Accessibility links

logo-print

8 მარტი საქართველოში მასობრივად აღინიშნება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ქალთა საერთაშორისო სოლიდარობის, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თანასწორუფლებიანობის დღე, 8 მარტი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაულია.

ქართველ მამაკაცთა უმრავლესობა ამ დღეს დილიდან იჭერს ყველაზე გავრცელებული და სტანდარტული საჩუქრების - ყვავილების თაიგულისა და სუნამოს - ყიდვის თადარიგს. ამასთან, მოსახლეობის უმეტესობას არ ანაღვლებს, რომ ეს თარიღი ფემინისტ-სოციალისტი ქალების, კლარა ცეტკინისა და როზა ლუქსემბურგის, ინიციატივითაა დაწესებული.

[ქეთო და კოტე] “ეს იყო პეტერბურგში”...

მართალია, ამ ლეგენდარულ ფილმში მოქმედება მეცხრამეტე საუკუნეში ხდება და, შესაბამისად, მაშინ 8 მარტი არ აღინიშნებოდა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ეს ფილმი სიყვარულზეა, ანუ იმ გრძნობაზე, რომელსაც 8 მარტს მამაკაცები ყველაზე ხშირად უსურვებენ ქალბატონებს. თუმცა თავის დროზე, უფრო კონკრეტულად კი, 1910 წელს, კოპენჰაგენში კომუნისტმა ქალბატონებმა კლარა ცეტკინმა და როზა ლუქსემბურგმა ეს დღე არა სიყვარულის, არამედ ფემინიზმის, ქალთა უფლებების მამაკაცებთან გათანაბრების სიმბოლოდ მოიგონეს. საბჭოთა პერიოდში კი ამ დღესასწაულმა სახე იცვალა და მამაკაცების მხრიდან ქალებისადმი განსაკუთრებული ყურადღების დღედ იქცა. საქართველოშიც იგი ამ ფორმითა და შინაარსით გახდა პოპულარული, თან იმდენად პოპულარული, რომ, მართალია, ამ თხუთმეტიოდე წლის წინ გააუქმეს, როგორც კომუნისტური წარსულის მქონე დღესასწაული, მაგრამ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ნოსტალგია გაჩნდა და არაოფიციალურად ის მაინც აღინიშნებოდა, ისევ აღადგინეს. მით უფრო, რომ მის ალტერნატივად შემოღებულმა და დღესაც მოქმედმა 3-მა მარტმა 8 მარტს კონკურენცია, აშკარად, ვერ გაუწია. ახლა კი ქართველი მამაკაცები ამ დღეს დილიდან ულოცავენ საყვარელ ქალბატონებს:

[კაცების ხმები] “მეუღლეს და შვილს მივულოცე, ყვავილები არ მიყიდია. ქალებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყოველივე კარგს.” \“დილაადრიანად ყველას მივულოცე, ვინც კი შემხვდა გზაში - ქალია თუ გოგოა, თუ ბავშვია. ისე, ქალები რომ არ იყვნენ, სამყარო ძალიან ბევრს წააგებდა.”

დღეს თბილისის ქუჩებში მრავლად იყვნენ იების, ყოჩივარდების, სხვა - მინდვრის თუ არამინდვრის - ყვავილების გამყიდველები. მათთან გასაუბრების შემდეგ გავარკვიეთ, რომ ყველაზე მეტად ქართველი კაცები ნარცისებს სწყალობენ:

[ყვავილების გამყიდველის ხმა] “იყიდა ბევრმა ხალხმა, კლიენტებმა იყიდეს - მამაკაცებმა, ქალებმაც. ყიდულობენ, მიაქვთ სახლში და მიულოცავენ ერთმანეთს. ნარცისებს უფრო ყიდულობენ.

ასეა თუ ისე, სახეშეცვლილი ფემინისტურ-კომუნისტური დღესასწაული საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღედ რჩება.
XS
SM
MD
LG