Accessibility links

logo-print

ბადრი პატარკაციშვილმა, შესაძლოა, საქართველო დატოვოს


ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა, შესაძლოა, საქართველო დატოვოს და საცხოვრებლად უკრაინის დედაქალაქ კიევში გადავიდეს. ამ შინაარსის განცხადება ორიოდე დღის წინ თავად ბადრი პატარკაციშვილმა გააკეთა.


თუმცა ბიზნესმენმა იქვე აღნიშნა, რომ, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიუხედავად, მის მიერ საქართველოში დაწყებული ბიზნესპროექტები არ შეწყდება. რატომ მიდის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესმენი საცხოვრებლად სხვა სახელმწიფოში და როგორ აისახება პატარკაციშვილის ეს ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკაზე?

ბადრი პატარკაციშვილი - საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელი, ყულევის საზღვაო ნავთობტერმინალის უმსხვილესი ინვესტორი და რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონების პატრონი - საქართველოს დატოვებასა და საცხოვრებლად კიევში გადასვლას აპირებს. არადა, ჯერ კიდევ შარშან, როდესაც პატარკაციშვილს ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტად ირჩევდნენ, იგი დაუფარავად გამოხატავდა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილს და არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ რუსეთიდან დევნილი ბიზნესმენი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გამგზავრებას აპირებდა.

[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] “მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველა, დაკაპიწებული ხელებით, გვერდში უნდა დავუდგეთ დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც არის ახალგაზრდა, ამბიციური და რომელმაც გადაწყვიტა ქვეყნის ახლებურად მართვა.”

მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, ბევრი რამ შეიცვალა. ჯერ ერთი - აღარ არის ზურაბ ჟვანია, რომელთანაც ბადრი პატარკაციშვილს ხაზგასმულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა. და კიდევ - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსული ძალის დამარცხების შემდეგ, ამ ქვეყანამ რუსეთიდან დევნილი ოლიგარქებისთვის მეტი ხიბლი შეიძინა.

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] “მე არა მგონია, რომ ჟვანია იყო ერთადერთი “სახურავი”. ზოგადადად სახურავზე თუ შეიძლება საუბარი, ხელისუფლებაა მისი “სახურავი”. მაგრამ კიევში შექმნილმა ახალმა რეალობამ, მე მგონი, უფრო ჩაუსახა პატარკაციშვილს წასვლისა და იქ ბიზნესის წარმოების პერსპექტივა.” (სტილი დაცულია)

ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი დარწმუნებულია, რომ კიევში გადასვლის შემთხვევაშიც კი ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში დაწყებულ ბიზნესპროექტებს უპირობოდ არ შეაჩერებს. ყულევის ტერმინალში ინვესტიციის სახით ჩადებული 81 მილიონი დოლარის გარდა, პატარკაციშვილი მშობლიურ თბილისს რუსი სამართალდამცავების შიშითაც ვერ შეელევა. თუმცა, პატარკაციშვილის დაკარგვით ყველაზე მეტად მაინც საქართველოს ეკონომიკა იზარალებს:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] “ახლა ჩვენ რომ დავთვალოთ რამდენი ადამიანი მუშაობს პატარკაციშვილის კომპანიებში, რამდენიმე ათასი ადამიანია და იღებენ ძალიან კარგ ხელფასს. ვადარებ ხოლმე იუმორით: პატარკაციშვილის ყოფნა საქართველოში ნავთსადენის გაყვანის ტოლფასი მოვლენაა.”(სტილი დაცულია)

და მართლაც, ეკონომიკის ექსპერტები იხსენებენ პატარკაციშვილის საქართველოში ჩამოსვლის პირველ თვეებს, როცა მის მიერ განხორციელებული ინვესტიციების წყალობით ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა. პატარკაციშვილის საქმიანობაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი წარმოდგენა აქვთ რიგით თბილისელებსაც:

[მამაკაცის ხმა] “ფული შემოიტანა მაგ კაცმა. ბევრს აქვს ფული, მაგრამ არ აჩენს, მაგრამ მაგან გამოაჩინა და რაღაცა შექმნა, მაგრამ ქარხნები და საწარმოები რომ არ დააარსა, ეგ არის უარყოფითი.”(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] “ფული შემოაქვს, ეხმარება ყველას - სპორტსმენებს, ბავშვებს... ოლიმპიადაზე გამარჯვებულებს დანაპირები თანხები მისცა...”

დაბოლოს, ბევრი დამკვირვებელი სიმპტომატურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ბადრი პატარკაციშვილმა მის საკუთრებაში არსებული თითქმის ყველა ბეჭდვითი გამოცემა დახურა. არ არის გამორიცხული, გამოთავისუფლებული თანხები ბიზნესმენმა ახალი მედიაჰოლდინგის - ამჯერად უკვე უკრაინული “იმედის” - შექმნას მოახმაროს.
XS
SM
MD
LG