Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაიზარდა კონტრაბანდის მოცულობა


2004 წლის პირველი 6 თვის მანძილზე საქართველოში კონტრაბანდული საქონლის მკვეთრი შემცირება აღინიშნა. ეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა ცვლილებებმა და ცხინვალის რეგიონში

შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. თუმცა წლის ბოლოს ვითარება ისევ გაუარესდა და 2005 წლის დასაწყისში, ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებისთანავე, საგანგაშო მასშტაბები მიიღო. 4 მარტს სასტუმრო ”თბილისი - მერიოტში” ბიზნესმენები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ იმის გასარკვევად, თუ როგორ ებრძოლონ კონტრაბანდას.

თანახმად არაოფიციალური ინფორმაციისა, რომელსაც საქართველოს მთავრობაც არ უარყოფს, იანვრის თვის ბიუჯეტს 15 მილიონი ლარი დააკლდა. ამის მიზეზად სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე სააქციზო გადასახადის მატებას და ამის გამო გაზრდილ კონტრაბანდას ასახელებენ:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”ჩვენ ველოდებოდით და ვაფრთხილებდით საგადასახადო კოდექსის განხილვის დროს მთავრობას, რომ აქციზის ზრდა გამოიწვევდა კონტრაბანდას. თუმცა მთავრობის არგუმენტი, რომ იმდენად შემცირდა სხვა გადასახადები, რომ კომპენსირება უნდა მომხდარიყო და ერთადერთი გზა იყო თამბაქო და ალკოჰოლი...”(სტილი დაცულია)

ეს არ გეგონოთ ოპოზიციის რომელიმე ლიდერი ან ეკონომიკის ექსპერტი, ეს მიხეილ მაჭავარიანია, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.

4 მარტს სასტუმრო ”თბილისი-მერიოტში” გამართულ კონფერენციაზე მიხეილ მაჭავარიანზე უფრო თამამი განცხადებები საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კორნელი სალიამ გააკეთა. მან ის პრობლემები ჩამოთვალა, რომლებიც კონტრაბანდის ზრდას უწყობს ხელს:
[კორნელი სალიას ხმა] ”ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის არასრულყოფილება, სეპარატისტული ტერიტორიების არსებობა, ასევე სახელმწიფო საზღვრებზე შეუთანხმებელი ტერიტორიები, სასაზღვრო ზონებში განლაგებული უკანონო ბაზრობები...”(სტილი დაცულია)

ეს არ არის იმ პრობლემების სრული ნუსხა, რომელზეც კორნელი სალიამ გაამახვილა ყურადღება. კონტრაბანდის ყველაზე დიდი წილი სეპარატისტულ რეგიონებზე მოდის, განსაკუთრებით კი - ცხინვალის რეგიონზე.
წინა წლების გაანგარიშებით, ამ რეგიონიდან საქართველოში 120 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია არალეგალურად შემოდიოდა. ახლა ეს ციფრი 25 მილიონამდეა შემცირებული. რატომ ვერ ხერხდება რეგიონში კონტრაბანდის ბოლომდე აღკვეთა? ამ შეკითხვით შიდა ქართლის გუბერნატორს მიხეილ ქარელს მივმართე:

[მიხეილ ქარელის ხმა] ”შიდა ქართლი ყოფილ სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება საკმაოდ რთული რელიეფური საზღვრით - ეს არის 80 კილომეტრიანი პერიმეტრი. აქედან გამომდინარე, ადამიანებს უადვილდებათ ხელჩანთებით ზიდვა, იმიტომ რომ არის ბუჩქნარი, არის ტყეები...” (სტილი დაცულია)

თუმცა, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის გარდა, კორნელი სალიას განცხადებით, არის სახელმწიფო საზღვრის ის მონაკვეთები, სადაც, სიგარეტისა და საწვავის გარდა, ნარკოტიკების, ხე-ტყის, მსხვილფეხა პირუტყვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გადატანაც კი ხდება.

”თბილისი-მერიოტში” გამართულ კონფერენციაზე არავის გასჩენია სურვილი შესწინააღმდეგებოდა აზრს, რომ დასახელებული სირთულეების გადაწყვეტა აუცილებელია. თუმცა ხელისუფლება მაინც სულ სხვა მეთოდებით ებრძვის კონტრაბანდას. როგორც ცნობილია, პირველი მარტიდან მთელ საქართველოში სიგარეტით გარევაჭრობა აიკრძალა, ხოლო პირველი აპრილიდან ალკოჰოლით ვაჭრობაც აიკრძალება. ამით უკმაყოფილო მოვაჭრეებმა 4 მარტს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
XS
SM
MD
LG