Accessibility links

logo-print

საქართველოში სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის მიღება სულ უფრო ძნელი ხდება


“ვარდების რევოლუციის” ერთი წლისთავზე ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად უჩივიან საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიღების გართულებას. სამთავრობო პრეს-ცენტრებში კი მიაჩნიათ,

რომ მასმედიის საშუალებები რევოლუციამდელ ხანაში დარჩნენ და არ სურთ “თამაშის ახალ, ცივილიზებულ წესებთან” შეგუება. შესაბამისად, დაბნეულნი არიან ინფორმაციის მომხმარებლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქმე აქვთ ცენზურის აღორძინების მცდელობასთან. შესაბამისად, მასალაზე მუშაობა სწორედ უბრალო ადამიანების გამოკითხვით დავიწყე.

[მამაკაცის და ქალის ხმა] “ხელისუფლების ცენზურაა, აბა, რა არის? მოირგეს კოსტუმივით ტანზე მთელი საქართველო და მეტი არაფერი, სამწუხაროდ.”/ “ხელისუფლებამ არც უნდა მოგცეს იმის ნება, რომ ყველაფერი ილაპარაკო და ყველაფერი მიაწოდო ხალხს. ეს არც არის სასურველი, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.”

თბილისის ქუჩებში ჩატარებული ეს ბლიც გამოკითხვაც ცხადყოფს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების ხარისხით კმაყოფილი ადამიანების რაოდენობა სულ უფრო კლებულობს. მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, თავად ჟურნალისტები, რომლებიც საინფორმაციო პროდუქციას ქმნიან, ამაზე ხმამაღლა მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, როდესაც სახელმწიფო კანცელარიაში თავისუფლად გადაადგილება აუკრძალეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვითარება არც სხვა უწყებებშია უკეთესად. ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” კორესპონდენტი ნანა ინწკირველი ამბობს, რომ ოფიციალური სტრუქტურები მხოლოდ მათთვის საჭირო ინფორმაციის გაცემისთვის არიან მზად:

[ნანა ინწკირველის ხმა]”საქართველოში პრეს-სამსახურები ჟურნალისტებისათვის ღია არის მაშინ, როცა ინფორმაციის გავრცელება თავად ამ ოფიციალური უწყებებისთვისაა ხელსაყრელი. მაგალითად, ინფორმაციის მოპოვება ჩემს სფეროში - მე ვგულისხმობ კრიმინალს და ძალოვან უწყებებს - ბოლო დროს ძალიან გართულდა და პრეს-ცენტრის ნებართვის გარეშე მხოლოდ “გამარჯობას” გეუბნებიან.”

როცა სახელმწიფო უწყების პრეს-ცენტრის მხრიდან იგნორირებაზე “რუსთავი 2”, გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის ჟურნალისტი ჩივის, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა დღეში არიან სხვა ტელეკომპანიების და, განსაკუთრებით, ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლები. ქეთი ხატიაშვილი გაზეთ “ალიას” რედაქტორის მოადგილეა და პოლიტიკურ თემებს აშუქებს. ქეთიმ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ზოგიერთი უწყების პრეს-ცენტრს “ალიასთვის” ინფორმაციის მიწოდება საერთოდ აკრძალული აქვს:

[ქეთი ხატიაშვილის ხმა] “ძალიან ხშირად კანცელარიაში პრეზიდენტის ბრიფინგებს ჩვენ მხოლოდ ტელევიზიის პირდაპირი ჩართვების საშუალებით ვგებულობთ. არაფერს ვამბობ ძალოვანი უწყების პრეს-ცენტრებზე, რომლებსაც მიცემული აქვთ განკარგულება, რომ “ალიას” კომენტარი არ გაუკეთონ.”(სტილი დაცულია)

1 მარტის გაზეთ “ახალი ვერსიის” გამოკითხვის შედეგად, ჟურნალისტებისათვის ყველაზე ჩაკეტილ უწყებად გაერთიანებული შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა დასახელდა. ეს ის უწყებებია, რომელთა ხელმძღვანელები არცთუ შორეულ წარსულში თავად იყვნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტები და კარგად ესმით, თუ რაოდენ რთულდება ობიექტური სურათის შექმნა, როცა ოფიციალური უწყება დროულად არ იძლევა ინფორმაციას. თუმცა, თავის მხრივ, ჟურნალისტების მუშაობის მიმართ პრეტენზიები აქვთ თავად უწყების პრეს-ცენტრის ხელმძღვანელებს. გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანმა ხათუნა ცხვედიაშვილმა გვითხრა, რომ ინფორმაციაზე მუშაობისას ჟურნალისტები ხშირად არ ითვალისწინებენ პროკურატურის სპეციფიკას, რაც გაუგებრობას იწვევს.

[ხათუნა ცხვედიაშვილის ხმა] “როცა საქმე გამოძიების ეტაპზე არის, შეუძლებელია, რომ ჟურნალისტმა მაშინვე მიიღოს ინფორმაცია, იმიტომ რომ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს აკრძალულია.”

ამ გაუგებრობისა და ანტაგონიზმის მოგვარებას სრულებითაც არ უწყობს ხელს თავად პრეს-ცენტრების მწირი ტექნიკური აღჭურვილობა, რაც თვალსაჩინოა თვით ისეთ ტრადიციულად გამჭვირვალე სახელისუფლებო ორგანოშიც კი, როგორიც პარლამენტია, -გვითხრა საკანონმდებლო ორგანოს პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ თევდორაძემ:

[ვლადიმერ თევდორაძის ხმა] “მოდით, დავიწყოთ ძალიან მარტივით: ესე იგი არის პრესის ოთახი და არ არის აღჭურვილი სათანადოდ. ეს აუცილებელია პირველ ეტაპზე.”(სტილი დაცულია)

დაბოლოს, არსებობს ერთი მარადიული დილემა: ჟურნალისტებს სურთ, რაც შეიძლება სწრაფად და ვრცლად მოიპოვონ ინფორმაცია, სახელმწიფო უწყება კი ცდილობს, ინფორმაცია ჟურნალისტებს დოზირებულად და საფუძვლიანად გადამოწმების შემდეგ მიაწოდოს. ეს დილემა ყოველთვის გაავლებს სადემარკაციო ხაზს ჟურნალისტებსა და ოფიციალურ სტრუქტურებში მყოფ მათ კოლეგებს შორის.
XS
SM
MD
LG