Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუკუნის ახალი პროექტი - ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა


საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, ოდითგანვე იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი. თუმცა ეს ფუნქცია გარკვეულწილად დაკნინდა აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ,

როდესაც რუსეთთან სარკინიგზო კავშირი შეწყდა. შესაბამისად, ამიერკავკასიის რეგიონი მნიშვნელოვანწილად მოსწყდა რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკურ სივრცეს. ამ სივრცეში დაბრუნებამდე რეგიონში გაჩნდა ახალი ვექტორი, რომელიც, თურქეთის გავლით, ევროპის ბაზრისკენაა მიმართული. საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში ახალქალაქ-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტზე ალაპარაკდნენ.

1 მარტს თბილისში ახალი სარკინიგზო მაგისტრალის ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს პროექტის მუშა ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა. ”საქართველოს რკინიგზის“, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ახალი სარკინიგზო პროექტის ფინანსური და ტექნიკური საკითხები განიხილეს. მხარეებმა მარკეტინგული კვლევების, ექსპლუატაციის პირობებისა და მოძრავი სისტემის სტანდარტების შესახებაც იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს კი წინასწარ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

[რამაზ გიორგაძის ხმა] ”მთელი რიგი ორგანიზაციული საკითხებია კიდევ მოსაგვარებელი სამთავრობო დონეზე, სამივე მხარეს არის შესათანხმებელი ეს საკითხები. ნელ-ნელა წავიწევთ წინ. ალბათ, აპრილის ბოლოს მინისტრების შეხვედრისას გადაწყდება ბევრი საკითხი. მანამდე ჩვენც საბოლოო დოკუმენტაციას მოვუმზადებთ...”

ეს არის საქართველოს რკინიგზის კომერციული დირექტორი რამაზ გიორგაძე, რომლის განმარტებითაც, პროექტი ითვალისწინებს ახალქალაქსა და თურქეთის ქალაქ ყარსს შორის თანამედროვე ევროპული სტანდარტის სარკინიგზო მაგისტრალის აშენებას. მისივე განმარტებით, საჭირო სახსრების მოძიების შემთხვევაში, რკინიგზის აშენება უმოკლეს ვადებში განხორციელდება და ის მნიშვნელოვან მოგებას მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე მთელ რეგიონს.

[რამაზ გიორგაძის ხმა] ”როცა საზღვარი გაიხსნა პირველად თურქეთთან, როგორი აყვავება მოხდა თურქეთის მხარეს. ანალოგიურად, რკინიგზა მთელ რიგ ინფრასტრუქტურას მოიცავს, თან საქართველოში აშენდება ტერმინალების ქსელი. ეს ხალხის დასაქმებაა, ინფრასტრუქტურის განვითარება და რეგიონის ფეხზე დადგომა.”

თუმცა ეს ჯერჯერობით ცოტა შორეული პერსპექტივაა. მანამდე ჩასატარებელია მარკეტინგული კვლევა და სარკინიგზო მაგისტრალის დაპროექტების სამუშაოები. მათი დაფინანსების მზადყოფნა თურქულმა მხარემ გამოთქვა.

მე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ექსპერტს გიორგი ქერქაძეს სატელეფონო ინტერვიუ ვთხოვე იმის გასარკვევად, თუ როგორ აფასებს იგი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტის პერსპექტივებს.

[გიორგი ქერქაძის ხმა] ”საბჭოთა კავშირის დროს მიმდინარეობდა ბარისახოზე რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის ხაზის მშენებლობა. აი, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მომავალ ეტაპზე ეს რკინიგზის ხაზიც გაკეთდეს. ეს ნიშნავს, რომ თურქეთის და რუსეთის ვაჭრობა ერთმანეთთან დაკავშირდება. მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი სასარგებლოა...”

გიორგი ქერქაძე თავს იკავებს, ამ მნიშვნელოვან პროექტს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მსგავსად, საუკუნის პროექტი უწოდოს. თუმცა ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო პროექტის ავტორები სწორედ საუკუნის პროექტად მოიხსენიებენ ამ ახალ იდეას. ამ მუშა ჯგუფის მეორე სხდომა 2005 წლის 4-5 აპრილს ჩატარდება ბაქოში, სადაც ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნის ვადებზე და გადაზიდვის პერსპექტივებსა და დაფინანსების წყაროებზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG