Accessibility links

logo-print

რუსეთი საქართველოს მიმართ სტრატეგიას ცვლის?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 5 მარტს ოფიციალურმა მოსკოვმა და თბილისმა საქართველოში მყოფ რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს. კიევში მყოფი საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის გელა

ბეჟუაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ ინტენსიურ მოლაპარაკებას გამართავს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ასევე 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში არაცივილიზებულს უწოდებს ქართული ხელისუფლების ქმედებებს იმ რუსი სამხედროების მიმართ, ვინც საქართველოში მსახურობს. რუსული მხარის აზრით, რუსეთის სამხედრო ბაზების პიკეტირება სამხედრო საკითხების ირგვლივ მოლაპარაკების პროცესს გაართულებს.
5 მარტს კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა: საქართველოში რუსეთის საელჩოს ცნობით, 2005 წელს ჩვენს ქვეყანაში რუსული კულტურის დღეები გაიმართება.



საქართველოში რუსეთის საელჩოს ინიციატივით, 2005 წელს ჩვენს ქვეყანაში, მრავალი წლის განმავლობაში პირველად, რუსული კულტურის დღეები გაიმართება. „კულტურის დღეების აღნიშვნა მიმართულია იქითკენ, რომ აღდგეს ტრადიციული კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირები საქართველოსთან“ - ნათქვამია განცხადებაში.
მართლაც, ბოლო წლების მანძილზე საქართველოში რუსული კულტურა ფრაგმენტულად იყო წარმოდგენილი. არადა, უფროსი და საშუალო თაობის თბილისელებს დღემდე ემახსოვრებათ, რა რეზონანსს იწვევდა, დავუშვათ, სვიატოსლავ რიხტერის კონცერტები, ტაგანკის ან ლენკომის თეატრების გასტროლები, როცა ბილეთის ყიდვა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო. უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე რუსული თეატრები მხოლოდ და მხოლოდ ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში სტუმრობდნენ თბილისს. უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი პოპ-კულტურა: თბილისის სხვადასხვა კლუბებში ქართველი თინეიჯერებისთვის მღეროდნენ „ვიაგრა“, ზემფირა და გლუკოზა. ამ ორი წლის წინ, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, თბილისში ცნობილი რუსი მომღერლის ბორის გრებენშჩიკოვის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა.
დააინტერესებს თუ არა ქართველებს რუსეთის კულტურის დღეები? - პოლიტილოგი ალექსანდრე რონდელი ამბობს, რომ დააინტერესებს:
[ალექსანდრე რონდელის ხმა] „ ჩვენ გვაინტერესებს, რა ხდება რუსეთში, თუმცა რუსეთიდან მხოლოდ უსიამოვნო სიგნალები მოდის. იქ კულტურა არის - მართალია, ტირიან, კულტურა კვდებაო, მაგრამ ტელევიზიით ჩანს, რომ რაღაც საინტერესო უნდა იყოს...ძნელი სათქმელია, რა...“
ბატონ ალექსანდრესგან განსხვავებით, თბილისელთა ერთმა ნაწილმა იცის,თუ რის ხილვას ისურვებდა ის რუსული კულტურის დღეებში -როგორც ირკვევა, თბილისში რუსული პოპი ძალიან პოპულარულია:
[ თბილისელების ხმები] „ ესტრადა შეიძლება. კირკოროვის სიმღერა მომწონს ძალიან. კიდევ ვინ ჰყავთ რუსებს...ვალერი მელაძე. კიდევ ვინ არის, „ბარხატნი“ ხმა რომ აქვს...აი, როტარუ მომწონს. მოვუსმენდი.“
„ალა პუგაჩოვას სიმღერები. ნამდვილად წავიდოდი. არა, რუსული თეატრი არა...ქართველებს ყველაზე კარგი თეატრი გვაქვს.“
საქართველოში რუსული კინოც უყვართ - ოღონდ არა ახალი:
[ თბილისელის ხმა] „თანამედროვე რუსული კინო უფრო ამერიკულია. რომ ვუყურებ ჩემი ბავშვობის ფილმებს, გინდა - კომედიებს, გინდა - ისტორიულ ფილმებს, ვრწმუნდები, რომ ძველი ფილმები ახალ რუსულ კინოზე ასი თავით მაღლა დგანან. თეატრი? სატირის თეატრი აქვთ, ხაზანოვის. რომ ჩამოვიდნენ, ძალიან კარგი იქნება.“
ამ მცირე გამოკითხვის არც ერთ მონაწილეს არ დაუსახელებია არც დიდი თეატრი, არც რუსული ბალეტი, არც ცნობილი რუსული გალერეები. დღეს საქართველოში რუსეთის კულტურა, როგორც ჩანს, პუგაჩოვასა და კირკოროვთან ასოცირდება.
XS
SM
MD
LG