Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირას ხელისუფლება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებზე ”გადაერთო”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება, ძირითადად, საერთაშორისო ურთიერთობების ნიშნით მიმდინარეობდა.

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა უკრაინაში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და იტალიაში მოგზაურობა მოასწრეს.

თითოეულ ამ ვიზიტს პოლიტიკურთან ერთად მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვაც ჰქონდა. უკრაინაში საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის ეგიდით ქართული პროდუქციის გამოფენა მოეწყო. პრემიერ ნოღაიდელის თქმით, უკრაინასთან, რომელიც სამხრეთ კავკასიისადმი, როგორც ალტერნატიული ენერგოდერეფნისადმი, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს, საქართველოს, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. ამ პრობლემის მოგვარებას ქართული მხარე კანონმდებლობის დახვეწით გეგმავს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”წინა ხელისუფლების დროს ვსაუბრობდით უკრაინასთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. საერთოდ, უკრაინის წინა მთავრობასთანაც ჩვენ პრობლემები არ გვქონდა, მაგრამ ახლა გვაქვს უნიკალური შესაძლებლობები, რომ საუბრები ამ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შევავსოთ რეალური შინაარსით და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ამ უახლოესი პერიოდის განმავლობაში. ყველაზე მთავარი, ალბათ, რაზეც იქ იყო საუბარი, ეს არის, რომ ისეთი საინვესტიციო, უფრო სწორად კი, საკანონმდებლო გარემო უნდა შევქმნათ, რომ ხელი შევუწყოთ უკრაინასა და საქართველოს შორის ვაჭრობას.” (სტილი დაცულია)
უკრაინასთან წინა ხელისუფლებას, მართლაც, პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა. სხვათა შორის, უკრაინისა და საქართველოს წინა პრეზიდენტების ინიციატივით ჩამოყალიბდა ”სუუამ”-ის გაერთიანება, რომელიც დსთ-ს ალტერნატივად აღიქმებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ სახელმწიფოთაშორისო გაერთიანების ფუნქციონირება ფორმალური იყო. სუუამ-ის რეაბილიტაციის მცდელობად შეიძლება აღვიქვათ პრეზიდენტ სააკაშვილის ხანმოკლე სტუმრობა მოლდოვაში იქ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ ორგანიზაციის რეანიმირების ყველაზე კარგი საშუალება მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობაა, რომლის რეალიზაცია ორ წევრ სახელმწიფოს – უკრაინასა და საქართველოს - შორის, უნდა ვივარაუდოთ, უკვე დაიწყო.
კვირის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა აზერბაიჯანში ერთდღიანი ვიზიტისთვისაც მოიცალა. სუუამ-ის ალიანსის კიდევ ერთ დამფუძნებელ სახელმწიფოსთან საქართველოს ბოლო პერიოდში პრობლემები შეექმნა ტვირთის ტრანსპორტირების სფეროში. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ეს პრობლემა ამოიწურა, ანუ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მდგარ დატვირთულ სარკინიგზო ეშელონებს ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ ”მწვანე შუქი” აუნთო, თუმცა ერთი პირობით, რომ ამ ტვირთის არც ერთი კილოგრამი არ უნდა მოხვდეს, ასევე ჩვენს მეზობელ, მეორე სახელმწიფოში, რომელთანაც აზერბაიჯანს, ფაქტობრივად, საომარი მდგომარეობა აქვს.

სანამ პრემიერი აზერბაიჯანთან ტვირთების განბლოკვის პრობლემას აგვარებდა, საქართველოს პრეზიდენტი იტალიას სტუმრობდა, სადაც ამ დღეებში ფორუმი Invest in Georgia ჩატარდა, რომელზედაც იტალიელ ბიზნესწრეებს წარუდგინეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ბიზნესკლიმატის შესახებ. მანამდე, გასული წლის ნოემბერში, ამგვარ ფორუმს ლონდონმა უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტს იტალიასთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრაზეც, რომლის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში კიდევ ერთხელ მოუწოდა იტალიურ ბიზნესს საქართველოში ჩადოს ფული:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მიხარია, რომ სილვიო ბერლუსკონიმ გამოთქვა სურვილი მაისის თვეში ჩამოვიდეს საქართველოში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, იმიტომ რომ იტალიაში არის ძალიან ბევრი თავისუფალი კაპიტალი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩამოვიტანოთ, ჩამოვატანინოთ საქართველოში. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჩვენზე უკეთესად შესძახა თავის საწარმოებს: ჩადეთ ფული საქართველოში, წადით საქართველოში, საქართველოში ახლა, მართლაც, კარგი შესაძლებლობებია, მართლა არის კარგი სახელმწიფო აპარატი, მართლა არის არაკორუმპირებული გარემო.”

საინტერესოა, რომ იტალია გასულ წელს საქართველოს მსხვილ პარტნიორ სავაჭრო ქვეყნების ათეულში შევიდა, თუმცა - ბოლო, მეათე, ადგილზე. ამ ქვეყანას საქართველოსათვის პრიორიტეტულ ტურიზმის, მეღვინეობისა და კომუნიკაციების სფეროში უმდიდრესი გამოცდილება აქვს და თუ მათი ბიზნესწრეები დაინტერესდებიან, ეს მხოლოდ წაადგება საქართველოს ეკონომიკას. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წინა სამი ხმაურიანი ბიზნესფორუმის შემდეგ, ხელისუფალთა სურვილისა და გულწრფელი მოწოდებების გარდა, უპირატესად იმ გარემოს შეთავაზებაა მნიშვნელოვანი, რომელსაც პირველ რიგში აქცევს ყურადღებას მსხვილი კაპიტალი.
XS
SM
MD
LG