Accessibility links

logo-print

აშშ-მა გაეროში ახალი ელჩის კანდიდატურა წარადგინა


“უკომპრომისო დიპლომატი” - ასე მოიხსენიებენ ამერიკელ პოლიტიკურ მოღვაწეს, რესპუბლიკური პარტიის წევრ ჯონ ბოლტონს,

რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროში ქვეყნის ახალ ელჩად წარადგინა.

ამერიკული საგარეო პოლიტიკის ამჟამინდელ ფონზე გაეროში ელჩად ჯონ ბოლტონის წარდგენა მოულოდნელ ნაბიჯად აღიქმება: პრეზიდენტი ბუში, მეორე ვადით არჩევის შემდეგ, დიპლომატიური აქტიურობით ცდილობს, გააუმჯობესოს მოკავშირეებთან ურთიერთობა, დაძაბული ერაყში სამხედრო ინტერვენციაზე უთანხმოების გამო.

მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ბოლტონის კანდიდატურის შერჩევა ამ დიპლომატიურ ძალისხმევას არათუ არ უწყობს ხელს, ბევრის თვალში მის წინააღმდეგაა მიმართული: ბოლტონი ცნობილია თავისი არცთუ დიპლომატიური, ზოგის შეფასებით, მკვახე განცხადებებით და თან გაეროს კრიტიკოსებს მიეკუთვნება.

მაგრამ, როგორც ჩანს, გაეროსადმი ეს კრიტიკული დამოკიდებულება ბუშის ადმინისტრაციამ დადებით მახასიათებლად ჩათვალა გაეროში ახალი ელჩისათვის. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლტონის დანიშვნით ვაშინგტონი ცხადჰყოფს თავის სურვილს, გაიზარდოს გაეროს მუშაობის ეფექტიანობა. სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა კი ორშაბათს აღნიშნა, რომ “ბოლტონმა კარგად იცის საქმის კეთება” და რომ “ძალიან პრინცინუპლი დიპლომატია”. [კონდოლიზა რაისის ხმა]

ბოლო 4 წელი ბოლტონი, რომელიც 56 წლისაა, იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი რანგის პირი განიარაღებასთან დაკავშირებულ საკითხებში. ამ რანგში მოითხოვდა ირანისა და ჩრდილოეთი კორეის იზოლირებას, მათს წინააღმდეგ შესაძლო დამსჯელი ზომების მომზადებას - მათი ბირთვული იარაღის შექმნაში ბრალდების საფუძველზე.

ორშაბათს ბოლტონმა, გაეროში მის ელჩად წარდგენის შემდეგ, აღნიშნა, რომ ემხრობა მულტილატერულ, ანუ მრავალმხრივ დიპლომატიას და ემხრობა გულახდილობას გაეროსთან ურთიერთობაში.

[ჯონ ბოლტონის ხმა] “ამერიკის ხელისუფლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გაეროს წარმატებისათვის, გაეროსათვს, რომლის მოქმედებაც მის დამფუძნებელთა მიერ შედგენილ ქარტიას შეესაბამება. დროა, გაერომ ისარგებლოს შანსით. ის საჭიროებს ამერიკის ხელისუფალთა მხარდაჭერას რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად”.

ბოლტონი, თუ მის კანდიდატურას აშშ-ის კონგრესი მიემხრობა, მუშაობას შეუდგება გაეროში, რომელშიც წელს მთავარი თემა სწორედ რეფორმებია. იგულისხმება, მაგალითად, გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა. გარდა ამისა, მსოფლიოს ეს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაცია სკანდალებითაა შერყეული: ეს არის სკანდალები ერაყში “ნავთობი-სურსათის სანაცვლოდ” პროგრამისა და კონგოში გაეროს მშვიდობისდამცველების მხრივ მცირეწლოვანებზე სქესობრივი ძალადობის გარშემო.

ამერიკელი რესპუბლიკელები - ჯონ ბოლტონი კი რესპუბლიკელი გახლავთ - სკანდალებთან დაკავშირებით რიგიან გამოძიებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG