Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტში ”თბილისის კორპუსი” გამოჩნდა


საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურ ვებსაიტებს კიდევ ერთი უწყების ვებსაიტი შეემატა. 8 მარტს თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და

ინტეგრაციის საქალაქო სამსახურმა, “თბილისის კორპუსმა”, საკუთარი ვებგვერდის პრეზენტაცია მოაწყო. www.tbilisicorps.ge - ამ მისამართზე შესვლისას ინტერნეტის ნებისმიერი მომხმარებელი უამრავ ინფორმაციას მიიღებს დედაქალაქის მერიის, ”თბილისის კორპუსის”, საქმიანობის შესახებ. ასევე ვებგვერდის მეშვეობით, ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია “თბილისის კორპუსის” პროგრამების მონაწილე გახდეს.

[ისმის პრეზენტაციის ხმა]

ასე გაიხსნა ოფიციალურად”თბილისის კორპუსის” ვებსაიტი. ჯერჯერობით ეს ერთადერთი ვებსაიტია, რომელიც საქართველოს დედაქალაქის ხელისუფლების საქმიანობას ეძღვნება. თბილისის გზების მოწესრიგებასა თუ დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე მერიას ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ინტერნეტში თბილისის იმიჯის შესაცვლელად. არსებულ ვაკუუმს, ნაწილობრივ, ენთუზიასტები ავსებენ, თუმცა ეს სულაც არ არის საკმარისი.

[გივი ბიწაძის ხმა] ”არის, სხვათა შორის, ბევრი საიტი, მოყვარულების მიერ შექმნილი როგორც ქართულ, ინგლისურ და ასევე რუსულ ენაზე, გერმანული და ფრანგულიც კი მინახავს. ასე თუ ისე, რაღაც ინფორმაციას მოიძიებ, რომ სად შეიძლება გაერთოს ადამიანი. მუზეუმებზე არის ცოტა ინფორმაცია, პარკებზე...”(სტილი დაცულია)

ეს არის გივი ბიწაძე, ვებსტუდია ”ჯეოლინკსის” ვებმასტერი. თუ მის მიერ ჩამოთვლილი ვებსაიტების ინფორმაციულობას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დედაქალაქების ვებსაიტების ინფორმაციულ რესურსებს შევადარებთ, არცთუ სახარბიელო სურათი დაიხატება. თბილისის შესახებ არსებული ინტერნეტრესურსები უცხოელ თუ ქართველ მომხმარებლებს ჯერჯერობით ვერ სთავაზობენ ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის რუკას, კულტურული თუ ისტორიული ობიექტების ამსახველ ინფორმაციას და ასე შემდეგ.
ამ სიცარიელეს ნაწილობრივ შეავსებს ”თბილისის კორპუსის” ვებსაიტი. და თუ რა ინფორმაციას იძლევა იგი, ”თბილისის კორპუსის” წარმომადგენელ ირაკლი აბესაძისგან შეიტყობთ:

[ირაკლი აბესაძის ხმა] ”განსაკუთრებით მოსახლეობაში დაინტერესებას იწვევს პროგრამა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბების შესახებ...
...ვებგვერდი იძლევა საშუალებას სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ყველანაირი ინფორმაცია, შესაბამისი დოკუმენტები, რაც მათ სჭირდებათ, რათა აღნიშნულ პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა.”(სტილი დაცულია)

ამ ვებსაიტის ავტორებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ მისი მეშვეობით ინტერნეტში გამოაქვეყნონ საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი და მისი ხარჯვის კვარტალური ანგარიში, ასევე ქალაქის მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ანონსი და სხვა. საიტი ორენოვანია - ქართულ-ინგლისური.

რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ”თბილისის კორპუსის” ვებსაიტი და შეემატება თუ არა იგი საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის მკვდარ საიტთა ჩამონათვალს, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად რეგულარულად განახლდება იგი. ჯერჯერობით უბრალო, მაგრამ პროფესიული კონცეფციის მქონე ვებსაიტი ყველას მოწონებას იმსახურებს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ყოველკვირეულმა სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა გამოცემამ, გაზეთმა ”ნავიგატორმა”, ”თბილისის კორპუსის” ინტერნეტგვერდი კვირის საუკეთესო საიტად დაასახელა.
XS
SM
MD
LG