Accessibility links

logo-print

ინტერვიუ ასლან მასხადოვთან


. იანვრის ბოლოს ჩეჩენი მეამბოხეების მეთაურმა ასლან მასხადოვმა გამოაცხადა ცალმხრივი ზავი და იმედი გამოთქვა, რომ მას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკება მოჰყვებოდა.

ზავის და, საერთოდ, ჩეჩნეთის ბედის თაობაზე ჩვენი რადიოს ჩრდილოკავკასიურმა რედაქციამ ამ დღეებში შეძლო დაკავშირებოდა მასხადოვს და შეკითხვებით მიემართა მისი სამშვიდობო ინიციატიის თაობაზე.
რამ უბიძგა მას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წინადადებით გამოსვლისკენ? ასეთი იყო პირველი შეკითხვა.

მასხადოვი:
ჯერ ერთი, მე ყოველთვის მგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ღრმა შეცდომაში შეიყვანეს და ამაში მისი სპეცსამსახურები, ფედერალური ჯარების გენერლები, მისი მრჩევლები და ადგილობრივი მარიონეტები არიან დამნაშავე. ამიტომ ჩვენ გამოვდიოდით და გამოვდივართ წინადადებით, რომ საკმარისია 30 წუთით პირისპირ შეხვედრა, რათა ეს ომი შეჩერებულ იქნეს, რათა ავუხსნათ რუსეთის პრეზიდენტს, საერთოდ, რა სურთ ჩეჩნებს. მე დარწმუნებული ვარ, მან ესეც არ იცის. და პუტინის პირიდან გავიგოთ, მას რა სურს - ეს ჩვენ არ ვიცით.

შეკითხვა: თქვენ მორატორიუმი გამოაცხადეთ შეტევით სამხედრო მოქმედებებზე. თქვენი განკარგულება სრულდებოდა თუ არა?

მასხადოვი: არა მგონია, რომ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე იყოს ქვედანაყოფები, რომლებიც უგულვებელყოფენ ჩემს განკარგულებას. ჩემის აზრით, ასეთი ქვედაგაყოფები არ არსებობს არც ინგუშეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიებზე. ეს რეალობაა და არა ცარიელი სიტყვები. ორივე მეომარ მხარეს რომ გამოეცხადებინა მორატორიუმი, ვფიქრობ, პრობლემა არ იქნებოდა და ბრძანება ზუსტად შესრულდებოდა, მაგრამ მე იძულებული გავხდი, დამატებითი განკარგულება გამეცა მეთაურებისთვის საკუთარი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

შეკითხვა: მართლა ხართ თუ არა დარწმუნებული, რომ ჩრდილო კავკასიის სხვა რესპუბლივკებშიც მიმდინარეობს ომი?

მასხადოვი: დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამ ომის დასაწყისში მე ჩრდილო კავკასიის ყველა ლიდერს მოვუწოდებდი, ერთობლივად გამოვსულიყავით ამ ომის წინააღმდეგ... მაგრამ მე მხოლოდ ორნი დამეთანხმდნენ - ეს არის კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორი კონდრატენკო და რუსლან აუშევი. სხვებმა არ ისურვეს ურთიერთობის გაუარესება მომავალ პრეზიდენტთან. მონურმა ფსიქოლოგიამ თავისი ქნა.

შეკითხვა: რა იდეალებით ხელმძღვანელობთ, როცა ასეთ ძლიერ წინააღმდეგობას უწევთ რუსეთს. რა არის თქვენი ბრძოლის მიზანი?

მასხადოვი: ჩვენი იდეა არის ჩვენი ხალხის გადარჩენა რუსეთის განუკითხაობისგან. ჩვენ მიზანს მიღწეულად მივიჩნევთ, თუკი რუსეთს მომავალში აღარ ექნება ჩვენი ხალხის განუკითხავად ჟლეტის უფლება. აი, ჩეჩნეთისა და რუსეთის ურთიერთობის რა ვარიანტით იქნება გარანტირებული ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, მზად ვართ ეს მოლაპარაკებების მაგიდასთან გავარკვიოთ ნებისმიერი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

შეკითხვა: რა პერსპექტივას ხედავთ რუსეთისა და ჩეჩნეთისთვის, თუკი უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა.

მასხადოვი: ომი გაგრძელდება. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ჩეჩენი მოჯაჰედები ამ ომში ბოლომდე იდგებიან. და ამ ომის ალი მთელ ჩრდილო კავკასიას მოედება. რუსეთის ხალხს გამუდმებით ექნება შაჰიდებისა და თვითმკვლელთა მხრიდან შურისძიების შიში. თუკი რუსეთის დღევანდელ პოლიტიკოსებს არ ეყოფათ გონიერება ამ ომის შესაწყვეტად, მათ ადგილზე სხვები მოვლენ და მაინც შეწყვეტენ ამ ომს, მაგრამ სამარცხვინო პირობებში. ჩვენ გვეყოფა მოთმინება.
XS
SM
MD
LG