Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა - ისევ ყურადღების ცენტრში


სამშაბათს უკრაინიდან გავრცელებულმა ინფორმაციამ ისევ ყურადღების ცენტრში მოაქცია ტრაგედია, რომელიც 2000 წლის შემოდგომაზე დატრიალდა.

მაშინ, 2000 წლის სექტემბერში, გაუჩინარდა ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი, წარმოშობით ქართველი გიორგი ღონღაძე - საინტერნეტო გამოცემა “უკრაინსკაია პრავდას” დამფუძნებელი, სახელგანთქმული უკრაინის მმართველ წრეებში კორუფციაზე რეპორტაჟებით. გიორგი ღონღაძის გაუჩინარებიდან ორ თვეში კიევის მახლობლად საზარელი აღმოჩენა გაკეთდა - იპოვეს ჟურნალისტის თავმოკვეთილი გვამი.

მსმენელს ემახსოვრება ეს ამბავი, რადგან ღონღაძის სახელი მაშინ მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი, თვით უკრაინაში კი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ - 2000 წლის მიწურულს - გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ღონღაძის მკვლელობაში პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ხელისუფლება იყო გარეული. სამშაბათს ეს ვარაუდი უკვე ახალმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ გამოთქვა - მეტიც, მან გამოაცხადა, რომ ღონღაძის მკვლელობა გახსნილია.

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] “დღეს გვაქვს საფუძველი, განვაცხადოთ, რომ გია ღონღაძის მკვლელობა გახსნილია. გია ღონღაძის მკვლელები დაკავებული არიან. ახლა ისინი ჩვენებას იძლევიან. გუშინ, როცა ვლაპარაკობდით იმაზე, თუ როგორ ჩაგვეტარებინა ოპერაცია, გია ღოღნაძის სიცოცხლის ბოლო მომენტებზე რაღაცეები შევიტყე. ეს იყო საზარელი სიკვდილი. დღეს ამას ადასტურებს მკვლელების ჩვენება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ ათასწლეულში საჯარო მოსამსახურეებს შორის ნახავ ადამიანებს, რომლებშიც ამდენი ბოღმა და სიმხეცეა.”

ვიქტორ იუშჩენკომ იანვარში, როცა ხელისუფლებას სათავეში მოექცა, ღონღაძის მკვლელობის გახსნა თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა. და მიზანს, როგორც მისი სამშაბათის განცხადება ცხადყოფს, სარეკორდოდ მოკლე დროში მიაღწია. განცხადების ერთი ნაწყვეტი უკვე მოისმინეთ. არანაკლებ საყურადღებოა შემდეგი, რომელშიც პრეზიდენტი არაორაზროვნად აცხადებს, ვისზეა ეჭვი:

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] “დღეს ჩემი და სამართალდამცავი უწყებების მთავარი მიზანია, პასუხის მიგნება მთავარ შეკითხვაზე: ვის მიერ იქნა ორგანიზებული და ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა? გამოძიება ახლა ამ ეტაპზეა. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ მკვლელობა გაუხსნელი იყო 4,5 წელი, მაშინ როცა ახალი ხელისუფლების პირობებში სულ რამდენიმე კვირაში გაიხსნა, ადასტურებს, რომ წინა მთავრობას არა მარტო აკლდა პოლიტიკური ნება საქმის გასახსნელად, არამედ, დღეს მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ წინა მთავრობა ხელს აფარებდა მკვლელებს”.

წინა მთავრობა რომ მკვლელებს ხელს აფარებდა, ასე უკრაინაში ბევრი ფიქრობს. მათ განსაკუთრებით საყურადღებოდ მიაჩნიათ ხმის ჩანაწერები, კუჩმას ერთ-ერთმა მცველმა რომ გაავრცელა ღონღაძის მკვლელობის შემდეგ. ლაპარაკია “მელნიჩენკოს ჩანაწერებზე”: ისმის როგორ ეუბნება ერთი მამაკაცი (ეს კუჩმას ხმაა) მეორე მამაკაცს, “ღონღაძე მოაშორეთ და ჩეჩნებს მიუგდეთო”...

ლეონიდ კუჩმა ირწმუნება, რომ ეს ჩანაწერი ყალბია. მაგრამ ფაქტია, რომ ღონღაძის საქმე წლების მანძილზე ვერ გახსნეს, ამან კი გააღვივა ეჭვი, რომ კუჩმას ადმინისტრაცია ფეხს ითრევდა... ეს ეჭვი კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც 2003 წელს გამოძიებას ჩამოაცილეს მაშინდელი გენერალური პროკურორი სვიატოსლავ პისკუნი, რომელიც ენერგიულად მუშაობდა ღონღაძის მკვლელობის გახსნაზე. პისკუნი მაშინ სხვა პოსტზე გადაიყვანე. გამოძიება ისევ ჩიხში შევიდა.

მაგრამ დღეს სხვა დროა - პისკუნი ისევ გენერალური პროკურორია და მან აუწყა სამშაბათს ღამით საზოგადოებას, რომ გიორგი ღონღაძის მკვლელობაში ეჭვმიტანის საფუძველზე ორი პოლიციელი დააკავეს.

ამ მოვლენებს, ბუნებრივია ინტერესით ადევნებს თვალს გიორგი ღონღაძის ქვრივი, მიროსლავა ღონღაძე, რომელიც 2001 წლიდან ემიგრანტის სტატუსით შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. როგორც მან ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, საქმეს გახსნილად მხოლოდ მას შემდეგ მიიჩნევს, რაც ცნობილი გახდება არა მარტო ვინ ჩაიდინა მკვლელობა, არამედ ვისი დაკვეთით მოკლეს გიორგი ღონღაძე...
XS
SM
MD
LG