Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი თბილისის კრიმინალური ბანდები, კონტრაბანდის მოძალება, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობათა პრობლემები და რუსული ბაზების ყოფნა-არყოფნა საქართველოში - ამ და სხვა საკითხებზე

გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ქართული პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

“პრემირ-მინისტრის პირველი ბრძოლა” - ასე ასათაურებს აზერბაიჯანში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტის ამსახველ წერილს გაზეთი “24 საათი”, რომელიც პრემიერის ბაქოში ჩასვლას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე საქართველოს კუთვნილი ტვირთის დაკავებას უკავშირებს. “აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მაფიოზური სტრუქტურები წინა წლებში სარგებლობდნენ ამგვარი სქემით: რუსეთის მხარდაჭერით, ამ ქვეყნიდან - აგრეთვე ცენტრალური აზიიდან - წამოსული ვითომდაც სატრანზიტო ტვირთი სინამდვილეში სომხეთში იგზავნებოდა. ცხადია, ბაქო ამას დიდხანს ვერ მოითმენდა. მაგრამ აზერბაიჯანმა პრობლემის გადასაწყვეტად მეტად უცნაური ფორმა აირჩია: ტვირთებს აკავებს არა რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ან კასპიის ზღვის პორტებში, არამედ რატომღაც უშუალოდ საქართველოს საზღვარზე. მაშასადამე, იმ ქვეყნებთან სკანდალს მოერიდა და საამისოდ საქართველო მიიჩნია დაბალ ღობედ. ზურაბ ნოღაიდელმა ბაქოში მოლაპარაკებების, მათ შორის, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, საკმაოდ მკვახე ტონით განაცხადა, რომ საქართველო არ მოითმენს ქართული ბიზნესის დაზარალებას. ნოღაიდელმა პრეზიდენტ ალიევისაგან მიიღო იმის გარანტია, რომ აზერბაიჯანი შეწყვეტს ცალმხრივ მოქმდებებს და პატივს სცემს საქართველოს უფლებას, გაემიჯნოს კონფლიქტის ორივე მხარეს ყარაბახისათვის ომის ახალ ფაზაში, რაც, სამწუხაროდ, სულ უფრო გარდუვალი ხდება,” - წერს გაზეთი “24 საათი”.


კონტრაბანდასთან ბრძოლას ლეგალური ბიზნესი გადააყოლეს, - ამტკიცებს გაზეთი “ხვალინდელი დღე”. “ახალი საგადასახადო განაკვეთების უარყოფითი შედეგი ლეგალური ბიზნესის შემოსავლებზე უკვე აისახა. მეზობელ ქვეყნებში მოქმედ ტარიფებთან წარმოქმნილმა დისბალანსმა დღემდე არსებული კონტრაბანდა უფრო მასშტაბური გახადა. განსაკუთრებით იმატა აქციზური საქონლის კონტრაბანდამ, შედეგად კი, იკლო თამბაქოს ნაწარმის, ნავთობპროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორთა და მწარმოებელთა შემოსავლებმა,” - წერს “ხვალინდელი დღე” და დასძენს, რომ კონტრაბანდული საქონელი ქვეყნის ტერიტორიაზე 9 ძირითადი და 80 შემოვლითი გზით აღწევს. კორუფციის მიზეზთა ახსნისას გაზეთი უთითებს, რომ კონტრაბანდისათვის წინააღმდეგობის გასაწევად შესაცვლელია საბაჟო კანონმდებლობა. განბაჟების გართულებული პროცედურა მოხელეთა შემოსავლის წყაროდ არის ქცეული. იმპორტიორს შემოტანილი საქონლის გაყალბებისაკენ ხშირად თვითონ მებაჟე უბიძგებს. საჭიროა სააქციზო განაკვეთი საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი არ იყოს. ტვირთის ლეგალურად ჩვენების მსურველ იმპორტიორს მებაჟე საბაჟო ფასის ზედა ზღვარს უჩვენებს და ლეგალური საქონლის მაჩვენებელს გამიზნულად ამცირებინებს.”


რუსული ბაზების ბლოკადა დაიწყო? - კითხულობს გაზეთი “რეზონანსი”, რომელიც ეხმიანება პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას: თუ რუსეთი საქართველოდან თავის სამხედრო ბაზებს არ გაიყვანს, საქართველო იძულებული იქნება, რუს სამხედროებს ვიზების გაცემა, ხოლო ბაზებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს. ამ საკითხში ქართველი ექსპერტები ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ და აცხადებენ, რომ ბაზებთან დაკავშირებით რადიკალური გადაწყვეტილებების დრო დადგა. ექსპერტებს განსაკუთრებით ის აღიზიანებთ, რომ რუსეთს, ერთი მხრივ, ქართული ეკონომიკის ხელში ჩაგდება სურს, ხოლო საკუთარი ბაზების გაყვანაზე არაფრის გაგონება არ უნდა. მხოლოდ პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს არ ესახება ბაზების ბლოკირება რეალურად. მისი თქმით, ბაზების ბლოკირება საერთაშორისო ურთიერთობებში ნაკლებ მიღებული პრაქტიკაა. ამ ნაბიჯით გამორიცხული არ არის საქართველოში სოციალური მდგომარეობის გამწვავებაც. თუ საქართველოს ხელისუფლება მარტო რუსულ ბაზებს გათიშავს, მაშინ რუსეთი მთლიანად საქართველოს დატოვებს ელექტროენერგიის გარეშე - პოლიტოლოგის ასეთი ციტატა მოჰყავს გაზეთ “რეზონანსს”.

გაზეთი “ალია” კი იუწყება, რომ ჩხოროწყუში მდებარე ვარდნილჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დაპატიმრებული დიმიტრი ყიფიანის საქმეში ჩნდება პრეზიდენტ შევარდნაძის ძმისშვილის, ნუგზარ შევარდნაძისა, და ე.წ. კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის, სახელები. უცხოელმა დონორებმა ჩხოროწყუს ჰესის მშენებლობისათვის 300 ათასი დოლარის ინვესტიცია გაიღეს. გამოძიების მტკიცებით, ეს ფული ჰესს არ მოხმარდა და, საერთოდ, აორთქლდა. კალაშოვითა და ნუგზარ შევარდნაძით დაინტერესებას, “ალიას” ცნობით, პროკურატურა ოფიციალურად არ ადასტურებს და მკითხველს შეახსენებს: მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, ქურდებს აქ აღარ გავაჩერებთო, ალბათ, საქართველოში არც იმყოფებიან. ნუგზარ შევარდნაძემ კი სახელმწიფოს უკვე აჩუქა ორთაჭალაში მდებარე მრავალსართულიანი შენობა. მისი ბედი დამოკიდებულია იმაზე, რა ჩვენებას მისცემს საპყრობილეში მყოფი დიმიტრი ყიფიანი, რომელსაც 6-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თუმცა ყიფიანს, შესაძლოა, საპროცესო გარიგება შესთავაზონ და პროკურატურა მას სასჯელზე შეუთანხმდეს, თუკი ყიფიანი უფრო დიდ დანაშაულს ან მაღალი თანამდებობის პირებს ამხელს, - ვარაუდობს გაზეთი “ალია”.


გაზეთი “ჯორჯიან თაიმსი” კი აქვეყნებს ფოტოსურათებს, რომელზე გამოსახული კაციც ძალიან ჰგავს ძებნილ ლევან მამალაძეს. ეს კაცი არაბული სამოსითაა შემოსილი. “ჯორჯიან თაიმსი” წერს, რომ უცნობია, როდის არის სურათები გადაღებული და მოჰყავს ლევან მამალაძის ბიძის, ვიქტორ პაიჭაძის, სიტყვები, რომ ლევანი ავსტრალიაშია, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მას უკრაინაში ეძებს.

თბილისში სისხლიანი 90-ანი წლები დაბრუნდა? - კიდევ ერთ შეკითხვას სვამს გაზეთი “რეზონანსი” ბოლო ერთ კვირაში მომხდარ მკვლელობათა გამო. მკვლელობას ვაკის აუზთან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა, მეორე მკვლელობამ კი ნუცუბიძის პლატოზე გაბრიელ ქვირია შეიწირა. თბილისის პოლიციის შეფი მერაბ ბაღათურია ამ მკვლელობებს შორის კავშირს ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა ორივე ინციდენტის მონაწილეთა შორის ნაცნობობას არ უარყოფს. “რეზონანსი” ირწმუნება, რომ ორი მკვლელობა ერთმანეთთან უშუალო კავშირშია და ორი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, პლეხანოველი ჯოხაძისა და საბურთალოელი სანიკიძის დაჯგუფებათა სამკვდრო-სასიცოცხლო ომის შედეგია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მკვლელობის კვალი ორთაჭალის მეხუთე იზოლატორში მიდის, სადაც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან ვატო ყიფიანი და უფროსი ძმა ჯოხაძე.


გაზეთი “ხვალინდელი დღე” კი კიდევ ერთი დანაშაულის ახსნას ცდილობს - რა მიზეზით შეიძლება მომხდარიყო თავდასხმა ალექსანდრე ანქვაბზე. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ანქვაბის მანქანას 17 ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი ვერსიით, ბაღაფშის ხელისუფლება ძალოვანი სტრუქტურების დაკომპლექტებას გადამდგარი რუსი ჩინოვნიკებით გეგმავს და უნდობლობას უცხადებს არძინბას რეჟიმის დროინდელ ძალოვანი სამსახურების თანამშრომლებს. ის ხალხი, ვინც აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის 90-ან წლებში იბრძოდა, დღევანდელ აფხაზეთში ყველაფრის გარეშე დარჩა. გამორიცხული არ არის, რომ ანქვაბი სასიკვდილოდ გაიმეტეს სწორედ ჩამოქვეითებულმა სამხედრო პირებმა - ამას “ხვალინდელი დღე” წერს აფხაზეთიდან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG