Accessibility links

ნატოს შეფასების ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულებებს შეახსენებს


საქართველოში, შეიძლება ითქვას, ნატოს კვირეული დაიწყო. 7 მარტს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩასული ნატოელ ექსპერტთა დელეგაცია, საქართველოს ინდივიდუალური

პარტნიორობის გეგმის შესრულების მიმდინარეობას ხუთი დღის განმავლობაში შეაფასებს და დასკვნებს ალიანსის ხელმძღვანელობას წარუდგენს. ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა საქართველოს ხელისუფლებას, სამხედრო სისტემის რეფორმირების გარდა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ადამიანის უფლებათა დაცვის მყარი სამართლებრივი გარანტიების შექმნას ავალდებულებს. თუმცა შეფასების მისიას ყველაზე მეტად აინტერესებს, თუ რა შეიცვალა სამხედრო მშენებლობაში გეგმის ხელმოწერის შემდეგ.


საქართველოს ბევრი სამხედრო ნაწილის ყაზარმებში ჯერ არ მოდის წყალი, ხშირად ქრება შუქი, ხოლო ზოგ ქვედანაყოფში, რიგითი შემადგენლობის დეფიციტის გამო, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მორიგეებად ოფიცრები და შტაბში მომუშავე ქალები დადიან. ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად კი საქართველოს ხელისუფლებას უკვე 2 წელიწადზე ნაკლები დრო რჩება. ბუნებრივია, ორი წელი ის დრო არ არის, რომელიც ზოზინის უფლებას იძლევა. სამხედრო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, ბრიგადის გენერლის ვახტანგ კაპანაძის თქმით, “აი-პაპ-ის”, იმავე ნატოსთან თანამშრომლობის, ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა სამხედრო სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს:

[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “ქვეყანას არ უნდა ჰყოლოდა ორი ჯარი. ეს ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარი და შეიარაღებული ძალები უნდა გაერთიანებულიყვნენ. ამოცანებში შედიოდა შეიარაღებული ძალების რიცხოვნების ოპტიმიზაცია. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მართვისა და კონტროლის სისტემა უნდა დასრულებულიყო და მომხდარიყო ხელფასების გათანაბრება.”

ნატოს შეფასების მისია, რომელსაც ალიანსის პოლიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯეიმს მაკი ხელმძღვანელობს, 7 მარტიდან მხოლოდ იწყებს ამ გეგმით განსაზღვრული სამუშაოების გაცნობას. თუმცა ნატოზე ორიენტირებული ქართველების პლუსები და მინუსები მათთვის იმთავითვე ცნობილი იყო. საქართველოს სამხედრო პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ინდივიდუალური თანამშრომლობის გეგმის მიხედვით, სამ თვეში შინაგანი ჯარების თავდაცვის სამინისტროში ინტეგრირება, კადრების შემცირება და ბიუჯეტის სამჯერ გაზრდა მოახერხა.
მაგრამ კადრების შემცირება ყოველგვარი სამართლებრივი ბაზისა და ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე მოხდა, ხოლო ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა თავდაცვის სამინისტროს შიგნით კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, - აცხადებს ჯარისკაცთა უფლებათდამცველი ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” იურისტი შალვა თადუმაძე:

[შალვა თადუმაძის ხმა] “ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის დისციპლინური ნორმების შექმნა, სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, რესურსების სწორი მართვა, ლოგისტიკური უზრუნველყოფის შექმნა - ეს არც მაშინ შესრულებულა და არც ახლა სრულდება.”

მიუხედავად სამხედრო ნაწილების უზრუნველყოფის მხრივ არსებული პრობლემებისა, გენერალური შტაბის ახალი უფროსი პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ ნატოსთან ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის ჩავარდნას საფრთხე არ ემუქრება:

[ლევან ნიკოლეიშვილის ხმა] “ამაში, შეიძლება ითქვას, თითქმის დარწმუნებული ვარ, ვინაიდან მოხდა იმ ხარვეზების აღმოფხვრა. უკვე სამუშაო ჯგუფი მუშაობს უცხოელ ექსპერტებთან ერთად და დღეს ჩვენ ნატოელ ექსპერტებს შევხვდებით იმ გეგმით, რომელიც მათთვის სავსებით მისაღები იქნება.”

ნატოს შეფასების მისია საქართველოში 5 დღე იმუშავებს და ამ ხნის განმავლობაში შეხვედრებს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, უშიშროების საბჭოს აპარატშიც გამართავს. მაგრამ მხოლოდ ამით ნატოელი ექსპერტების მისია არ ამოიწურება. აღნიშნული ჯგუფი ინდივიდუალური გეგმის შესრულებას ორი წლის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს და, როტაციის საფუძველზე, შესაძლოა, მუდმივი წარმომადგენელიც მოავლინოს საქართველოში.
XS
SM
MD
LG