Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ისჯება საქართველოში ძაღლების ორთაბრძოლის ორგანიზება


ქართულ საზოგადოებაში სულ უფრო პოპულარული ხდება და ფეხს იკიდებს სხვადასხვა აზარტული თამაშები. სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებსა თუ ათასგვარ სანახაობაზე ფსონის

დადება უმუშევრად დარჩენილი ბევრი მოქალაქისთვის შემოსავლის მიღების თითქმის ერთადერთი საშუალებაა. ძაღლების ჩხუბს სპორტული შეჯიბრება ძნელად შეიძლება ეწოდოს, თუმცა კი აზარტისა და ფსონების მოყვარულ ქართველთა ერთი ნაწილისთვის ძაღლების შერკინება სერიოზული შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

[ისმის ძაღლების ჩხუბის ხმა]

ძაღლების ასეთი ორთაბრძოლა, საინფორმაციო სააგენტო ”კავკას-პრესის” ცნობით, რამდენიმე დღის წინ თბილისის გარეუბანის მახლობლად, დიღმის ტყეში, გაიმართა. ამ შეჯიბრებაში კავკასიურ ნაგაზს გაუმარჯვია და მის მეპატრონეს საპრიზო ფონდში მოგროვებული 1000 ამერიკული დოლარიც მიუღია.

ეს საპრიზო თანხა ძაღლების ორთაბრძოლის მაყურებლებს შორის გროვდება და, როგორც ჩანს, მათი რაოდენობა არცთუ მცირეა. ისინი არალეგალურად ახერხებენ ერთმანეთთან დაკავშირებას და ორთაბრძოლის ორგანიზებას. ამას არალეგალური იმიტომ შეიძლება ეწოდოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა წამებას კრძალავს, თორემ ძაღლების ორთაბრძოლები მასობრივი თავშეყრის აგდილებში დღისით-მზისით ყველას თვალწინ ხდება..

[თვითმხილველის ხმა] ”ვსეირნობდი ვერის პარკში და სეირნობის დროს დავინახეთ, რომ 2 ძაღლს ამზადებდნენ საბრძოლველად. დავრჩით, რომ გვენახა - არ მენახა და მაინტერესებდა. მაგრამ როდესაც დავინახე, როგორ უმოწყალოდ ექცეოდნენპატრონები ძაღლებს... ამაზრზენი სანახავი იყო ფეხებდაკბენილი, ყურებჩამოხეული და დასისხლიანებული ძაღლების ცქერა.”

ეს არის ძაღლების ჩხუბის ორთაბრძოლის ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი მონათხრობიდანაც ჩანს, რომ ორთაბრძოლას ცხოველთა წამების ფორმა აქვს.

[ლექსო ხუბულავას ხმა] ”იყო ისეთი შემთხვევა, რომ ძაღლმა წააგო და ძალიან აგრესიული გახდა პატრონი, რაც ხშირად ხდება ძაღლების ჩხუბში - პატრონი ძალიან აგრესიული ხდება. ხდება ისეც, რომ ძაღლი თუ ძალიან დაჭრილია, მას, უბრალოდ, წირავენ სასიკვდილოდ ან თვითონ პატრონიც კლავს მას, თუ დიდ თანხაზე მიდის საუბარი...”

ლექსო ხუბულავა ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. მას არ გააჩნია ძაღლების ორთაბრძოლის სტატისტიკა, მაგრამ იცის, რომ ისინი რეგულარულად ტარდება. მე ორთაბრძოლების ერთ-ერთ მონაწილესაც გავესაუბრე, თუმცა მან უარი განაცხადა ანონიმურ რადიოინტერვიუზეც კი და აღნიშნა, რომ, მიუხედავად მნიშვნელოვანი მოგებისა, ძაღლების ჩხუბში მონაწილეობაზე უარი თქვა. უარის თქმის მიზეზი ჩხუბის დროს მისი საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლის დაღუპვა გახდა.

[ლექსო ხუბულავას ხმა] ”საქართველოში არ არსებობს არც ერთი კანონი, არც ერთი დადგენილება, რომელიც პირდაპირ იტყოდა, რომ ძაღლების ორთაბრძოლები არის დანაშაული. თუმცა სისხლის სამართლის კოდექსში არის სპეციალური მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც ცხოველის დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, ისჯება.”

სასჯელი საჯარიმო სანქციებს ითვალისწინებს და ის კიდევ უფრო მკაცრდება, თუ ცხოველის წამების მოწმე არასრულწლოვანი გახდა. თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით დასჯილი ჯერ არავის უნახავს. ლექსო ხუბულავა ამბობს, რომ ახლო მომავალში მისი და მისი ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტი ცხოველთა უფლებების დამცველი კანონპროექტების ლობირება იქნება.
XS
SM
MD
LG