Accessibility links

logo-print

“შერიგების დრო”


გამოფენა, რომელიც თითქმის არ გააშუქა ქართულმა მედიამ... გამოფენა, რომელსაც პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს... გამოფენა, სახელწოდებით “შერიგების დრო”. რატომ არ ჰქონდა გამოხმაურება

ქართველი და ოსი მხატვრების ერთობლივ ექსპოზიციას, რომელიც გასულ კვირას მოეწყო გალერეაში “ჰობი”?

თბილისელი და ცხინვალელი მხატვრების ერთობლივი გამოფენის გახსნაზე რადიო “თავისუფლებას” სულ რამდენიმე წუთით დააგვიანდა, მაგრამ გალერეა “ჰობის” დარბაზი თითქმის ცარიელი დაგვხვდა. უკრავდა როიალი. მაგიდა გაწყობილი იყო ნამცხვრებით და ბუტერბროდებით და, რაც მთავარია, კედლებზე ეკიდა ქართველი და ოსი მხატვრების უაღრესად საინტერესო ფერწერული ტილოები – “აპოლიტიკური ტილოები”, რომელთა ავტორები, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, “კონფლიქტის მხარეები”, თავად კონფლიქტს არ ეხებიან: ხატავენ პეიზაჟებს, ნატიურმორტებს – ზოგს პროფესიონალის ხელი ეტყობა, ზოგი არ მალავს, რომ თვითნასწავლია, მაგრამ მშვიდობის სურვილი თუ მშვიდობაზე ოცნება ყველა ნამუშევარში შეიმჩნევა... ანუ პროექტის ავტორებმა - სხვათა შორის, იურისტებმა - მიზანს მიაღწიეს: შეგვახსენეს, რომ ხელოვნებამ მხოლოდ შერიგებაზე უნდა ილაპარაკოს და შერიგების ჟამის დადგომა გაგვახსენოს.

მაშ რატომ არ მოჰყვა რეზონანსი აქციას, რომელიც, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, ბაკურიანში გამართულ ქართულ-ოსურ შეხვედრაზე დაიგეგმა? - უფრო სწორად, დაიგეგმა და იქვე განხორციელდა კიდეც: ცხინვალელმა და თბილისელმა მხატვრებმა იქვე სამ დღეში შექმნეს თავიანთი ნამუშევრები, როგორც შედეგი დიალოგისა, რომელიც აქ, ბაკურიანში, გაიმართა.

როგორც გამოფენის ორგანიზატორმა ალეკო მესხმა გვითხრა, ექსპოზიციის დაგეგმისთანავე ისინი ოფიციალურ ცხინვალს დაუკავშირდნენ და სთხოვეს დაერთოთ ნება ოსი მხატვრებისთვის, მონაწილეობა მიეღოთ ქართულ-ოსურ “აპოლიტიკურ გამოფენაში”:

[ალეკო მესხის ხმა] “პირდაპირ დიალოგზე გაგზავნილი გვყავდა პიროვნება, მაგრამ შემოგვითვალეს, რომ ახლა, ამ ეტაპზე, არანაირი მხატვარი აქედან არ გავა და გადადეთო... ისიც აღნიშნეს, რომ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტმა შეიძლება ისეთი ბზარი გააჩინოს ქართულ-ოსურ ურთიერთობებში, რომ არ ვიცით, რამდენად შეიძლება ეს პროექტი კიდევ გადადოთო.”

მაგრამ ქართულმა მხარემ პროექტის განხორციელება არ გადადო... ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, დაე, არ გაშუქდეს პრესაში, რათა ცხინვალელ მხატვრებს პრობლემები არ შეექმნათ, დაე მხატვრების გვარები მითითებული არ იყოს გამოფენაზე... ექსპოზიცია მაინც უნდა მოეწყოს:

[ალეკო მესხის ხმა] ”გამოფენაზე არ ყოფილან, რადგან დიდი პრობლემები შეექმნებოდათ... არც ნამუშევრებზე გვაქვს სახელი და გვარები დაფიქსირებული... რომ დაიწყო პროექტი, გვინდოდა მაქსიმალურად გაშუქებულიყო მედიაში, მაგრამ მათი ხათრით გავაკეთეთ ის, რომ არც ერთი ტელევიზია არ წამოვიდა ბაკურიანში, დაასრულეს ნამუშევრები და წავიდნენ. ძალიან მთხოვეს, რომ არსად დაფიქსირებულიყო გვარი და სახელი.”

ალეკო მესხი ამბობს, რომ ქართველი და ოსი მხატვრების აქციის ასეთმა წარმოდგენამ იხსნა გამოფენა პოლიტიკური სპეკულაციისგან... და “იხსნა” თავად ოსი მხატვრებიც. 5 ცხინვალელი ფერმწერი თავიდან თანახმა იყო დასწრებოდა ექსპოზიციის გახსნას, მაგრამ, ალეკოს თქმით, ისინი დააშინეს:

[ალეკო მესხის ხმა] “იყო შემთხვევა მხატვრის დაშინებისა. ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ამ მხატვრებზე გავსულიყავით.”

საბოლოოდ, გამოფენაზე ვერ მოხვდა ოსი პროფესიონალი მხატვრების ტილოები, ე.ი. იმ მხატვრებისა, რომელთაც კარგად იცნობენ ცხინვალში. თუმცა არაპროფესიონალთა ნამუშევრებმა სპეციალისტებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და, როგორც გალერეა “ჰობის” მესვეურმა ვანდა მუჯირმა გვითხრა, “ჰობი” მომავალშიც აპირებს ასეთი ტიპის გამოფენების მოწყობას:


[ვანდა მუჯირის ხმა] “მაისში ვაპირებთ ასეთივე პროექტის განხორციელებას, ჩაფიქრებული გვაქვს პროექტი, რომელიც ასევე შერიგებას ეხება, ნაომარ მხატვრებს: აფხაზები – ქართველები, სომხები და აზერბაიჯანლები. ესაა საერთაშორისო პროექტი.”

ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, ნამდვილად განხორციელდება თუ არა ეს პროექტი. “კონფლიქტის მხარეები” ხომ ხშირად საკუთარი ნების გარეშე მოქმედებენ, რასაც ქართულ-ოსური ექსპოზიციის ორგანიზატორის ალეკო მესხის ეს სიტყვებიც ადასტურებს:

[ალეკო მესხის ხმა] “მხოლოდ და მხოლოდ შიში იყო. თავიდან ყველა დადებითად შეხვდა ამ ფაქტს, მაგრამ როცა ვეცადეთ იმ მხარესთან ყოფილიყო შეთანხმებული, შევატყვეთ, რომ მხატვრებს ძალიან შეეშინდათ და ყველა წავიდა უარზე, ისიც კი გვითხრეს, რომ დაიბარეს უშიშროებაში.”
XS
SM
MD
LG