Accessibility links

logo-print

საკადრო ცვლილებები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში


სტუდენტების ერთი ჯგუფი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს აპროტესტებს. ლაპარაკია ძველი რექტორის - მეტრეველის - დროინდელი დეკანების

თანამდებობიდან გათავისუფლებასა და მათ ადგილზე ახალი, შედარებით ახალგაზრდა, თანამშრომლების დანიშვნაზე. დეკანების მასშტაბური გათავისუფლების პროცესი გასულ კვირაში დაიწყო და ის ჯერჯერობით 22-დან 11 ფაკულტეტს შეეხო. რას ფიქრობენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე ცვლილებების შესახებ? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს ვესტუმრე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, რუსუდან ლორთქიფანიძის, საკადრო პოლიტიკას ჯერჯერობით ღიად მხოლოდ ისტორიის ფაკულტეტზე აკრიტიკებენ. სტუდენტები ყოფილი დეკანის, მერაბ ვაჩნაძის, თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. მომავალ ისტორიკოსთა არგუმენტები, როგორც მესამე კურსის სტუდენტმა ხატია წილოსანმა ამიხსნა, სახელდახელოდ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებითაა გამაგრებული:

[ხატია წილოსანის ხმა] “სტუდენტებმა ჩაატარეს გამოკითხვა, ვინ იქნებოდა ისტორიის ფაკულტეტზე დეკანობის სასურველი კანდიდატი. იყო ასევე სხვა კითხვები, მაგალითად, კორუფციის დონეზე და სხვა. გამოიკითხა სულ 700 სტუდენტი - ეს არის ფაკულტეტის მესამედზე ცოტა მეტი. 60 პროცენტმა ხმა მისცა მერაბ ვაჩნაძეს...”(სტილი დაცულია)

ხატია წილოსანი, ისევე როგორც ბევრი მისი მეგობარი, ფიქრობს, რომ ყოფილი დეკანი თანამდებობაზე ეგრეთ წოდებული გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე უნდა დარჩეს.

[სტუდენტი გოგონას ხმა] “გარდამავალი პერიოდია, რეფორმების შემოტანა უნდათ უნივერსიტეტში, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, წარსულში ყველაფერი ცუდი იყო? ყველაფრის გადაყრა შეიძლება?”

[სტუდენტის ხმა] “ჩვენ მიგვაჩნია, რომ გარდამავალ პერიოდში მერაბ ვაჩნაძე უნდა დარჩეს ფაკულტეტის დეკანად.”

გარდამავალი პერიოდი, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად, 2007 წლის 13 იანვრამდე შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა, როგორც პროექტ “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის” კონსულტანტი ლევან გახელაძე განმარტავს, კანონი უმაღლესი სასწავლებლის მესვეურებს გარდამავალი პერიოდის ვადაზე ადრე დასრულების უფლებას აძლევს:

[ლევან გახელაძის ხმა] “ამ გარდამავალ პერიოდში უნდა გადავიდნენ მართვისა და დაფინანსების იმ სისტემაზე, რომელსაც ახალი კანონი განსაზღვრავს. ეს არის საბოლოო ვადა და ნებისმიერ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია ეს გარდაქმნა, რა თქმა უნდა, უფრო მოკლე ვადებშიც განახორციელოს. სწორედ, აი, ამ გადამავალი დებულებებით, რექტორები უფლებამოსილნი არიან ფაკულტეტების დეკანები დანიშნონ ერთპიროვნულად, ეს მათი უფლებაა...”

ლევან გახელაძის თქმით, ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში დეკანს, ნაცვლად დანიშვნისა, ფაკულტეტის წარმომადგენლობითი კრება აირჩევს. კანონის თანახმად, კენჭისყრაში მონაწილეობას სტუდენტები და ასპირანტებიც მიიღებენ. წარმომადგენლობითი კრების წევრთა ერთ მესამედს სწორედ ისინი შეავსებენ. თუმცა ამ დრომდე, შესაძლოა, უნივერსიტეტში ფაკულტეტებისა და, შესაბამისად, ასარჩევი დეკანების რაოდენობაც შემცირდეს. გავრცელებული ინფორმაციით, შერწყმის შედეგად, 22-ის ნაცვლად, ექვსი ფაკულტეტიღა დარჩება. ინფორმაციის სიმწირის გამო, მოსალოდნელი ცვლილების ავკარგიანობის თაობაზე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ასეთ განმარტებებს იძლევიან:

[ქალბატონის ხმა] “არ ვიცი, რას გვთავაზობენ, რანაირ შეერთებას, რომელ ფაკულტეტებს გააერთიანებენ, არ ვართ საქმის კურსში... შეიძლება ამაშიც არის რამე რაციონალური. ყოველ შემთხვევაში, მე მინდა, რომ ასე იყოს. არ იყოს უაზროდ გაკეთებული...”

[მამაკაცის ხმა] “ჯერ აზრზე არა ვართ და რა ვბრძანოთ?! ჯერ არ ვიცი, რა იქნება!”

დაუზუსტებელი ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული, ეკონომიკური, იურიდიული, მედიცინის, საბუნებისმეტყველო და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები ჩამოყალიბდება.
XS
SM
MD
LG