Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს რუსეთში ულტიმატუმს უწოდებენ


საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო სამართლით მინიჭებული უფლების გამოყენებას აპირებს და თუ რუსეთი საკუთარი სამხედრო ბაზების გაუქმების თბილისისთვის

მისაღებ ვადას მაისამდე არ დაასახელებს, მათ ბლოკირებას გეგმავს.
ამ შინაარსის დადგენილების პროექტს, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მოამზადა, საქართველოს პარლამენტი ოთხშაბათს განიხილავს.
რა მექანიზმების ამოქმედებას აპირებენ კანონმდებლები?

სამხედრო ბაზების პრობლემასთან დაკავშირებული კონსტრუქციული პოლიტიკური ნების გამოხატვისა და ეუთოს სტამბულის სამიტით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტი რუსეთის ხელისუფლებას ვადას პირველ მაისამდე უწესებს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის მიხედვით, მოსკოვისთვის მოსაფიქრებლად განკუთვნილ პერიოდში უსაქმოდ არ იქნება არც საქართველოს მთავრობა, რომელსაც, ბაზებთან დაკავშირებული მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში, მზად უნდა ჰქონდეს რუს სამხედროთა ბლოკირების მექანიზმები:

[ნიკა რურუას ხმა] ,,ძალიან კონკრეტულ დავალებას ვაძლევთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროსაც. მათზე არ გაიცემა ვიზები, მათ შეუფერხდებათ გადაადგილება, მათი ტვირთები დაკავდება. ახლა არ მინდა დეტალებში წავიდე - ბევრი სხვა ბერკეტი არსებობს, რომელიც აპრობირებული არის.” (სტილი დაცულია)

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას განმარტებით, პარლამენტის დადგენილების მიზანია რუსი სამხედროებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა და არა ბაზების უკანანოდ გამოცხადება, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ისინი უკვე დიდი ხანია უკანონოდ არსებობენ:

[ნიკა რურუას ხმა] ,,ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში აუცილებელია უცხო ქვეყნის ჯარებისა და ბაზების იქ ყოფნისათვის ამ ქვეყნის ნება, რაც საქართველოს აღარა აქვს. მაგრამ ამის შემდეგ რუსეთი აგდებულად ექცევა საკითხს, არასერიოზულად და დროს წელავს. საქართველოს არ შეუძლია იცადოს გაურკვეველი დროის განმავლობაში და დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ ძალიან მკაცრად და შეიძლება ცოტა უხეშად გამოვაფხიზლოთ ჩვენი მეზობელი. ეს არის და ეს.” (სტილი დაცულია)

რუსეთის გამოფხიზლებას პარლამენტის დადგენილებით მხარს უჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც. მათი ნაწილი პროექტში საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიების ასახვას მოითხოვს, რათა გადაწყვეტილება კვლავ ქაღალდზე არ დარჩეს და კომპრომისებში არ ჩაიკარგოს. კონსერვატორი კახა კუკავა აცხადებს, რომ ბაზების დახურვისთვის ხელშეწყობა საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც უნდა მოითხოვოს:

[კახა კუკავას ხმა] ,,იმის გამო, რომ რუსეთის ჯარს არა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე სტატუსი, თუ ის იტყვის უარს, რომ ეს ჯარები გაიყვანოს, ეს იქნება შეიარაღებული აგრესია და გაეროს უშიშროების საბჭოს აქვს მანდატი, რომ ამ საკითხებზე იმსჯელოს. გარდა გაეროსი, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე მსჯელობის უფლება აქვს, ოღონდ შედარებით ნაკლები მანდატით, ეუთოს და ევროსაბჭოს.” (სტილი დაცულია)

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ვეტოს უფლება აქვს, ამ ორგანიზაციის ეგიდით საერთაშორისო ბერკეტების ამოქმედება სათუოა. ამასთან, სრულიად რეალურია რუსეთის მიერ საპასუხო სანქციების გამოყენებაც, თუმცა საქართველოს პარლამენტში დარწმუნებულნი არიან, რომ დადგენილების დამტკიცება აუცილებელია.
თუ პირველ მაისამდე მოსკოვი სამხედრო ბაზების დახურვის თბილისისთვის მისაღებ ვადას, მაქსიმუმ ორ წელს, არ დაასახელებს და შედეგს არც ამის შემდეგ ამოქმედებული შეზღუდვები გამოიღებს, მომზადდება ახალი ღონისძიებები, რათა რუსმა სამხედროებმა საქართველო მომავალი წლის პირველ იანვრამდე დატოვონ - აცხადებენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. მისი თავმჯდომარის მოადგილე ნიკა რურუა ამბობს, რომ ეს არა ულტიმატუმი, არამედ ქართველი ხალხის ნების გამოხატულებაა, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობაც. მას შემდეგ, რაც სამხედრო საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკების ბოლო რაუნდი თებერვალში თბილისში უშედეგოდ დასრულდა, რუსული ბაზების ბლოკირებაში უშუალო მონაწილეობის მზადყოფნა არაერთმა დეპუტატმა გამოთქვა. კონკრეტული მოქმედების დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის წევრები ოთხშაბათს ჯერ დადგენილების პროექტს დაამტკიცებენ და შემდეგ პირველ მაისამდე დაელოდებიან მოსკოვის რეაქციას.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG