Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიყვანს თუ არა სირია თავის ჯარებს ლიბანიდან?


ლიბანის ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში განთავსებული სირიის ჯარები უახლოეს მომავალში იქნება გაყვანილი მისი ტერიტორიიდან.

ამის შესახებ ორშაბათს მიაღწიეს შეთანხმებას ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, ემილ ლაჰუდმა და ბაშარ ასადმა. სირიის პრეზიდენტმა ასადმა პირობა დადო, რომ სირიის ჯარები გადაჯგუფებულ იქნება ორი ქვეყნის გამყოფი საზღვრის რაიონში. ჯარების გადაჯგუფების პირველი ეტაპი მარტის ბოლოს უნდა დაიწყოს. საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებულია, რომ ამ ნაბიჯით სირია კვლავაც უარს ამბობს გაეროს რეზოლუციის ზუსტად შესრულებაზე.

ჯარების გაყვანის ახალი გეგმა სირიის პრეზიდენტმა შაბათს ახსენა. იგი ითვალისწინებს ლიბანიდან სირიის 14-ათასკაციანი ჯარის ორ ფაზად გასვლას. ჯარები ჩრდილო ლიბანიდან და ლიბანის მთიანეთიდან ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ბეკაას ველისკენ იქნება გადაყვანილი. რაც შეეხება ჯარების სრულ გაყვანას ლიბანის ტერიტორიიდან, ორშაბათს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ დამატებითი მოლაპარაკებების შემდეგ იქნება მიღებული.

პრეზიდენტ ასადის აზრით, ჯარების გადაჯგუფება უპასუხებს გაეროს 1559-ე რეზოლუციას, რომელიც სექტემბერში იქნა მიღებული საფრანგეთისა და შეერთებული შტატების ინიციატივით და რომელიც ლიბანიდან ყველა უცხოური სამხედრო შენაერთის გაყვანას მოითხოვს.

ამავე დროს ლიბანის პროსირიული მთავრობის თავდაცვის მინისტრის, აბდულ რაჰიმ მრადის თქმით, ლიბანში სირიის ჯარების ყოფნას არეგულირებს არა გაეროს რეზოლუცია, არამედ ტაიფის ხელშეკრულების სახელით ცნობილი დოკუმენტი. სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენ ხანს შეიძლება დარჩნენ სირიის ჯარები ბეკაას ველზე.

[მრადის ხმა] "ბეკაას ველიდან სირიის საზღვრისკენ ჯარების გადაყვანა ახლავე არ მოხდება. ჯარების გადაჯგუფების მეორე ფაზა მომავალში განისაზღვრება. თარიღი დამოკიდებული იქნება მოვლენათა განვითარებაზე ქვეყანასა და მის გარეთ, ვინაიდან ტაიფის ხელშეკრულებაში ზუსტად ასე წერია."

სირიის მიერ ჯარების ეტაპობრივი გაყვანის თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ გერმანიამ და საფრანგეთმა დაგმეს სირიის პოზიცია და მოითხოვეს, "ლიბანიდან ჯარების სრული გაყვანა რაც შეიძლება სწრაფად."

ლიბანის ოპოზიცია იმედგაცრუებულია ასადის გეგმით. ლიბანის ყოფილი პრეზიდენტის, ამინ ჯამაიელის თქმით, იგი ლიბანიდან სირიის ჯარების გაყვანის გრაფიკს მოელოდა.

[ჯამაიელის ხმა] "პრეზიდენტმა ასადმა ისაუბრა სირია-ლიბანის სასაზღვრო რეგიონისკენ ჯარების გადაყვანაზე და არა ჯარების სირიის ტერიტორიაზე გაყვანაზე. ამიტომ ვშიშობთ, რომ სირიის ჯარები დარჩება ლიბანის საზღვრების ფარგლებში, ლიბანის შიგნით, ლიბანის ტერიტორიაზე."

ამ შიშს იზიარებს შეერთებული შტატებიც. როგორც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მრჩეველმა დენ ბარტლეტმა განაცხადა, ვაშინგტონს უფრო სურდა, რომ ასადს ესაუბრა ჯარების დაუყოვნებლივი და უპირობო გაყვანის შესახებ, ვიდრე მისი გადაჯგუფების თაობაზე.

ბარტლეტის თქმით, სირიაზე საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ დამასკო ზუსტად არ შეასრულებს 1559-ე რეზოლუციის პირობებს.

[ბარტლეტის ხმა] "ეს არის ის, რაზეც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ პრეზიდენტი ბუში და პრეზიდენტი შირაკი, ევროპის კავშირი და არაბთა ლიგა. მიმდინარე კვირაში თავიანთი პოზიცია გამოხატეს სხვა მნიშვნელოვანმა მხარეებმაც: რუსეთმა, საუდის არაბეთმა. ასე რომ, სირიაზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მან შეასრულოს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ლიბანელი ხალხის მოთხოვნები."

მართალია, სირია თავს არიდებს 1559-ე რეზოლუციას, მაგრამ დამასკო აცხადებს, რომ ტაიფის ხელშეკრულება საბოლოოდ იმავე მიზანს ემსახურება.

როგორც საერთაშორისო მიმომხილველები იტყობინებიან, უკვე შეინიშნება, რომ ბეირუთის აღმოსავლეთით მდებარე მთიან რეგიონებში განლაგებული სირიის ჯარები მანქანებზე სამხედრო მოწყობილობას ტვირთავენ და გასამგზავრებლად ემზადებიან.
XS
SM
MD
LG