იძულებული იქნება ბევრი რამ დათმოს ბაღაფშის მოსვლის შემდეგ.” (სტილი დაცულია)

კრიმინალურ დაჯგუფებებთან ბრძოლის თაობაზე ალექსანდრე ანქვაბმა თებერვალში, აფხაზური მთავრობის პრემიერად დანიშვნისთანავე, განაცხადა.
ლევან კიკნაძე ამბობს, რომ კრიმინალების წინააღმდეგ დაუნდობელი მებრძოლის სახელი ანქვაბმა ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობისას მოიპოვა:

[ლევან კიკნაძის ხმა] ,,მისთვის ამ საქმეში არ არსებობს არც ნათესაობა, არც ახლობლობა, გარდა კანონისა და გარდა სამართლისა.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ სოხუმში ანქვაბზე თავდასხმის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ, არსებობს ბაღაფშის ხელისუფლებაში წარმოქმნილ განხეთქილებასთან დაკავშირებული ინფორმაციაც. კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტი ხაჯიმბა უკმაყოფილოა იმით, რომ პრეზიდენტი და პრემიერი საკადრო პოლიტიკას მასთან შეუთანხმებლად აწარმოებენ.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, თბილისში გმობენ ანქვაბზე თავდასხმის ფაქტს და აცხადებენ, რომ აფხაზეთში სტაბილიზაციის დამყარებასა და სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას ელიან. აფხაზური მთავრობის პრემიერზე თავდასხმას კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივის გართულებას უკავშირებს მოსკოვი, სადაც ხუთშაბათს სერგეი ბაღაფში მიემგზავრება.
XS
SM
MD
LG