Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენები ამნისტიის კანონს ბუნდოვანს უწოდებენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 25 იანვრიდან ძალაში შესული ,,ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ” კანონის თანახმად,

დამტკიცდა დეკლარაციის ახალი ფორმები, რომელიც საგადასახადო სამსახურში წლის ბოლომდე უნდა იქნეს წარდგენილი. საგადასახადო ამნისტიის მიმართ პრეტენზიები აქვს ბიზნესმენთა ფედერაციას. რა არ მოსწონთ ბიზნესმენებს ახალ კანონში?

ამ დღეებში დამტკიცებულ იქნა დეკლარაციის ახალი ფორმები, რომელიც ფიზიკურ პირებს 1992-2003 წლებში შეძენილი ქონების ლეგალიზაციის საშუალებას მისცემს. ეს ფორმები საგადასახადო სტრუქტურებში მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა იქნეს წარდგენილი. ამასთან, დეკლარანტმა ბიუჯეტში დეკლარირებული ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ის ოდენობით შენატანი უნდა გადაიხადოს.

საგადასახადო და ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონის მიმართ ბიზნესის დამოკიდებულება იმთავითვე არაერთგვაროვანი იყო და ბევრი მეწარმე, რომელიც აქამდე პატიოსნად იხდიდა სახელმწიფო გადასახადებს, ურჩ გადამხდელებთან შედარებით, თავს დაჩაგრულად გრძნობდა. თუმცა ყველა მიიჩნევდა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამგვარი ჟესტი მაინც მისაღები იყო. მიუხედავად ამისა, კანონის საბოლოო ვარიანტი მაინც ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს და მისი ცალკეული დებულებები მეტისმეტად ბუნდოვანია, - ფიქრობენ საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში, რომლის გენერალური მდივანი გიორგი ისაკაძე ამ უხერხულობის გასანეიტრალებლად პარლამენტის იურიდიულ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან კონსულტაციებს მართავს.

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ძალიან ბევრი მუხლი ამნისტიაში - და მეწარმეები ამაზე პირდაპირ მიუთითებენ - იყო ძალიან რთული გასაგები და გარკვეულ ინტერპრეტაციას იწვევდა, ანუ სახელმწიფო ორგანოებს ის სათავისოდ ესმით, ბიზნესმენებს კი - სათავისოდ, ამიტომ აქ სუბიექტივიზმი ჭარბობდა.”(სტილი დაცულია)

ბიზნესმენთა ფედერაციაში შემდგარ განხილვაზე, კანონის ქმედითობა ეჭვქვეშ იქნა დაყენებული. გიორგი ისაკაძის აზრით, არსებობს საშიშროება, რომ ხელისუფლება ვერ მიიღებს მოსალოდნელ შედეგს ქვეყნის მოქალაქეთა მხრიდან უნდობლობისა თუ არასაიმედო განწყობის, ასევე გაუთვითცნობიერებლობის გამო:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”ეს არ არის, კლასიკური გაგებით, ამნისტია, რომელიც უნდა მიღებულიყო, ამას პარლამენტარებიც აღიარებენ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ გამოიყენონ სრულად იმ პირებმა, რომელთაც ეს დოკუმენტი ეხებათ. ეს არის ძალიან სერიოზული და, ვიტყოდი, უნიკალური შანსი იმისათვის, რომ გარკვეულ პერიოდში სრულად მოხდეს ქონების ლეგალიზება და ბიუჯეტიც მაქსიმალურად მიიღებს თავის სარგებელს და ქონების მეპატრონეც შესაბამისად დაიმაგრებს და გააპატიოსნებს იმ ქონებას, რომელიც მას წლების განმავლობაში დაუგროვებია. მაგრამ აქ არის გარკვეული კონკრეტული პრობლემები, დაწყებული იურიდიული პირებიდან, დამთავრებული იგივე დეკლარაციების ამ ფორმების შევსებით, რომელზეც დღეს იქნება მსჯელობა.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად მეწარმეთა, ერთი შეხედვით, სამართლიანი პრეტენზიებისა, ძნელი სავარაუდოა, რომ ცოტა ხნის წინ მიღებულ კანონში ცვლილებები შევიდეს. ამასთან, კანონის ერთ-ერთი თანაავტორი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე რომან გოცირიძე, მიიჩნევს, რომ ბიზნესის მხრიდან უნდობლობა უსაფუძვლოა. იგი აღნიშნავს, რომ ლეგალიზაცია წარმოადგენს “შთამომავლობაზე ქონების გადაცემის გარანტიას”. რაც შეეხება განცხადებას კანონის არასრულყოფილების შესახებ, გოცირიძის თქმით, ამნისტია წარმოადგენს ერთჯერად ღონისძიებას და აღნიშნულ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა არ მოხდება.
XS
SM
MD
LG