Accessibility links

logo-print

ოპოზიციური ძალები მასშტაბური ალიანსისათვის ემზადებიან


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ხელისუფლებისადმი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები გაერთიანებას ცდილობენ. ოთხშაბათს ლეიბორისტული პარტიის ოფისში კონსულტაცია გამართეს მოძრაობა “წინ, საქართველოს” ლიდერებმა.

ამ კონსულტაციას წინ უსწრებდა ლეიბორისტულ პარტიასთან გია მაისაშვილის შეხვედრა. უახლოეს რამდენიმე კვირაში გაერთიანებული ოპოზიციური ძალები სერიოზული ნაბიჯების გადადგმას აპირებენ და საკუთარ ალიანსს სააკაშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისად აფასებენ.

[შალვა ნათელაშვილის ხმა] “აქ არ არის გაერთიანებაზე საუბარი. ლეიბორისტული პარტია რჩება ოპოზიციის გიგანტად.”

ასე ახსნა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ოთხშაბათს მოძრაობა “წინ, საქართველოს” ლიდერებთან მოლაპარაკების შედეგი. იტალიის მმართველი პარტიისაგან ნასესხები სახელის მქონე საზოგადოებრივი მოძრაობის პირველი პირები - ირაკლი ბათიაშვილი, მაია ნიკოლეიშვილი, მალხაზ გულაშვილი და გია კობახიძე - ქართველი მშრომელების წინამძღოლს, შალვა ნათელაშვილს, დაახლოებით საათ-ნახევარს ესაუბრებოდნენ, თუმცა მათი საუბრის ძირითადი დრო ტელეჟურნალისტებისათვის ინტერვიუებს და სხვადასხვა ტელეარხებზე მათ პირდაპირ ჩართვებს დაეთმო. მედიის ყურადღებითა და სამომავლო პოლიტიკური ალიანსის კონტურებით კმაყოფილი წინსაქართველოელები, მაია ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბათიაშვილი, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დაჩქარებაზე საუბრობდნენ:

[მაია ნიკოლეიშვილის ხმა] “დღეს საზოგადოებაში არის სერიოზული დაკვეთა, რომ გაერთიანება მოხდეს სერიოზული ინტელექტუალური ძალების, ძალებისა, რომლებსაც მართლა უყვართ საქართველო და მართლა ადარდებთ მისი ბედი. და, ფაქტობრივად, “წინ, საქართველოს” მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი სწორედ ამის გამოვლინება არის. “

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “ჩვენ მანამდე შეხვედრა გვქონდა ბატონ გია მაისაშვილთან, ბატონ გია მაისაშვილს ჰქონდა შეხვედრა ლეიბორისტებთან, ჩვენ მანამდე კიდევ სხვა ძალებთან გვქონდა შეხვედრა. თქვენ ყველაფერს შეიტყობთ, საითკენ წავა ჩვენი კონსულტაცია. მე მინდა გითხრათ, რომ პროცესები საქართველოში წავა დაჩქარებულად, პოლიტიკური პროცესები.”

ირაკლი ბათიაშვილს დასაჩქარებელი პოლიტიკური პროცესები არ დაუკონკრეტებია, თუმცა დაგვარწმუნა, რომ იგი ანტირევოლუციონერია და, შესაბამისად, რაიმე რევოლუცია მისგან მოსალოდნელი არ არის. თავის მხრივ, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ახალი ოპოზიციური ალიანსი პირველ სერიოზულ ნაბიჯებს უახლოეს რამდენიმე კვირაში გადადგამს. მისივე თქმით, ალიანსში გაერთიანება ყველას შეუძლია, ნაციონალური მოძრაობის, კონსერვატორებისა და რესპუბლიკელების გარდა. ბოლო ორ პარტიას ნათელაშვილი სააკაშვილის სარეზერვო პარტიებად მიიჩნევს და მათთან დიალოგს გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG