Accessibility links

logo-print

რატომ არ აისახება ეკონომიკის ზრდა საზოგადოების კეთილდღეობაზე


საქართველოს ეკონომიკამ, 1990-იანი წლების დასაწყისში განცდილი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, 1995 წლიდან კვლავ დაიწყო ზრდა.

მაშინ ეკონომიკის გამოცოცხლება ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახა, თუმცა ეს ტენდენცია შეიცვალა 1998 წელს მომხდარი ეკონომიკური კრიზისის გამო. 2003 წლიდან ქართულმა ეკონომიკამ კვლავ დაიწყო ზრდა და თანაც შთამბეჭდავი ტემპებით. როგორ აისახება ეს საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე?

საქართველოში ბოლო ერთი წლის მანძილზე სახელმწიფო ბიუჯეტი ორჯერ გაიზარდა, მიმდინარეობს მასშტაბური პრივატიზაცია, შემცირდა კორუფცია, უფრო ლიბერალური გახდა საგადასახადო კანონმდებლობა. ეკონომიკის ექსპერტების განმარტებით, ყველა ეს ეკონომიკის ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორებია. საქართველოში ეკონომიკა, მართლაც, იზრდება. სტატისტიკური მონაცემებით, 2003 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წელთან შედარებით, 11,5 პროცენტით გაიზარდა, 2004 წელს კი ზრდამ 8,4 პროცენტი შეადგინა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ყოველდღე ვვითარდებით, ჩვენი ბიუჯეტი იზრდება, ძალიან ბევრი ფული ჩაიდო საქართველოს ეკონომიკაში...”

ესაა ფრაგმენტი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წლიური ანგარიშიდან, რომელიც მან პრესკონფერენციაზე გააცნო თავის მოსახლეობას. თუმცა ამ დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს აქვს მეორე მხარეც. როგორც სტატისტიკის სპეციალისტები ამბობენ, ნებისმიერი სტატისტიკური ინფორმაცია შეიძლება ისე გამოაქვეყნო, რომ ის მიმდინარე მოვლენების დადებით სურათს ხატავდეს. დაახლოებით ასეა ქართულ ეკონომიკაშიც, რადგან მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწლიური ზრდა არანაირად არ აისახება ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

[ნოდარ კაპანაძის ხმა] ”მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება, ანუ ეკონომიკა იზრდება. ცოტა უფრო დაბალი, მაგრამ ასევე ზრდის ტემპი აქვს სიღარიბის ზღვარს. და ყველაზე დაბალი ტემპი თვითონ მოხმარების მაჩვენებლებს აქვს, ანუ ცხოვრების გაძვირების და თვითონ ეკონომიკის განვითარების ტემპი გაცილებით უსწრებს მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ეხება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არანაირად.” (სტილი დაცულია)

ეს არის ნოდარ კაპანაძე, მსოფლიო ბანკის ექსპერტი და სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი. მისივე განმარტებით, ეკონომიკური ზრდა მაღალი ეფექტურობის მქონე სფეროში - მაგალითად, ნავთობსადენის მშენებლობაში - ინვესტიციების განხორციელებითაა გამოწვეული. ნავთობსადენის მშენებლობაზე დასაქმებულთა რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ის ვერაფრით აღემატება სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა რიცხვს. ეკონომიკური საქმიანობის ეს უკანასკნელი სფერო იმდენად არაეფექტურია, რომ მას მხოლოდ სოფლად დასაქმებულთა სურსათით უზრუნველყოფა თუ შეუძლია.

[ნოდარ კაპანაძის ხმა] ”ამის მერე სოფლად მეტი ზრდა ვეღარ ხდება. პირიქით, ამ ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის წვიმა, სეტყვა და ასე შემდეგ, ვიდრე ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერი ეკონომიკური პროცესი და საკანონმდებლო ცვლილება. ეს ხალხი არის მთლიანი შიდა პროდუქტის მიღმა. ამ ნაზარდზე მათ ხელი არ მიუწვდებათ.”(სტილი დაცულია)

ნოდარ კაპანაძის აზრით, სოფლად დასაქმებულთა გაღარიბება შეუქცევადი პროცესია. მის მსგავსად, ქართული ეკონომიკის სხვა ექსპერტებიც ირწმუნებიან, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარება იმ შემთხვევაში აისახება ქვეყნის მოსახლეობაზე, თუ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები გატარდება, რაც მაღალეფექტურ დარგებში დასაქმებულ მოქალაქეთა რიცხვის გაზრდას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG