Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ჟურნალისტები ტელევიზიის ხელმძღვანელობას უპირისპირდებიან, თბილისში კი სამოქალაქო სექტორი პირველი არხის სამეურვეო საბჭოს პირობით შემადგენლობას ასახელებს


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი აჭარის ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ და ტელეარხის ხელმძღვანელის ზაზა ხალვაშის გადადგომას მოითხოვენ.

ჟურნალისტები ხალვაშს და მის გარემოცვას ზეწოლასა და ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეებთან შესახვედრად თბილისიდან ბათუმში სახალხო დამცველი გაემგზავრა. თბილისში კი, სახალხო დამცველის ოფისში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს პირობითი შემადგენლობა დაასახელეს. ისინი პრეზიდენტს სამეურვეო საბჭოს საზოგადოებისათვის მისაღები პიროვნებებით დაკომპლექტებას ურჩევენ.



[ხათუნა შუშანიძის ხმა] “ჩვენ მოვითხოვთ, რომ დატოვონ ტელევიზია იმ პიროვნებებმა, რომლებიც ამ შემთხვევაში არიან ტელევიზიის ხელმძღვანელები. ჩვენ ვართ საკმაოდ დიდი მასა, წამყვანი ჟურნალისტები, ისინი, ვინც ქმნიდნენ საინფორმაციო სამსახურს. აქვე მინდა დავამატო ის, რომ ძალიან ბევრი მასალა, რომლის გაკეთებაც გვინდოდა, იბლოკებოდა ჩვენი უშუალო ხელმძღვანელების მიერ.” (სტილი დაცულია)

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ხათუნა შარაშიძე, ოცამდე კოლეგასთან ერთად, უარს აცხადებს აჭარის ტელევიზიაში შექმნილ მკაცრი ცენზურის პირობებში მუშაობაზე. საპროტესტო აქციის მონაწილე ჟურნალისტები ტელეარხის თავმჯდომარის ზაზა ხალვაშის გადადგომას მოითხოვენ. მათ მოთხოვნას მხარს უჭერს ბათუმში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ვითარების გასარკვევად და დაპირისპირებულ მხარეებთან შესახვედრად თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა საქართველოს სახალხო დამცველი. სოზარ სუბარის ოფისში კი, თბილისში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია გააკრიტიკეს და ამ საბჭოს წევრთა პირობითი შემადგენლობა დაასახელეს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების უკმაყოფილება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებამ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე პრეზიდენტის ბრძანებულება გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოაქვეყნა, რაც, მათი აზრით, ამ ფაქტის მიჩქმალვის მცდელობას წარმოადგენს. სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს ტელევიზიის 9 კაციან სამეურვეო საბჭოში 25 კანდიდატურას სთავაზობს. ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობას ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

[ეკა კვესიტაძის ხმა] “დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც სამეურვეო საბჭოში მოხვდებიან. ყველამ კარგად იცის, რა მდგომარეობაშია დღეს მედია, განსაკუთრებით, ტელემედია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ყველას აქტიურობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც, როგორც ბევრი ტელევიზია დღეს, მოემსახურება არა ხელისუფლების ინტერესებს, არამედ მოემსახურება საზოგადოების ინტერესებს და განსაზღვრავს, რა ინტერესებია დღეს საზოგადოებაში და რა - ხელისუფლებაში. “ (სტილი დაცულია)

კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს კანდიდატურათა შერჩევა 22 მარტს დასრულდება. პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს 27 კანდიდატურას, საიდანაც კანონმდებლები 9-ს შეარჩევენ. თავის მხრივ, საბჭომ, დაკომპლექტების შემდეგ, სხვა საკითხების გადაწყვეტასთან ერთად, ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელიც უნდა აირჩიოს.
XS
SM
MD
LG