Accessibility links

logo-print

“საქართველოს ახალმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა პირველივე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გთავაზობთ რუსეთის პრესის მიმოხილვას. ჯერ ბრატისლავის სამიტის გარშემო ვისაუბრებთ, შემდეგ კი ეკონომიკისა და საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების საკითხებს შევეხებით.

25 თებერვლის გაზეთ “ვრემია ნოვოსტეის” თქმით, “ბრატისლავის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადგილობრივი მცხოვრებლის წინაშე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა იწინასწარმეტყველა, რომ არა მხოლოდ მოლდავეთის, არამედ, საქართველოსა და უკრაინის კვალდაკვალ, მალე ბელორუსიის ხალხიც კი გამოიყენებს თავის შანსს დემოკრატიული არჩევანის გასაკეთებლად.”

გაზეთი წერს: “ეს სიუჟეტები ძლიერ აღელვებს მოსკოვს. ბრატისლავის სამიტზე არ გამართულა “სპეციალური დისკუსია” პოსტსაბჭოთა სივრცეში ვითარების შესახებ, მაგრამ შედგა ორი პრეზიდენტის პრინციპული საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს მსოფლიო”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მან აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინს მისი თანამოსაუბრე მთლიანად დაეთანხმა იმაში, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს პოლიტიკური პროცესები პოსტსაბჭოთა სივრცეში.”

25 თებერვლის გაზეთი “მოსკოვსკი კომსომოლეცი” აქვეყნებს მელორ სტურუას კომენტარებს პუტინისა და ბუშის შეხვედრის შესახებ.

ავტორი წერს: “რაც შეეხება პუტინს, მას ხასიათი წაუხდინა საქართველოს ახალმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელმაც პირველივე ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის კეთილი ნება საქართველოს ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტის საკითხში. არც უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვიკტორ იუშჩენკოს მოღვაწეობას ბრიუსელში შეეძლო მიენიჭებინა სიხარული ვლადიმირ ვლადიმირის ძისთვის. თავის გამოსვლებსა და განცხადებებში იუშჩენკო აშკარად მიანიშნებდა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის მომავალი ნატოსა და ევროკავშირს, ე.ი. დასავლეთს, უკავშირდება.”

რაც შეეხება სხვა საკითხებს:

28 თებერვლის გაზეთ “ნოვიე იზვესტიას” თქმით, “რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში შეიძლება უკანონოდ გამოცხადდეს. ამის შესახებ შაბათს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.”

როგორც საქართველოს სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ნოდარ ნათაძემ გაზეთს უთხრა, “რუსეთის ჯარების ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელს დაწყებული საქართველოს ანექსიის გაგრძელებაა.”

“ნოვიე იზვესტია” წერს: “საქართველოში ასე ფიქრობენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც. ისინი უკმაყოფილონი არიან იმით, რომ რუსეთის მხარე იგნორირებას უკეთებს თბილისის მოთხოვნებს, თუმცა, - როგორც სპიკერმა აღნიშნა, - კეთილი ნების პირობებში საკითხის გადაწყვეტას 2-3 თვეზე მეტი არ დასჭირდებოდა, რის შემდეგაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მოგვარდებოდა.”

25 თებერვლის გაზეთ “როსიისკიე ვესტის” თქმით, “სამხრეთ კავკასიის სპეციფიკა ისეთია, რომ აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ერთი მხრივ, ენერგეტიკულმა სფერომ, მეორე მხრივ - სატრანსპორტო კომუნიკაციებმა.”

გაზეთი წერს: “უახლოეს ხანში ამოქმედდება სარკინიგზო საბორნე მიმოსვლა რუსეთსა და სომხეთს შორის. მარშრუტის გახსნა რამდენჯერმე გადაიდო ტექნიკური მიზეზების გამო, მაგრამ უკვე თებერვლის მიწურულს ამუშავდება საბორნე გადასასვლელი ფოთსა და რუსეთის პორტ “კავკაზს” შორის.”

“მოსკოვმა ჯერ ვერ შეძლო ასეთი მიმოსვლა აფხაზეთის გავლით გაეხსნა და წავიდა კომპრომისულ შემოვლით ვარიანტზე, რომელიც წელიწადში 500 ათასი ტონა ტვირთის გადაზიდვის საშუალებას იძლევა.”
XS
SM
MD
LG