Accessibility links

logo-print

პრეზიდენტის დანაპირების მიუხედავად, ავტომობილების ტექდათვალიერება მაინც განახლდა


”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების" კანონში შეტანილი დამატების საფუძველზე, 28 თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოტრანსპორტის წლიური ტექნიკური დათვალიერება დაიწყო.

საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, სავალდებულო პერიოდულ სახელმწიფო ტექდათვალიერებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც ხორციელდება მგზავრების გადაყვანა. არადა, დაახლოებით 8 თვის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ტექდათვალიერება 2007 წლამდე აღარ განხორციელდებაო.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გასული 2004 წლის სექტემბერში ახლად შექმნილ საპატრულო პოლიციას ესტუმრა და მოულოდნელად, აი,რა განაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”2007 წლამდე ჩვენ აღარ მოვთხოვთ არც ტექდათვალიერებას,აღარც სავალდებულო დაზღვევას. კანონს მე შევიტან ამაზე პარლამენტში. აი, როცა დავრწმუნდებით, რომ კორუფცია ნამდვილად აღარ არის, ხალხს უფრო მეტი საშუალება ექნება მაგ დროისთვის, რომ გადაიხადოს, მერე ხელახლა აღვადგენთ.”

2007 წელი ჯერ არ დამდგარა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების აღდგენის გადაწვეტილება მაინც მიიღო. ეს გადაწყვეტილება ისე არ გახმაურებულა, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ტექდათვალიერების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, ავტომობილების მფლობელთა დიდმა ნაწილმა ტექნიკური დათვალიერების აღდგენის შესახებ ჩვენი შეკითხვების შემდეგ შეიტყო.

[მძღოლების ხმა] ”არასწორი იქნება, 4 წელი უნდა იყოს. ეგ უკვე პრეზიდენტის საქმეა, ჩვენ რა, მაგრამ მოსაწონი არ არის. აქ დადებითი არაფერი არ არის. ის ტექდათვალიერება იყო, უბრალოდ, ფულის ყრა.”

“განცხადება ერთია, მაგრამ ტექნიკური დათვალიერება აუცილებელია. ტექნიკას უნდა დათვალიერება, როგორი მანქანა მოძრაობს... ახლა თვითნებობაა, მაგრამ უნდა იყოს ნორმალურ ფარგლებში ტექნიკური დათვალიერება. არ უნდა იყოს ძვირი, არ უნდა გაატყავონ ხალხი...”

სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებებენ. უფრო დაწვრილებით, თუ კიდევ რა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, პოლიციის წარმომადგენლის მიხეილ თვალავაძისგან შეიტყობთ:

[მიხეილ თვალავაძის ხმა] ”2007 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულოა იმ სატვირთო ტრანსპორტისთვის, რომლის ტვირთამწეობა 3 ტონაზე მეტია; სამგზავრო ტრანსპორტისათვის, გარდა მსუბუქი ტაქსებისა. დანარჩენი ნებისმიერი შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ეს არ იქნება სავალდებულო, იქნება ნებაყოფლობითი. რაც შეეხება 2007 წლის 1 იანვარს, მაშინ სუყველა გაივლის ტექდათვალიერებას.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ტექნიკური დათვალიერების გარეშე მოძრავი ავტომანქანების გამოვლენას 14 მარტიდან დაიწყებს.
XS
SM
MD
LG