Accessibility links

logo-print

პარტიათა დაფინანსება - მისაწვდომი საიდუმლო?


დავით პაიჭაძე, თბილისი 7 მარტს საქართველოს პარლამენტში ევროსაბჭოს ექსპერტებთან ერთად მსჯელობდნენ იმ მონიტორინგის ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეისწავლის საარჩევნოდ

პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების წყაროებს, კანონიერებას, ოდენობასა და სხვა პრობლემებს. მე შევეცადე გამერკვია, პარტიული ფინანსების შესწავლასა და დაფინანსების წესის შეცვლაზე ლაპარაკი რეალურია თუ ის ევროსაბჭოსათვის გასამართ მორიგ სახარკო ღონისძიებას წარმოადგენს.

ვინ აფინანსებს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, რა ფულს ხარჯავენ ისინი საარჩევნოდ და არჩევნებს შორის შუალედში, როგორ აისახება პარტიისა და მისი დამფინანსებლის საქმიანობაში დახარჯული თანხა, თუ ეს პარტია წარმატებას აღწევს? ამ შეკითხვებს საქართველოში 1995 წლიდან წამოჭრიან, მაგრამ დამაჯერებელ პასუხს ვერავინ უძებნის. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ზურაბიშვილს, შეუძლებლად ესახება პარტიული დაფინანსების ზუსტად დადგენა:

[ზურაბიშვილის ხმა] “როგორც წესი, ეს არის საეჭვო მოლაპარაკების საგანი. ლეგალურად ჩაირიცხება ერთი თანხა პარტიის ანგარიშზე, ხელზე კი გაცილებით მეტ თანხას იღებს სხვა. უკლებლივ ყველა პარტია აქამდე ამ მეთოდით სარგებლობდა.”

თუ კორუფციული ქმედებისას ორმხრივი ინტერესი არსებობს, მისი გაუვნებელყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამბობს დავით ზურაბიშვილი.

[ზურაბიშვილის ხმა] “აზრიც არა აქვს ამის გამოკვლევას, იმიტომ რომ ქაღალდებში ყველაფერი წესრიგში იქნება. მითითებული იქნება კონკრეტული პიროვნება ან ფირმა, რომელმაც განსაზღვრული თანხა შემოიტანა. მაგრამ ეს არ არის მთავარი. ძალიან ხშირია პრაქტიკა, რომ ვიღაც არალეგალურად შემოიტანს დიდ ფულს და მერე მას სხვა გვარებზე გადაანაწილებენ. მთავარია ფული, რომელიც არსად არანაირ ანგარიშსა და ხარჯში არ ჩანს.”

პარტიათა დაფინანსების კანონით დადგენილი წესი ოპოზიციურ პარტიებს უკმარად მიაჩნიათ. ახალი მემარჯვენეების ფრაქციის წევრი ირაკლი იაშვილი ამბობს, რომ სამართლიან ეჭვს აღძრავს ცნობა, თითქოს წინასაარჩევნოდ ათობით ათასი ადამიანი მიდის ამა თუ იმ პარტიაში ფულის შესაწირად:

[იაშვილი] “ეს რომ მოიხსნას და იყოს სრული გამჭვრივალობა, საჭიროა ბოლომდე მივიდეს დაწყებული პროცესი: სახელმწიფომ დააფინანსოს პარტიები, რომელთაც მოახერხეს პარლამენტში სერიოზული წარმომადგენლობით შესვლა.”

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილიც მხარს უჭერს დეპუტატთა წარმომადგენლობის პროპორციულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, თუმცა ასეთ შემთხვევაში დაფინანსება პარტიათა მცირე ნაწილს შეხვდება. დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ბიუჯეტი ფულს ვერ მისცემს, რადგან ეს წაახალისებს ფსევდოპოლიტიკური ჯგუფების შექმნას. ამიტომ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დაფინანსების სხვა შესაძლო მოდელზეც ლაპარაკობს:

[ბერძენიშვილის ხმა] “ვთქვათ, გამოყოფილი თანხის 75% ან 66% ხმარდება პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს მათი დეპუტატების პროპორციულად, ხოლო დანარჩენი თანხა ხმარდება პარტიებს, რომელთაც სხვა კრიტერიუმებით მიაღწიეს გარკვეულ შედეგს: მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ან აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მიაღწიეს წარმატებას, ან ეს კრიტერიუმები განისაზღვროს საპარლამენტო არჩევნებისა და თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული პროცენტით.”(სტილი დაცულია)

პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების მომხრეა უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილიც. ასეთ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრებს მაინც გამჭვირვალედ დახარჯავენ.
XS
SM
MD
LG