Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო კინოფესტივალის შესახებ


ტელეკომპანია ”მზე” თავის ეთერს სახალხო კინოფესტივალს უთმობს. 1 ივნისამდე ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, 23 საათზე, ხოლო კვირაობით - 18:20-ზე ნაჩვენები იქნება ქართული

სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები, რომლებიც საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაშია გადაღებული. ფესტივალის ორგანიზატორებს სურთ დაამტკიცონ, რომ ქართული კინო არ მომკვდარა და კიდევ - მას მაყურებლამდე მისასვლელი გზა გაუკვალონ:

(მარინა სალუქვაძის ხმა) ”ვინაიდან არ არის კინოგაქირავება (აბსოლუტურად მოშლილია ეს სისტემა), ახალ ქართულ ფილმებს პრინციპში მაყურებელი არ ჰყავს, თუ თვითონ არ გაიკვლია გზა. ჩვენ გვინდოდა, რომ შანსი მიგვეცა.” (სტილი დაცულია)

ეს მარინა სალუქვაძეა, ტელეკომპანია ”მზის” წარმომადგენელი და ფესტივალის მთავარი ორგანიზატორი. შანსმა, რომელიც მან ახსენა, პარალელურად 5 ნომინაციაში გამარჯვებულებიც უნდა გამოავლინოს. ესენია: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო ანიმაციური ფილმი და საუკეთესო ახალგაზრდული კინო.

გამოცხადებულ კონკურსს თავდაპირველად 200 მსურველი გამოეხმაურა, მონაწილეობას კი მათგან მხოლოდ 130 მიიღებს. დამწყებთა გვერდით არიან ცნობილი რეჟისორებიც: მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა ჯანელიძე, ნოდარ მანაგაძე და სხვები. აქვე ვიტყვი, რომ ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ჩვენი რადიოს თანამშრომლის ალექსანდრე ელისაშვილის დოკუმენტური ფილმი - ”მივიწყებული სევილიელი”, რომელიც მაყურებლებს ლეგენდარულ ხოსე დიასს შეახსენებს.

როგორც მარინა სალუქვაძე ამბობს, სახალხო კინოფესტივალის კონკურსანტებს ორგვარ ფილტრში მოუწევთ გავლა:

(მარინა სალუქვაძის ხმა) ”არის 2 ჟიური. ერთი ჟიური არის მოქმედი პროფესიონალი კინომცოდნეებისგან შემდგარი (ის კინოკავშირმა წარადგინა) და მეორე არის - ხალხი, ტელეკომპანია ”მზის” მაყურებელი, რომელიც თითოეული სეანსის შემდეგ, ორი საათის განმავლობაში, გარკვეულ ნომრებზე (თითო ფილმს ექნება თავისი ნომერი) დარეკავს და ხმას მისცემს თავის რჩეულ ფილმს.” (სტილი დაცულია)

კინომცოდნეთა 18-კაციან ჟიურის კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი არჩილ შუბაშვილი ჩაუდგება სათავეში. უშუალოდ ჟიურის შემადგენლობა კი ყველასათვის კარგად ცნობილი გვარებით არის დაკომპლექტებული, მაგალითად: გიორგი გვახარია, ლელა ოჩიაური, თეო ხატიაშვილი და ნანა თუთბერიძე. არჩილ შუბაშვილი კინომცოდნეებს ”ყველაზე ობიექტურ მაყურებლებს” უწოდებს და ფილმების შეფასების კრიტერიუმებზე საუბრობს:

(არჩილ შუბაშვილის ხმა) ”კინომცოდნეები მაინც საქმის კურსში არიან - რა ხდება მსოფლიო კინემატოგრაფიულ პროცესში და სწორედ ამ კრიტერიუმით შეუძლიათ (და ისინი ვალდებულიც არიან) სწორედ, აი, ამ კუთხით მიუდგნენ ყველა პროდუქციას.” (სტილი დაცულია)

შეფასება საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს, - ამბობს შუბაშვილი, თუმცა კინომცოდნე ნანა თუთბერიძე ამის პირობას ვერ დებს:

(ნანა თუთბერიძის ხმა) ”მე საერთოდ მკაცრი ადამიანი არ ვარ (იცინის). ჩემი კოლეგები, კინოკრიტიკოსები, ამის გამო მაკრიტიკებენ კიდეც - ძალიან მიმტევებელი ხარო... მე ამ შემთხვევაში ვიქნები ისეთი, რა ... კეთილგანწყობილი, ასე ვთქვათ.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება ”მზეს”, ფესტივალისთვის ყველაზე კომერციული საეთერო დროის დათმობით ტელეკომპანია გარკვეულ რისკზე წავიდა და ამაზე მისი გენერალური დირექტორი ელდარ მდინარაძეც საუბრობს:

(ელდარ მდინარაძის ხმა) ”არის საშიშროება იმისა, რომ ქართულმა კინომ თითქოს ვერ გაუწიოს კონკურენცია სხვა არხების პროგრამებს.” (სტილი დაცული)

თუმცა თავად კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე მაინც იმედოვნებს, რომ თეორიულად არსებული საფრთხე თეორიულადვე დარჩება:

(ელდარ მდინარაძის ხმა) ”ქართველი ტელემაყურებელი გაგებით მოეკიდება ამას ყველაფერს, ინტერესით და შეხედავს იმ ნამუშევრებს, რაც იქნება წარმოდგენილი ეთერში და ვფიქრობთ, რომ რაღაც გარკვეულ რეიტინგს ეს შეიძენს.” (სტილი დაცულია)

მაშ ასე, ტელეკომპანია ”მზემ” საფესტივალო ფილმების ჩვენება 1 მარტს დაიწყო და წინ კიდევ 3 თვეა. კინომცოდნეთა კომპეტენტური ჟიური, ბუნებრივია, ფილმებს ყურადღებით ნახავს და თავის მისიას შეასრულებს კიდეც. თუმცა არც მაყურებელს უნდა დაავიწყდეს, რომ ამა თუ იმ ფილმის გამარჯვება მის სატელეფონო ზარზეც იქნება დამოკიდებული.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG