Accessibility links

logo-print

საქართველო სატრანზიტოდ ნატოს საკუთარ საჰაერო სივრცესა და ხმელეთს უთმობს


2 მარტს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა და ალიანსის გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა

ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ნატოს ძალებს, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ავღანეთის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილების საშუალებას აძლევს. ავღანეთში მოქმედი კოალიციური ძალებისათვის კავკასიის საჰაერო დერეფნის მნიშვნელობაზე ორი დღის წინ ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარასარდალმა, გენერალმა ჯეიმს ჯონსმა საგანგებოდ შეაჩერა ყურადღება. ამ შეთანხმების შემდეგ აღარავის ეჭვი აღარ ეპარება, რომ საქართველო მალე იქცევა სერიოზულ პლაცდარმად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისათვის.

[ვერტმფრენების ხმა]

ნატოს წევრი ქვეყნების საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტმა საქართველოს ტერიტორია გაცილებით ადრე აითვისა, ვიდრე ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილი და იააპ დე ჰოოპ სხეფერი შესაბამის შეთანხმებას გააფორმებდნენ. საქართველოში, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, წელიწადში რამდენჯერმე ეშვება შეერთებული შტატების, გერმანიისა და თურქეთის სატრანსპორტო ლაინერი, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტვირთები დააქვს. და მაინც ბრიუსელში შეთანხმებულ დოკუმენტში სწორედ “საქართველოს ტერიტორიის გავლით სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტურ უზრუნველყოფაზეა” გამახვილებული ყურადღება. შეთანხმების გაფორმების აუცილებლობას საქართველოს ელჩი ნატოში დავით დონდუა ასე განმარტავს:

[დავით დონდუას ხმა] “გასული წლის სექტემბერში ელჩების სხდომაზე ბრიუსელში გენერალური მდივნის მოადგილემ ოპერაციების დარგში განაცხადა, რომ მათ უნდათ ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების ოპერაციის მომარაგების გზების დივერსიფიკაცია. და გამოყო ორი მიმართულება, ჩრდილოეთ-სამხრეთი, რომელიც რუსეთიდან ცენტრალური აზიის გავლით შევა ავღანეთში და მეორე დასავლეთიდან აღმოსავლეთში, კავკასიისა და ცენტარლური აზიის გავლით.”(სტილი დაცულია)


ავღანეთში მოქმედი კოალიციური ძალებისათვის სამხრეთ კავკასიის დერეფნის მნიშვნელობაზე ორი დღის წინ ყურადღება შეერთებული შტატების ევროპული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ჯეიმს ჯონსმაც გაამახვილა. სტრატეგიულ შეფასებაში ამერიკელი გენერალი, რომელიც, იმავდროულად, ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიცაა, აცხადებს, რომ “კავკასიური დერეფანი კრიტიკულად აუცილებელ სიცოცხლის გზად იქცა ავღანეთში მოქმედ ნატოს კოალიციურ ძალებსა და ამერიკის ევროპულ ბაზებს შორის.” შესაბამისად, ტვირთების შეუზღუდავი გატარების თაობაზე ნატოსთან შეთანხმების გაფორმება საქართველოში აღიქვეს როგორც კიდევ ერთი ნაბიჯი, რაც ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ამ მოსაზრებას იზიარებს სტრატეგიულ და საერთაშორისო სწავლებათა საქართველოს ფონდის ვიცე-პრეზიდენტი თემურ იაკობაშვილი, თუმცა დასძენს, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] “ნატოში გაწევრიანება, პირველ რიგში, ნიშნავს ამ ორგანიზაციის პრინციპების გაზიარებას და უსაფრთხოების ფუნქციური სისტემის არსებობას. და თუ არ იქნება ეს ყველაფერი შესაბამის სტანდარტებთან მოყვანილი, მაშინ ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა იქნება.”

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნატოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ამოქმედებას, ანუ საქართველოს გავლით ავღანეთისკენ მიმავალი ნატოს სამხედრო ტრანსპორტის გამოჩენას, საკანონმდებლო ორგანოში დოკუმენტის რატიფიკაცია სჭირდება, რაც პარლამენტში არსებული პოლიტიკური ბალანსის გამო ხელისუფლებას არ გაუჭირდება. მით უფრო, რომ საპარლამენტო ოპოზიციაც პროდასავლურად არის განწყობილი და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში.
XS
SM
MD
LG