Accessibility links

logo-print

მსახიობი – ფოტოგრაფის როლში


გასულ კვირას თბილისში, გალერეა “ტიემესში”, გაიხსნა გამოფენა, რომელსაც დამთვალიერებელი არ ელევა: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობის თეატრის

ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა არტისტმა, რუსუდან ბოლქვაძემ, თავისი ფოტონამუშევრები წარმოადგინა.

ყველაზე მოუსვენარი, ყველაზე მოძრავი მსახიობი... ასე აფასებენ კოლეგები რუსუდან ბოლქვაძეს. ჰოდა, რა უნდა ექნა მოუსვენარ მსახიობს, როცა მისი საყვარელი თეატრი წლების მანძილზე რემონტში იყო - ეწუწუნა, ქართული კულტურის კრიზისზე ელაპარაკა თუ ემოქმედა?

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობს რუსუდან ბოლქვაძეს წუწუნი არ სჩვევია. მისი ფოტონამუშევრების ექსპოზიციის გახსნაზე მობრძანებული არტისტები, ძირითადად, თუმანიშვილის მოწაფეები, რუსუდანის მოზღვავებულ ენერგიასა და ფანტაზიაზე ლაპარაკობენ... იხსენებენ, როგორ აჩხაკუნებდა ფოტოაპარატს რუსუდანი თეატრის გასტროლებზე... იმასაც აღიარებენ, რომ იმხანად რუსუდანის გატაცებას კოლეგები მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქვამდნენ - ყველამ იცოდა, რომ რუსუდანი ცოტა შერეკილია.

მერე ნახეს ეს სურათები. ნახეს “ტიემესში” დღეს გამოფენილი “ესპანეთის” სერია, პეიზაჟები, რომელსაც რუსუდანი მთა-თუშეთში, სვანეთში იღებდა და მიხვდნენ: ეს არ არის ჩვეულებრივი ფოტოგრაფის ნამუშევრები, ეს – არტისტის მიერ დანახული სამყაროა - ე.ი. არა მარტო სხვისი დანახვის სურვილი, არამედ “სხვაში შესვლა”, სხვისი როლის შეგრძნებაც... ამიტომაცაა, რომ გამოფენაზე ხალხი ყველაზე მეტად რუსუდანის პორტრეტების წინ ირეოდა. დამთვალიერებლებს შორის ჩვენი ყურადღება თუმანიშვილის კიდევ ერთ მოწაფეზე, ნინელი ჭანკვეტაძეზე, შეჩერდა.


[ნინელი ჭანკვეტაძის ხმა] “რუსუდანი არის სასწაულად ენერგიული ადამიანი და არ აკმაყოფილებს ის, რასაც აკეთებს. ეს ნიჭი არ ასვენებს. ერთი პერიოდი იყო, ენების სწავლა დაიწყო და სადაც თამაშობდა, იმ ენაზე თამაშობდა ლამის. მერე ინსტრუმენტებზე დაკვრის ჟინმა მოუარა... ასეთი ტიპია და, ეტყობა, იმიტომ, რომ თეატრში დიდი ხანი რემონტი იყო, უკმარისობის გრძნობა გვაქვს, რომ ბოლომდე ვერ ვიხარჯებით, გამოუყენებელი ტიპები გავხდით.”(სტილი დაცულია)

“გამოუყენებელი ტიპი” ქართული სინამდვილის ნაწილი ხდება, გარკვეული თვალსაზრისით - დღევანდელი ქართული სინამდვილის მხატვრული სახეც. მაგრამ, როგორც იტყვიან, “ტიპსაც გააჩნია”... რუსუდან ბოლქვაძემ ეს გამოუყენებლობაც მშვენივრად გამოიყენა და თავისი ახალი როლიც კარგად გაიაზრა. “ტიემესის” ექსპოზიცია ამის დადასტურებაა. დაიწყო, უბრალოდ, ლამაზი პეიზაჟებით და დაასრულა პორტრეტებით, რომელშიც “მოუსვენრად” და “შერეკილად” შერაცხული ავტორი აუჩქარებლად ცდილობს ჩასწვდეს მოდელის არსს.

[ნინელი ჭანკვეტაძის ხმა] “ახლა ჩანს მისი სიბრძნე, მისი ნოსტალგია, მისი, თუნდაც, ასაკი. ხედავთ, როგორია მისი დამოკიდებულება?”

მისი დამოკიდებულება დავინახეთ. თუმცა მაინც გვაინტერესებდა, თავად როგორ აფასებდა ამ გამოფენას. ვუამბეთ ახლად ჩაწერილი ინტერვიუს შესახებ.

[რუსუდან ბოლქვაძის ხმა] “ნინელიმ თუ მე მაქო, მაშინ ნინელი მე უნდა ვაქო... ნინელი არის მაგარი “აქტრისა” და არის... რა ჰქვია ამას, რომ უნდა გადაუღო?
-მოდელი.
-კარგი მოდელია.”

თუმცა რუსუდან ბოლქვაძის ექსპოზიციით თუ ვიმსჯელებთ, არ არსებობს ამქვეყნად “ცუდი მოდელი”.... ისევე როგორც არ არსებობს “ცუდი როლები”, “ცუდი პერსონაჟები”, ყოველ შემთხვევაში, რუსუდანისთვის, რომელსაც ყველაზე უკეთ ეგრეთ წოდებული “სახასიათი როლები” გამოსდის. ხელოვნება ხომ ადამიანთმცოდნეობააო, ამბობს რუსუდან ბოლქვაძე და გვიამბობს, როდის დაიწყო სურათების გადაღება და რისი თქმა უნდოდა ამ ექსპოზიციით.


[რუსუდან ბოლქვაძის ხმა] “ეს სურათები, ძირითადად, გასტროლების დროსაა გადაღებული. ისეთ დროს დავდიოდით ჩვენ გასტროლებზე, როცა ყველაფერი უცხო იყო... მაშინ ხარბად ვიღებდით ყველაფერ ამას... ვაიმე, მოვიდა ჩემი საყვარელი ადამიანი,”

თუმანიშვილის სახელობის თეატრის არტისტმა თავისი საყვარელი ადამიანი დაინახა და მისკენ გაემართა.. ასე გაგვიწყვიტა ინტერვიუ.... გამეორდა ის, რასაც მის სურათებში, მის როლებში ვხედავთ: “მოუსვენარი არტისტი” თავის თავს არ ღალატობს. მისთვის სამხატვრო დარბაზიც სცენაა. ყველაზე ერთგული მაყურებლები კი ამჯერად მისი ფოტომოდელები არიან.
XS
SM
MD
LG