Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის მოსწავლეთა საპროტესტო აქცია


პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის მოსწავლეები საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი კვლავინდებურად უარს აცხადებენ საერთო ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზე


და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან კანონის დაცვას მოითხოვენ. თუმცა განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობაც არგუმენტად კანონის უზენაესობის პრინციპს იშველიებს და კოლეჯის მოსწავლეების სხვა აბიტურიენტებთან გათანაბრებას ცდილობს. აქციის განახლების პარალელურად დავაში ჩაერთნენ დეპუტატები, რომლებმაც ვითარებაში გასარკვევად განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კახა ლომაია პარლამენტში დაიბარეს.

[ისმის აქციის მონაწილეთა შეძახილები]

გვიან ღამით შეწყვეტილი აქცია დილაადრიან განახლდა. მოთხოვნები და მოთხოვნის ადრესატები იგივე დარჩა, თუმცა შეიცვალა აქციის მონაწილეთა განწყობა - კოლეჯის მოსწავლეთა მშობლები აღმასრულებელი ხელისუფლების სიჯიუტით უკიდურესად არიან გაღიზიანებულები. ზოგიერთ მათგანს ცრემლის შეკავებაც კი უჭირს.

[ქალბატონის ხმა] “აგოს დღევანდელმა ხელისუფლებამ პასუხი, იმიტომ რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩაიბარა ეს გამოცდები. სად იყო ლომაია, სად იყო ხელისუფლება? ალპებში დასრიალებდნენ?”

[ქალბატონის ხმა] “აი, ამდენი ხალხი ყველა მაგათი წინააღმდეგი ვიქნებით აწი. რატომ იცით? იმიტომ კი არა, რომ ჩვენ გამოცდებს ვერ ჩავაბარებთ. მე თვითონ პედაგოგი ვარ, მეუღლე პროფესორია, უჭკვიანესი ბავშვი მყავს. განა ვერ ჩააბარებს გამოცდას, უბრალოდ, ეს არის ბავშვებისა და მშობლების შეურაცხყოფა.”

აქციის მონაწილეთა ცრემლებმა გული ვერ მოულბო პრემიერ-მინისტრს. მთავრობის სხდომაზე გაირკვა, რომ ზურაბ ნოღაიდელი პოზიციას არ იცვლის და საკუთარ გადაწყვეტილებას დანარჩენი აბიტურიენტების უფლებების დაცვით ხსნის.

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “მთავრობის პოზიცია არის მკაფიო: ყველამ უნდა ჩააბაროს გამოცდა და ჩვენ ამ პოზიციას არ შევიცვლით. მეტიც: რომ დაგვეთმო, ამით ვიღაცა, ვინც კარგად სწავლობს, ის დაზარალდებოდა.”

მინისტრებისაგან განსხვავებით, დეპუტატებმა მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს. კობა დავითაშვილმა პრობლემის გადასაჭრელად უმაღლესი განათლების კანონში ცვლილების შეტანა მოითხოვა:

[კობა დავითაშვილის ხმა] “იქნებ, დავსხდეთ, ცვლილება შევიტანოთ კანონის გარდამავალ დებულებაში. მეორე, მესამე კურსის სტუდენტებს, რომლებსაც უწერიათ ხელშეკრულებაში, ერთიანი გამოცდების გარეშე გახდებით სტუდენტებიო, მივცეთ ამის საშუალება; პირველი კურსის სტუდენტებს ვუთხრათ, ბოდიში, ვერ დაგიჭერთ მხარსო. შესაბამისი კანონპროექტი კონსერვატორების მხრიდან უკვე მომზადებულია, ქალბატონო ნინო.”

ქალბატონმა ნინომ, ანუ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, საკითხის შესწავლა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დაავალა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ საკითხი უნდა დამუშავდეს კვლავ კომიტეტის ფარგლებში. ვნახავთ რას ითხოვს და რის საშუალებას გვაძლევს კანონი. ვიმოქმედებ კანონიდან გამომდინარე და არა ხმამაღალი განცხადებებიდან გამომდინარე.”

უმაღლესი განათლების კანონის გარდამავალ დებულებაში ცვლილების შეტანის სურვილს დავით ბერძენიშვილმა განათლების სამინისტროზე ზეწოლის მცდელობა უწოდა. დეპუტატის აზრით, ქვეყანაში ყველა აბიტურიენტისთვის ერთიანი სტანდარტი უნდა მოქმედებდეს:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “თუ განათლების სამინისტროზე იქნება ზეწოლა, რომ მან გააუარესოს კანონი, ჩვენი მხრიდან მასზე იქნება ზეწოლა, რომ მან კანონი დაიცვას. არავითარი შეღავათი არ უნდა ჰქონდეს არც ერთ კოლეჯს.”

საბოლოოდ, შექმნილ ვითარებაში გასარკვევად დეპუტატებმა პარლამენტში განათლების მინისტრის მისვლა მოითხოვეს. კახა ლომაიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ზედმიწევნით თანმიმდევრულია:

[კახა ლომაიას ხმა] “სისტემა და ფილოსოფია, რომელიც იქნა დამტკიცებული თქვენ მიერ, ეფუძნება სამ პრინციპს: ის არის საყოველთაო, ის არის ობიექტური და ის არის სამართლიანი. ეს სისტემა პრინციპულად ვერ იტანს და ვერ გუობს რაიმე სახის გამონაკლისს ან რაიმე სახის შეღავათს ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით.”

ერთი სიტყვით, განათლების მინისტრი პოზიციას არ იცვლის. დათმობაზე წასვლას არც კოლეჯის მოსწავლეები და მათი მშობლები აპირებენ. გარდა იმისა, რომ არ წყვეტენ აქციას, პარალელურად მათ სასამართლოში სარჩელის შეტანაც აქვთ განზრახული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG