Accessibility links

რატომ დაინტერესდა ”ინტელი” საქართველოს ბაზრით?


9 მარტს გაიხსნა და 16 მარტამდე გასტანს ”ინტელის” ტექნოლოგიების დღეები საქართველოში. ”ინტელს” დაგეგმილი აქვს თბილისში ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიების პოპულარიზებისთვის

მასშტაბური ღონისძიებები მოაწყოს. ისინი მიეძღვნება “ინტელის” პროდუქტების დანერგვის ეფექტურობას განათლებაში, ბიზნესში, საყოფაცხოვრებო და სხვა სფეროებში. “ინტელის” დღეები საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ცოდნის პროგრამის პრეზენტაციით დაიწო.

[ისმის ხმაური]

ასეთი ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში “ინტელის” ტექნოლოგიათა გამოფენამ გამოიწვია. კომპიუტერის მოყვარული სტუდენტები თავს ეხვეოდნენ და აჭაშნიკებდნენ “ინტელის” პროცესორიან უახლეს პერსონალურ კომპიუტერებს თუ ლეპტოპებს.

ქართული საზოგადოებისთვის უცხო არ არის “ინტელის” პროცესორიანი კომპიუტერები. უფრო მეტიც, “ინტელის” პროცესორებს მთლიანად დაპყრობილი აქვს საქართველოს ბაზარი, თუმცა ოფიციალურად ”ინტელმა” საქართველოს მიმართ ინტერესი მხოლოდ ახლა გამოავლინა. და თუ რატომ, ამ შეკითხვით მივმართე საქართველოში “ინტელის” პრემიერ პროვაიდერის, ”მაქსტოპის”, ხელმძღვანელს მინდია ქაშიბაძეს.

[მინდია ქაშიბაძის ხმა] ”ეს ისეთი კითხვაა, რომელიც ჩვენც ძალიან გვაინტერესებს - რატომ აირჩია საქართველო. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში უკვე რამდენიმე წლის წინ შევიდნენ. ჩვენთან, სამწუხაროდ, არ იყვნენ შემოსული და განსაკუთრებული ორიენტაცია და აქცენტი აღებული იქნა მას შემდეგ, რაც “ვარდების რევოლუცია” მოხდა. ეტყობა, ეს მომენტი ძალიან აინტერესებთ და თვლიან, რომ რაღაც სტაბილურობისაკენ მიდის ქვეყანა.”(სტილი დაცულია)

საქართველოში “ინტელის” გეგმებზე შეკითხვა დავუსვი მის წარმომადგენელს ყაზახეთში, ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში კირილ ტოკარევსაც.

[კირილ ტოკარევის ხმა] ”პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და გავაფართოებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან. ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ ადგილობრივ კომპანიებს. ისინი ჩვენი კონკურენტების პროდუქციას ჩვენსას ამჯობინებენ და ვფიქრობთ, კომპანია “ინტელი” ვალდებულია მათ დაეხმაროს თავიანთი მიზნების განხორციელებაში.”(სტილი დაცულია)

“ინტელის” პროგრამათა შორის აღსანიშნავია სასწავლო პროგრამები. შარშან ამ კორპორაციამ საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებაში 700 მილიონ დოლარზე მეტი დააბანდა. აქედან საქართველოში 1 ცენტიც არ დახარჯულა.

“ინტელის” მენეჯერები საქართველოში სხვადასხვა პროგრამების განხორციელების გადაწყვეტილებას მოგვიანებით, საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, მიიღებენ.

მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის კორპორაციის ისტორიისა და სამომავლო გეგმების გასაცნობად მცირე კონფერენციაც მოაწყვეს. კონფერენცია რუსულ ენაზე გაიხსნა, რამაც სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია.

[ისმის სტუდენტის ხმა] ”... რატომ არის რუსულ ენაზე წარწერები, რატომ არის რუსულად ლაპარაკი... [ტაში] მე კირილიცას ვერ ვკითხულობ, ვერც ლათინურს...”

“ინტელის” ქართველმა პარტნიორებმა, რომლებიც აქ, საქართველოში, ურთულესი ტექნოლოგიის მქონე ლეპტოპებს აწარმოებენ, ბოდიში მოიხადეს: წარწერების ქართულად დაბეჭდვა ვერ მოვასწარითო. როგორც ჩანს, ქართული ბაზრის ამ თავისებურების გაუთვალისწინებლად, “ინტელის” საქართველოში ოფიციალურად დამკვიდრებას ბევრი შეეწინააღმდეგება.
XS
SM
MD
LG