Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამა


დღეს ძველ ბიჭებზე და ძველ ბიჭობაზე ვილაპარაკებთ.

ვეცდებით, გავიგოთ ვინ არიან ბოლოს და ბოლოს ეს ძველი ბიჭები, რა დამოკიდებულება აქვს ხალხს მათთან და და დავამუშავებთ ჩემი მეგობრის თეორიას თეთრი და შავი ძველბიჭობის შესახებ. ბოლოს კი 5 ძველბიჭურ სიმღერასაც მოვისმენთ.

როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა, საქართველოში მამაკაცების უმეტესობა ან დირექტორია და ან კიდევ ძველი ბიჭი. ეს განსაკუთრებით ქუჩაში სეირნობის დროს იგრძნობა. არავინ იღიმება, ყველა პირქუშად გიყურებს და გამოხედვით გაგრძნობინებს, რომ თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია. ან სტატუსი აქვს შენზე მაღალი და ან კიდევ თუ მოუნდა გცემს.

დირექტორ კიდევ გასაგებია ვინ არის, მაგრამ აი ძველი ბიჭების რაობა კი ბავშვობიდან ცოტა ბუნდოვანი იყო ჩემთვის. ვთქვათ რა განსხვავებაა ძველ ბიჭსა და კაი ბიჭს შორის. შეიძლება თუ არა ძველი ბიჭი იყო და თან, რავიცი დისერტაცია დაიცვა. რა ასაკამდე შეიძლება ძველ ბიჭობა. ხომ არის 50 წლის ხალხი ძვეებურად რომ იპურჭყება, იგინება და ვირაცეებს ჭრის. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ალბათ დეფინიციის პრობლემაა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ ქუჩაში გავეშურეთ, იქნებ იქ მაინც ეთქვათ ვინ არიან ეს ძველი ბიჭები.

სინქრონი.

ლაშა ბუღაძეს რომან ”ბოლო ზარში” ჰყავს პერსონაჟი, მეთერთმეტე კლასელი დემური, რომელიც ცდილობს ძველი ბიჭი გახდეს. არა იმიტომ, რომ სხვების ჩაგვრა სიამოვნებს, პირიქით, დემურს კითხვა უყვარს, მაგრამ ფიქრობს, რომ გოგოებს მხოლოდ გამოწრთობილი, მჩაგვრელი და მპურჭყები ბიჭები იზიდავთ. რომანშ დემური სწორად ფიქრობს, იქ გოგოები მხოლოდ ასეთებს დასდევენ. როგორ ხდება ცხოვრებაში, რას ფიქრობს ხალხი ძველ ბიჭებზე?

როგორც აღმოჩნდა, სკოლის ასაკს გადაცილებული ახალგაზრების უმეტესობას ძველბიჭობა დროის ფუჭად ხარჯვად მიაჩნიათ. სკოლის დამტავრების შემდეგ ასეთი ხალხი არც გოგოებს უყვართ და არც ბიჭებს. თუმცა ბევრი აღნიშნავს რომ ცხოვრების ასეთ წესს დადებითი მომენტებიც აქვს, თავისი ღირსების კოდექსი და ერთგვარი ვაჟკაცობა.

სინქრონი

ჩემს მეორე მეგობარს აგრეთვე საინტერესო თეორია აქვს ძველი ბიჭების კლასიფიკაციასთან დაკავშირებით. ეს აზრი მას სასკოლო თემების წეეის შემდეგ განუვითარდა. გახსოვთ ალბათ, გრიგოლ ხანძთელის გავლის დროს ყველას უნდა ეწერა თემა თეთრი და შავი სამღვდელოების შესახებ. მგონი მისაღებ გამოცდებშიც კი იყო ერთ ერთ საკითხად. ჰოდა, ჩემი მეგობრის თეორიის თანახმად ძველბიჭობაც შეიძლება დაიყოს თეთრად და შავად.

თეთრი ძველბიჭობა ცენტრში ცხოვრობს - ვაკეში და ვერაზე. მათ კარგი მანქანა ყავთ, ფული არ უჭირთ, და მაინცდამაინც ქუჩაშიც არ დგანან ხოლმე. თუ მაინცდამაინც, მანქანაში შეიყუჟებიან და იქ აგინებენ საკუთარ დედებს, რომლებსაც მერე ფულს ართმევენ.

თეთრი ძველი ბიჭები გოგოებს მოსწონთ. ისიი კარგად არიან ჩაცმულნი, დავარცხნილნი, მოდების ჩვენებებზეც დადიან და დისკოტეკებზეც. ისინი იჩხერენ სუბოტექსსა და ჰეროინს და ყლაპავენ ექსტაზს. უსმენენ ჰაუსს, იმიტომ რომ მოდაშია.

შავი ძველბიჭობა ცხოვრობს პერიფერიაში, ნახალოვკაში ან თუნდაც თემქაზე. შავებს მანქანა, როგორც წესი არა ჰყავთ, სასტავში ერთსა ყავს ნოლსემი. მათ ფულიც ნაკლებადა აქვთ და ამიტომ ხშირად მოსდით კონფლიქტი სამარშრუტოების მძღოლებთან, რომლებისათვისაც ფულის ქართმევას ცდილობენ. საკუთარ დედებს ისინიც ხშირად აგინებენ.

შავი ძველ ბიჭები გოგონებს არ უყვართ. ისინიც უფრთხიან გოგონებს. შავები იშვიათად თუ მიდიან სადმე, არც ფული აქვთ და არც იციან სად წავიდნენ. დისკოტეკაზე შესვლისას აუცილებლად ჩხუბობენ,იმიტომ რომ არ იციან სხვა რა ქნან, აბა ხომ არ იცეკვებენ. შავები იჩხერენ სუბოტექსს და შავს, ეწევიან პლანს, მაგრამ გაცილებით უფრო ხშირად თვრებიან იაფფასიანი არყით, სავარაუდოდ თეთრი გომით. უსმენენ რეპს და რუსულ ესტრადას.

შავსა და თეთრ ძველბიჭობას შორის აშკარა კონფლიქტი არ არის, მაგამ მათ ერთმანეთი არ უყვართ. თეთრები შავებს ზემოდან უყურებენ, შავებს კი თეთრების თან შურთ და თან არ ესმით.

ასეთია ჩემი მეგობრის თეორია ჩემი დამუშავებით. არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, გამოკითხულთაგანაც ზოგმა დაადასტურა, ზოგმა კი უარყო ეს თეორია.


ძველბიჭურ სიმღერებს არაერთი თავისი ჟანრი აქვს. რუსული ბლატნოი სიმღერები, ამერიკული არანაკლებ ბლატნოი რეპი ძველი ბიჭების ზხოვრებას აღწერენ. ზოგი თეთრისას, ზოგი კიდე შავისას. ზოგი მღერის რა კარგად ცხოვრობს და როგორ თავზე რემი მარტინის და კურვუაზიეს ისხამს, ზოგი კი წუწუნებს, რომ დედა არ უნახავს რამდენიმე წელია და რომ კამჩატკაზე ძალიან ცივა. ახლა სწორედ 5 ასეთ საუკეთესო სიმრერას შემოგთავაზებთ.

მეზუთეზე არიან მხიარულების მოყვარული კრიმინალები, სიმღერით ნიუ იორკისმეფე. ნიუ იორკის მეფე, მათი აზრით არის ცნობილი მაფიოზი ჯონ გოტი. ლადი დადი, გაათავისუფლეთ ჯონ გოტი, მღერიან ისინი. გადაიხადოს ფული და იქნბება გაუშვან კიდევაც, ესე არ ხდება ხოლმე?

მეოთხეზეა ქემიქალ ბრაზერსის ბლოქ როქინგ ბითზ. ეხლა ქიმიური ძმები ძველბიჭობისგან შორს არიან და სიმღერასაც არა აქვს აგრესიული ტექსტი, მაგრამ მუსიკაა ისეთი, რომ აგიყოლიებს. ხულიგნური სიმღერაა შეიძლება ითქვას.

მესამეზეა ამერიკული ქანთრის წარმომადგენელი დევიდ ალან კო, სიმღერით ლონგ ჰეარდ რედნეკ, რაც დაახლოებით გრძელთმიან სოფლელს ნიშნავს. გრძელ თმაზე ნუ მიყურებო, მღერის დევიდ ალანი, ციხეში ვარ ნაჯდომი და სკამს დაგამტვრევო თავზეო. ძველი ბიჭია და ეგაა.

მეორეზეა ინგლისური დრამ ენ ბეისის ლეგენდა შაი ეფ ექსი იუ ქეი აპაჩისთან ერთად, სიმღერით ორიჯინალ ნათა. ლონდონელ და კინგსთონელ კაი ბიჭებს გაუმარჯოსო, მღერის საი ეფექსი.

პირველზე წესით, თუფაქის ჰით ემ აფ უნდა გასულიყო.

ამაზე უფრო ძველბიჭური სიმღერა მგონი არ დაწერილა, მაგრამ ცხონებული ბევრს იგინება. 10 წამზე მეტი მონაკვეთი ვერ შევარჩიე რომ რარაც ცუდა არ ამბობდეს. ეს ძველი ბიჭისათვის მისაღებია, მაგრამ არაა მისაღები რადიო თავისუფლებისათვის. ამიტომაც პირველ ადგილს გადავცემთ გეტო ბოიზს სიმღერით კარგია იყო განგსტერი. რავიცი, რავიცი, კარგია როო?
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG